ბრაზილიელმა სწავლულებმა, პარანას უნივერსიტეტიდან, გაარკვიეს, რომ ადამიანები პარტნიორებად ირჩევენ მათ, რომელთა გენომის ორგანიზაციაც საკუთარისგან განსხვავებულია. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მეუღლეებს უფრო ხშირად აქვთ გენეტიკური განსხვავება დნმ-ის ნაწილში (რომელიც იმუნურ სისტემას აკონტროლებს), ვიდრე შემთხვევით პარტნიორებს. სპეციალისტებმა 90 ცოლ-ქმრისა და შემთხვევით ამორჩეული 152 საკონტროლო წყვილის გენეტიკური მონაცემები შეადარეს. აღმოჩნდა, რომ დაქორწინებულ ადამიანებს გენომში (ჰისტოშეთავსების მთავარ კომპლექსში, რომელიც გავლენას ახდენს შთამომავლობის ჯანმრთელობაზე) უფრო მეტი განსხვავება აქვთ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, ასე ავლენს თავს განსაკუთრებული ევოლუციური სტრატეგია, რომელიც ჯანმრთელი მემკვიდრეების გაჩენის გარანტიას იძლევა. თუმცა, მკვლევარები ვერ გარკვეულან, რა სიგნალები იზიდავს ერთმანეთთან გენეტიკურად განსხვავებულ ადამიანებს. შესაძლოა, აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხეულის სუნი და სახის სიმეტრია.