Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

სამწუხაროდ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, ერთა ლიგაზე ჯგუფის მოგება ვერ მოახერხა, სტუმრად ჩეხეთთან დამარცხდა და საბოლოო ჯამში, მესამე ადგილზე გავიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს გუნდს, B ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევს ბრძოლა, თუმცა ახლა, უფრო საინტერესო 13 დეკემბერს გასამართი წილისყრაა. საქართველოს ნაკრებს, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ბრძოლა კიდევ შეუძლია, ამჯერად, საკვალიფიკაციო ეტაპიდან, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ერთა ლიგისგან განსხვავებით, აქ ბევრად სერიოზული მეტოქეები გვეყოლება. მანამდე კი, ის ვთქვათ, რომ B-ჯგუფში დასარჩენ მატჩში ჩვენი მეტოქე სომხეთის ეროვნული გუნდი იქნება. 
სომხებს წილისყრის შდეგი არ მოეწონათ, აქაოდა, ყველაზე რთული მეტოქე გვერგოო, თუმცა, დაგვეთანხმეთ, რომ ქართულ-სომხური დაპირისპირება ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. სომხეთს 2025 წლის 20 მარტს ვსტუმრობთ, 3 დღეში კი, 23 მარტს, თბილისში ვმასპინძლობთ და ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული B-ჯგუფში იასპარეზებს. ჰო, დისკვალიფიკაციის გამო, პირველ შეხვედრაში ჩვენს ნაკრებს კაპიტანი გურამ კაშია და ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება.


აი, მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა კი 13 დეკემბერს გაიმართება და საქართველო მესამე კალათაშია განთესილი. შესაბამისად, ერთი მეტოქე პირველი კალათიდან შეგვხვდება, მეორე - მეორე კალათიდან, მესამე კალათაში ჩვენ ვართ, მეოთხე  კალათიდანაც გვეყოლება მეტოქე და ასე შეივსება ჯგუფი. მეხუთე კალათაშიც არიან ნაკრებები, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს, მარტში, პლეი-ოფის თამაშები უწევს, ჩვენი ნაკრები აუცილებლად 4-გუნდიან ჯგუფში მოხვდება. ასევე, გადაწყვეტილია, რომ მეორე კალათის ნაკრებები - შვედეთი, უელსი, პოლონეთი, რუმინეთი, ნორვეგია და ჩეხეთი, 5-გუნდიან ჯგუფებში იქნებიან ანუ მეორე კალათიდან ესენი არ შეგვხვდებიან. შესაბამისად, ჩვენი ნაკრების მეტოქე მეორე კალათიდან უკრაინა, თურქეთი, უნგრეთი, სერბეთი, საბერძნეთი ან სლოვაკეთი იქნება. მეოთხე კალათიდან კი, ჩვენ აუცილებლად ბულგარეთი, კოსოვო, ან სომხეთი შეგვხვდება, დანარჩენები 5-ნაკრებიან ჯგუფებში იასპარეზებენ. ახლა, კალათების მიხედვით განთესილ ნაკრებებს გაგაცნობთ და წილისყრამდე თავად შეაფასეთ, რომელი კალათიდან, რომელი მეტოქე გვაწყობს.
პირველი კალათა: საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, გერმანია, პორტუგალია, იტალია, ხორვატია, ბელგია, ავსტრია, დანია.
მეორე კალათა: თურქეთი, უკრაინა, სერბეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, საბერძნეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უელსი.
მესამე კალათა: საქართველო, სლოვენია, შოტლანდია, ბოსნია, ფინეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ისლანდია, მონტენეგრო, ისრაელი, ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია.
მეოთხე კალათა: ლუქსემბურგი, ბულგარეთი, სომხეთი, ყაზახეთი, კოსოვო, ესტონეთი, აზერბაიჯანი, კვიპროსი, ლიეტუვა, ფარერები, ლატვია, ბელორუსი.
მეხუთე კალათა: მოლდოვა, ანდორა, მალტა, გიბრალტარი, ლიხტენშტეინი, სან მარინო.