Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

ქართველ სამართალდამცავებს რომ ჰკითხო, ყველაფერი იდეალურად იქნებოდა, ხელისუფლებამ არასრულწლოვნების მიმართ კანონმდებლობა რომ გაამკაცროს და ნარკოლიბერალიზაციას მოუხერხოს რამე. ვაღიაროთ, რომ ნარკოლიბერალიზაციის გამო, საქართველომ სერიოზული ზარალი ნახა და ეს ზარალი ჩვენს გენოფონდზე აისახება. რამდენიმე ასეულს გასცდა უკვე იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც ნარკოლიბერალიზაციის შემდეგ, ნარკოტიკებს გაუთამამდნენ და ზედოზირების შედეგად გარდაიცალნენ. ბოლო შემთხვევა გასულ კვირას მოხდა - თბილისში, 23 წლის ლაშა მინდელი და 26 წლის, სამი შვილის დედა, ელენე ძინძიბაძე იპოვეს გარდაცვლილები. როგორ გგონიათ, ამ ახალგაზრდებს ჰქონდათ სიკვდილის სურვილი? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ სწორედ ნარკოლიბერალიზაციის გამო, ისინი „მიეპარნენ“, სავარაუდოდ, ჯერ მსუბუქ ნარკოტიკს, შემდეგ გაუთამამდნენ, უფრო ძლიერი გასინჯეს და.. დარჩა სამი არასრულწლოვანი დედის გარეშე, დედისერთა ბიჭის მშობლები კი - შვილის გარეშე...

სამწუხაროდ, ნარკოტიკების შეძენა საქართველოში (არც სხვაგან) პრობლემას აღარ წამოადგენს. ინტერნეტ-აპლიკაციით, მარტივად შეგიძლია შეიძინო, გადაიხადო კრიპტო-ვალუტით და ვერავინ იპოვის ვერც გამყიდველს და ვერც - მყიდველს. რაც უნდა რესურსი გამოყოს შსს-მ და რაც უნდა IT-სპეეციალისტები დაამატოს, აპლიკაციების დაბლოკვას და გაუქმებას ვერ მოახერხებს, ისინი ისე მრავლდებიან, როგორც სოკო - ნაწვიმარზე და რაც მთავარია, თითოეულის გამოვლენა-დაბლოკვას გარკვეული პერიოდი სჭირდება (დღეები), შექმნას - ერთი საათი. ამიტომ, შსს-ს დადანაშაულება ცოტა უადგილოა და ზოგადად, შსს-ს თანამშრომლებს უბრალოდ ვერ დავადანაშაულებთ, იმიტომ რომ...
„ვხედავთ, ღამე როგორ დადიან ქუჩებში ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არასრულწლოვნები და ვერაფერს ვაკეთებთ, რადგან დაკავებას აზრი არ აქვს. ჯერ ერთი, არასრულწლოვანია და სასჯელს არავინ მისცემს და მეორეც, ნარკოლიბერალიზაციის გამო, მეორე დღეს გარეთ იქნება, ისევ იმ ქუჩაზე ამოივლის და რომ დაგვინახავს, შეურაცხყოფას მოგვაყენებს, ცოცხალ-მკვდარს გვაგინებს და ჩვენ ისევ ვერაფერს ვეტყვით სწორედ იმის გამო, რომ არასრულწლოვნების დასჯაზე კანონი არ არსებობს. ასე ვკარგავთ თაობებს და რაც მთავარია, ვერაფერს ვაკეთებთ.
გაამკაცრეთ კანონი, გააუქმეთ ეს ნარკოლიბერალიზაცია და მერე ნახავთ, რა შეუძლია პოლიციას. ასე კი ყველაფერს აზრი ეკარგება“, - გვეუბნება არაერთი სამართალდამცავი და ისინი მართლები არიან.
„ღამე მუდმივად ვპატრულირებთ, დავდივართ და საჭმელად თუ გავჩერდით, რომელიმე არასრულწლოვანი, ღამის 2-3 საათზე მოდის და გინებას გვიწყებს. ხელს შეახებ და ცალკე არასამთავრობოები შეგჭამენ, ცალკე - სახალხო დამცველის აპარატი. დაკავებით ვერ აკავებ და, უბრალოდ, მანქანას ვქოქავთ, იმ ადგილს ვტოვებთ და უკნიდან გინება გვესმის. ეს არის მწარე რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ“, - ესეც სამართალდამცავის მონაყოლია.
