საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და 2012 წლიდან, ამ ქვეყანაში ყველას აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, თუმცა, სამწუხაროდ, გუშინდელი პროტესტი ძალიან მალე გასცდა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აქტიურობდნენ რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც სამართალდამცავებს მძიმე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
„აშკარაა, რომ ეს ძალადობრივი დაჯგუფებები ძალადობისთვის დეკემბრის მეორე ნახევრისთვის ემზადებოდნენ, თუმცა, მათ ამ შემთხვევაშიც დავასწარით და დასაგროვებელი რესურსი აქაც წინასწარ გავანიავებინეთ. მომიტინგეების ძალადობის შედეგად, დაშავდა 32 პოლიციელი, საიდანაც 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სამწუხაროა, რომ ასევე ამ ძალადობის შედეგი იყო მშვიდობიანი მომიტინგეების დაზიანებაც, მათ შორის ჟურნალისტების დაზიანებაც, რაც უკიდურესად სამწუხაროა. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლებმაც პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა და დაამყარეს წესრიგი რუსთაველის გამზირზე. ყველას მინდა შევახსენო, რომ ყველა კანონდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი.
მინდა, გამოვეხმაურო გუშინ განვითარებულ მოვლენებს. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მმართველი პარტიის სახელით გაიმართა ბრიფინგი, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ტრადიციული ევროპული ფასეულობებისა და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, 2028 წლისთვის შევასრულოთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი. სწორედ აღნიშნული ვალდებულებების შესრულება არის გზა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისკენ. გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საზოგადოებას, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
იმავდროულად, ჩვენ გავახმოვანეთ ჩვენი გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი ვთქვით ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. ამის საუკეთესო დასტურია მონტენეგრო და სერბეთი, რომლებსაც მოლაპარაკებები შესაბამისად 2012 და 2014 წელს გაუხსნეს, თუმცა, ამას ევროკავშირში მათი გაწევრიანება ოდნავადაც არ დაუჩქარებია. ამის საუკეთესო ასევე მაგალითია თურქეთიც, რომელსაც მოლაპარაკებები 2005 წელს გაუხსნეს, თუმცა, 2016 წელს საერთოდ შეუწყვიტეს. ამ ფონზე, მით უფრო მიუღებელია, რომ სრულიად არაფრისმომცემი მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ჩვენი ქვეყნის შანტაჟისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად გამოიყენება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან დროებით მოხსნას ექნება ერთადერთი პრაქტიკული შედეგი - ამ საკითხს ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვეღარავინ გამოიყენებს
საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, ხელოვნური ინსტრუმენტებით განაგრძოს ჩვენი ქვეყნის შანტაჟი და საზოგადოების გახლეჩის გამუდმებული მცდელობა და ამავდროულად გადავდგამთ ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დაფინანსების თემა არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მცდელობისთვისაც იქნა გამოყენებული. ამ ფონზე, საბიუჯეტო გრანტებზე უარსაც ერთადერთი პრაქტიკული შედეგი ექნება - ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვერც ამ საკითხს ვეღარავინ გამოიყენებს.
კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ გამუდმებული შანტაჟი ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნის საკითხით და ხან საბიუჯეტო დაფინანსებით, შეურაცხყოფს ჩვენს საზოგადოებას და აზიანებს ევროკავშირის რეპუტაციას. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ შანტაჟის მთავარი ინსტრუმენტების განეიტრალებას არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა და არავითარი ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, გუნდის გადაწყვეტილებას მოჰყვა დეზინფორმაციული კამპანია სიცრუის მთავარი გამავრცელებლების - რადიკალური ოპოზიციის, მასთან დაკავშირებული „ენჯეოების“ და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან.
„მათ საზოგადოებას უთხრეს ტყუილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიც. თუმცა, იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი. ბატონი პაველ ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი თურმე საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა. გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება. საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.