ახლადარჩეული პარლამენტის წევრებმა წინასაარჩევნოდ პირობა დადეს, რომ გააუქმებდნენ ოპოზიციურ პარტიებს, რომ კონსტიტუციაში გააკეთებდნენ ჩანაწერს ოჯახური ღირებულებების შესახებ, მაგრამ არავის ხმა არ ამოუღია არც ნარკოლიბერალიზაციის გაუქმებაზე, არც - არასრულწლოვნების მიმართ რამე ფორმით სასჯელის შემოღებაზე. არადა, დრომ გვიჩვენა, რომ ამის გაკეთება აუცილებელია, თან რაც შეიძლება, მალე.
როგორ გგონიათ, მხოლოდ ეს ორი ახალგაზრდა დაიღუპა ბოლო დღეების, თუ კვირა-კვირების განმავლობაში? არა, მსხვერპლი ბევრად დიდია, განსაკუთრებით რეგიონებში, მაგრამ ხმამაღლა ამაზე არავინ საუბრობს, არც ოჯახები ცდილობენ ყვირილს, სირცხვილის გრძნობა წვავთ, იციან, რომ ეს არ არის კარგი, რომ ეს არ არის მისაღები და ამიტომ, საკუთარ მიცვალებულს ჩუმად მარხავენ. არც ადგილობრივ ხელისუფლებას აწყობს ხმის ამოღება და ყვირილი, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მათ რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტში რაღაც ისე ვერ არის და ახალგაზრდები ნარკოტიკებს აქტიურად მოიხმარენ. არადა, რეალურად, ეს პრობლემა ყველგანაა, მაგრამ ხმის ამოღების აზრს ვერ ხედავს ვერავინ იმიტომ, რომ არ არსებობს პრევენციული ღონისძიება, რომელსაც გაატარებ და რაც მთავარია, არ არსებობს ბერკეტი, რომლთაც ეს პრობლემა მოგვარდება.
თუ გახსოვთ, წინა ხელისუფლების დროს, „მარიუხანას“ მოხმარების გამო, ადამიანებს ყველაზე ცოტა, 4-6 წლით უშვებდნენ ციხეში, თუმცა იყვნეენ ისეთებიც, რომლებიც „მარიხუანას“ გამო, სასჯელს 10 და მეტი წლით იხდიდნენ. იყო თუ არა ეს სასტიკი სასჯელი და არაპროპორციული? იმ გადმოსახედიდან ჩანდა, რომ იყო, მაგრამ ამ გადმოსახედიდან იცით, რა ჩანს? - ყველა, ვინც მძიმე ნარკოტიკზე გადავიდა, ამბობს, რომ ყველაფერი „მარიხუანას“ მოხმარებით დაიწყო და ეგონა, რომ ერთობოდა, მაგრამ მერე გართობამ სერიოზული სახე მიიღო და საბოლოო ჯამში, დასრულდა იმით, რითიც დასრულდა. აგერ, 23 და 26 წლის ახალგაზრდებმაც დაასრულეს ისე, როგორც არავის ვუსურვებთ, მაგრამ... სად არის გამოსავალი?
არ ვამბობ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლებს კვლავ „ლიანდაგივით სროკი“ ჩამოურიგონ, მაგრამ სულ დაუსჯელად მათი დატოვეება აღარ შეიძლება და არც ის გამოდგება არგუმენტად, ნარკომანი ავადმყოფია და დაჭერა კი არა, მკურნალობა სჭირდებაო. არის აგერ, მეტადონის პროგრამა და გულწრფელად მითხარით, ამ პროგრამით გამოჯანმრთელებული და ნარკოტიკების მოხმარებაზე უარის მთქმელი, ვინმე გინახავთ? ის, რომ მეტადონის პროგრამა არ ამართლებს, იქიდანაც ჩანს, რომ მეტადონს ჯერ აბებით არიგებდნენ, რომელსაც მომხმარებლები პირის ღრუში ინახავდნენ, გარეთ გამოსულები კი იმ მეგობრებს უნაწილებდნენ, რომლებიც ამ პროგრამაში არ იყვნენ. მერე აბები სქელი მასით შეიცვალა, პლასტელინის მსგავსი მასით, რომელსაც მეტადონის პროგრამაში ჩართულები კბილებზე იგლესდნენ, შემდეგ, გარეთ გამოსულები, იფხეკდნეენ და ისევ მეგობრებს უნაწილებდნენ. ახლა კი არის სითხე, რომლის დალევასაც ადგილზე აიძულებენ და თითქოს, ჯერჯერობით, ვერაფერი მოიფიქრეს, მაგრამ არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ნარკოდამოკიდებულებს ეს სითხე პირით გარეთ გამოაქვთ და ისევ მეგობრებს უნაწილებენ. ხომ ხვდებით, რაზე მიდიან ნარკოტიკების მომხმარებლები, რას სვამენ, რას ღეჭავენ იმისთვის, რომ „ლომკა“ არ ჰქონდეთ და ჩვენ კიდევ იმას ვამტკიცებთ, ვმკურნალობთ და ვშველითო.


ცალკე განხილვის თემააა არასრულწლოვნები. ხომ არ შეიძლება, ერთ არასრულწლოვანს 40-ზე მეტი ხელწერილი ჰქონდეს დაწერილი, რომ მეტს აღარ იზამს, აღარ დააშავებს, აღარ ჩატეხავს მაღაზიის ვიტრინას, არ მოიპარავს სიგარეტსა თუ ტკბილეულს იმის იმედად, რომ მას, უბრალოდ, ვერ დასჯიან?! ჰო, ვერ და ეს „ვერ“ არის მთავარი სიტყვა. თუ დაიჭერენ, იცის, რომ ორი საათის შემდეგ, დაახლოებით, ისეთი ხელწერილის დაწერა მოუწევს, როგორიც კუკარაჩას დაუწერეს, თავის დროზე, ვერელმა მოზარდებმა. მეტიც, არასრულწლოვანთა შორის, ერთგვარი შეჯიბრიც კი არის წერილების ოდენობასთან დაკავშირებით და რაც უფრო მეტი ასეთი ახსნა-განმარტება თუ პატიების წერილი აქვს დაწერილი არასრულწლოვანს, მით მეტი ავტორიტეტით სარგებლობს თანატოლებში.
„ელემენტარულად, იცით, რისი უფლება არ გვაქვს? ვთქვათ, დავაკავეთ არასრულწლოვანი და გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ის ნარკოტიკეების ზემოქმედების ქვეშაა. თუ ის უარს იტყვის ანალიზის ჩაბარებაზე (იგულისხმება სისხლის, ან შარდის ანალიზი), ჩვენ უფლება არ გვაქვს, მას ამის გაკეთება ვაიძულოთ ანუ ეჭვი რჩება ეჭვად, ამ დროს კი, სინამდვილეში, ზუსტად ვიცით, რომ ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაა და მტკიცებულება თუნდაც იმისთვის გვჭრდება, დავადგინოთ, სად და ვისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელი ნარკოტიკი მოიხმარა, მაგრამ... მისი ერთი უარი საკმარისია იმისთვის, რომ საერთოდ ვერაფერი გავიგოთ და კითხვაც კი ვერ დავსვათ“, - გვეუბნება სამართალდამცავი.
სამწუხაროდ, ყველაფერი ეს, ძალიან კარგად იციან არასრულწლოვნებმაც და ნარკოტიკების მომხმარებლებმაც. ისინი ამ ყველაფერს გადასარევად იყენებენ და პოლიციისთვის, ისედაც გართულებულ ძიების პროცესს, უფრო ართულებენ. სამართალდამცავები კვლავ აკავებენ ნარკორეალიზატორებს, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ რადგან გაზრდილია მოხმარება, გაზრდილია გამსაღებელთა რაოდენობაც და რაც მთავარია, გაზრდილია გასაღების გზებიც. ეგ კი არა და, „მარიხუანას“ მიწოდებაზე კურიერების მოძიება ოფიციალურად მიმდინარეობს და არავის არ ეშინია იმის, რომ „მარიხუანას“ ჰყიდის. მისი მოხმარებისთვის საჭირო „ინვენტარი“ კი ფეხის ყოველ ნაბიჯზე იყიდება, თუმცა არც ძირგახვრეტილი პლასტმასის ბოთლების ნაკლებობას ვუჩივით - განსაკუთრებით დილის საათებში, ასეთი ბოთლები მრავლად გვხვდება სანაგვე ურნებთან და ამაზე მეეზოვეებიც საუბრობენ, თუმცა როცა ძალოვანს აქვს ხელ-ფეხი შეკრული, მეეზოვე რას იზამს, ან რას შეცვლის?! ჰოდა, სანამ ასე იქნება, ნუ გაგვიკვირდება, თუ ზედოზირებით გარდაცვლილ ახალგაზრდებს სულ უფრო ხშირად ვიპოვით.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე