სისხლიანი ოჯახური დრამა - სასიყვარულო სამკუთხედის ნიშნებით
რამდენიც უნდა ვისაუბროთ, რომ სიყვარული ბრმაა (ხან ყრუ და მუნჯიც), მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ არცთუ იშვიათად (განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში), ქორწინება ერთგვარი გარიგება თუ ანგარებაა. ყველა ეძებს ისეთ ადამიანს, რომელსაც აქვს ბინა, თუნდაც მცირე ბიზნესი და ოჯახის რჩენა-შენახვის პრობლემა არ გააჩნია. დღესაც, არცთუ იშვიათად გაიგონებთ, რომ ოჯახის შენახვა მამაკაცის მოვალეობაა, მაგრამ საბედნიეროდ, წყვილების უმრავლესობა არა მარტო ერთად ზრუნავს ოჯახის ბიუჯეტზე, არამედ, ბავშვებსაც ერთად ზრდიან და აღარ არის ისე, რომ ბავშვი აუცილებლად დედის „პრობლემაა“. აი, ანგარებით გათხოვება, ან ცოლის მოყვანა თავიდანვე, ოჯახის შექმნის არამყარი საფუძველია და ასეთი ოჯახები ხშირად ინგრევა, მაგრამ ბევრი თანაცხოვრებას სიცოცხლის ბოლომდე ახერხებს.
პოლიციის ახალგაზრდა გამომძიებელს მეგობარი შეუჩნდა, გინდა თუ არა, ერთი საქმის გამოძიებაში დამეხმარეო. მისი თქმით, გოგო შეუყვარდა, რომელიც ოფიციანტად მუშაობდა და ერთ დღეს, როცა სამსახურთან ელოდა, უკანა კარიდან გამოსულ გოგოს ვიღაც კაცი გადაუდგა, ჯერ სახეში დაარტყა ისე, რომ მაშინვე დაბლა დააგდო, ხოლო მას შემდეგ, რაც ქალი დაეცა, სახეში ფეხი ორჯერ მიარტყა.
„მე ჯერ მოულოდნელობისგან გავშეშდი, მერე თავდამსხმელს ვეცი, მოვერიე, სახეშიც მაგრად ჩავარტყი, მაგრამ ჩემი გოგო ცხვირ-პირიდან სისხლს ასხამდა, უგონოდ იყო და მასთან მივედი, თავდამსხმელი კი გაიქცა. მერე საავადმყოფოში წავიყვანე, დაკითხეს, მეც გამოვკითხე, მაგრამ იფიცება, თავდამსხმელს არ ვიცნობო. მგონია, რომ არ იტყუება, მაგრამ... მასაც ახსოვს და მეც გავიგონე, რომ გამოსულს ჯერ სახელი ჰკითხა, შენ ხარო და მხოლოდ ამის შემდეგ დაარტყა. ამიტომ, მინდა ეს საქმე შენ გამოიძიო, რა მოხდა, რატომ მოხდა“, - ეაჯებოდა მეგობარი გამომძიებელს.
რადგან საქმე უკვე აღძრული იყო, გამომძიებელს მეგობრის დახმარება მხოლოდ იმით შეეძლო, რომ ამბავი მოეკითხა, სხვაგვარად ვერ ჩაერეოდა. მისმა კოლეგებმა ბევრი არაფერი იცოდნენ, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ზუსტად ემთხვეოდა ბიჭის მონაყოლს და სამწუხაროდ, არც მათ იცოდნენ, ვინ და რატომ გაიმეტა ქალი. რესტორანშიც ბევრი ვერაფერი თქვეს, მხოლოდ მზარეულმა „წამოაყრანტალა“, ეგებ, მაგისი ბებერი თაყვანისმცემლის ოინებიაო. „ბებერ თაყვანისმცემელზე“ არც ბიჭმა იცოდა რამე, არც გოგოს უთქვამს და ამიტომ, მზარეულს ჩაეძიენ, თუმცა ბევრი ხვეწნა არ დასჭირვებია, იმ კაცის სახელი და გვარი თქვა. გადამოწმების შედეგად, გაირკვა, რომ ეს კაცი ბიზნესმენი იყო, ცოლი, ორი შვილი და შვილიშვილები ჰყავდა. სამართალდამცავები მის სანახავად წავიდნენ, თუმცა...
„სამი დღის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა. ბიზნესმენი საკუთარი ოფისის აივნიდან გადმოვარდა. იქ იმყოფფებოდა მისი მეუღლე, რომელმაც ყველაფერი დაინახა. საწყალი, ადგილზე გარდაიცვალა და სასწრაფომ ვერაფერი უშველა“, - თქვეს მეზობლებმა და სამართალდამცავებიც მიხვდნენ, რომ ახლა, პანაშვიდებზე, რამეს გარკვევა შეუძლებელი იქნებოდა. სამაგიეროდ, ამ საქმის გამომძიებლის ნახვა არ იყო პრობლემა და მანაც მარტივად ახსნა:
„არანაირი კრიმინალი, კაცი თავად გადმოვარდა აივნიდან, ცოლი უყურებდა, რაღაც კაბელის გასწორებას ცდილობდა, აივანზე დაგებულ მეტლახზე ფეხი აუცურდა და გადმოვარდა. იმ დღეს, დილით წვიმა იყო და მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. ცოლი ქმართან იყო სამსახურში, მდივანს ხმაური არ გაუგია, მეტიც, ქალმა ჩაი მოითხოვა და როცა მდივანმა შეუტანა, ქალი სავარძელში იჯდა, ქმარი - აივანზე ეწეოდა და ისინი ძალიან მშვიდად საუბრობდნენ იმაზე, რომ მათი შვილი ორსულად არის და მალე კიდევ ერთი შვილიშვილი უნდა შემატებოდა ოჯახს“.
ძალოვნები უკან დაბრუნდნენ და შეეცადნენ, დაზარალებულისგან გაეგოთ მეტი. როცა მას გარდაცვლილ ბიზნესმენზე ჩამოუგდეს საუბაარი, თვალები აუცრემლიანდა, გავიგე, მაგრამ არ მეგონა, თუ ჩვენს დაშორებას ასე მძიმედ გადაიტანდა და თავს მოიკლავდაო.
„ჰო, მას ვხვდებოდი, მპირდებოდა, ცოლად მოგიყვანო, მაგრამ მერე სხვა გავიცანი, ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე და მივხვდი, რომ ყველაფერი ფული არ არის. ამიტომ, იმ დღეს სამსახურში მივედი მასთან და ვუთხარი, რომ ჩვენს შორის ყველაფერი მორჩა. ისიც ვუთხარი, რომ არ შემეძლო მისი დანაოჭებული სხეულის ფერება და ყოველდღე ამის ატანა. მითხრა, თავს მოვიკლავო, არ დავუჯერე და აგერ, შედეგიც - მართლა მოიკლა. მგონია, რომ ის ბიჭიც იმან გამოუშვა, შურისძიების მიზნით“, - განაცხადა გოგონამ.
სამართალდამცავებმა ერთმანეთს გადახედეს. გამორიცხული იყო, გარდაცვლილს ვინმეს გაგზავნა მოესწრო, რადგან ამ საუბრიდან მალევე, ის კაბინეტში ავიდა, სადაც ცოლი ელოდა, მერე კი გადმოხტა ანუ ის შეკვეთის მიცემას ვერ მოასწრებდა და რომც მოესწრო, შეკვეთის ამღები აუტკივარ თავს არ აიტკიებდა, თუ ფული აღებული ჰქონდა, შეირგებდა, თუ არა და, ვინ გადაუხდიდა? ამიტომ, ვერსია, რომ თავდამსხმელი გარდაცვლილის გაგზავნილი იყო, გამოირიცხა.
ამასობაში, რესტორნის ერთ-ერთი თანამშრომელი მივიდა გამომძიებლებთან და უთხრა, რომ ჩხუბის სცენა, შემთხვევით, ფანჯრიდან დაინახა, სანამ გარეთ გამოვიდა, მანამდე ყველაფერი დასრულებული იყო და... მან დაბეჯითებით თქვა, რომ თავამსხმელი იცნო და ის ინციდენტამდე ორი დღით ადრე... მზარეულს ესაუბრებოდა. რაღა თქმა უნდა, მზარეული დააკავეს.
„დიახ, ის კაცი მე მივაგზავნე, ჩემი ვალი აქვს, ფულს ვერ მიბრუნებდა და ვუთხარი, იმ გოგოს სახეს თუ დაუნგრევ, ვალს გამოგიქვითავ-თქო. რატომ? იმიტომ, რომ ათი წელია, რესტორნის მეპატრონეს ვხვდები, ათი წელია, გეგმებს ვაწყობ და უცებ, ეს გამოხტა საიდანღაც და ჩემს კაცს კურტუმო გაუქნია. ამას წინათ დავინახე, როგორ წამოარტყა უკანალზე და ამან გაპროტესტების ნაცვლად, გადაიკისკისა. ჰოდა, თავისი ადგილი მივუჩინე“, - თქვა მზარეულმა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. მან თავდამსხმელის ვინაობაც დაასახელა, ის წარსულში ორჯერ ნასამართლევი პირი აღმოჩნდა და რაღა თქმა უნდა, დააკავეს. დააკავეს მზარეულიც და საქმე შეიძლებოდა გახსნილად ჩათვლილიყო, როცა გამომძიებლებს კიდევ ერთი ქალბატონი ეახლა და...
„იმ კაცზე მთელი ამბები რომ არის ატეხილი, თითქოს გადმოვარდა. ჩემი თვალით დავინახე, როგორ იყო მიყრდნობილი ზურგით მოაჯირს, როგორ მივიდა ვიღაც ქალი მოსახვევად, როგორ მოიცილა კაცმა, როგორ ჰკრა იმ ქალმა ხელი და ბზრიალ-ბზრიალით გადმოაგდო. სახეზე ქალს ვერ ამოვიცნობ, მაგრამ ზუსტად მახსოვს, მწვანე შარფი ეკეთა“, - განაცხადა მან.
სამართალდამცავები ბიზნესმენის მდივანი ქალის დასაკითხად წავიდნენ. აინტერესებდათ, ვინ იყო იმ საბედისწერო დღეს მისული ბიზნესმენთან, მწვანე შარფით.
„მწვანე შარფი მის მეუღლეს უკეთია მუდმივად. სადღაც, მოგზაურობაში იყვნენ ერთად და ქმარმა ტირში მოიგო, იმის მერე არ იშორებდა, ჩემმა ქმარმა ჩემთვის მოინადირაო. ზოგადად, ქმარი ძალიან უყვარდა, ხშირად მოულოდნელად აკითხავდა, იჯდა, საათობით ელოდა, არ ეუბნებოდა, რომ აქ იყო ხოლმე“, - ნაღვლიანად თქვა მდივანმა. ძალოვნებმა ბიზნესმენის ქვრივს მიაკითხეს და როცა უთხრეს, რომ ჰყავდათ მოწმე, რომელიც ხელს დაადებდა და დაბეჯითებით იტყოდა, რომ ბიზნესმენი აივნიდან სწორედ მან გადმოაგდო, თავი ჩაღუნა და დაიწყო:
„მთელი ცხოვრება ჩემს ქმარს მივუძღვენი. ვიცოდი, რომ ხანდახან სადღაც გაძვრებოდა ხოლმე, მაგრამ ამასაც ვპატიობდი. იმ დღეს, აივანზე ვიდექი, როცა მოვიდა და იმ გოგოს ესაუბრებოდა. ყველაფერი გავიგონე და მივხვდი, რომ ჩემგან წასვლა უნდოდა... და როდის? როცა შვილიშვილებიც კი გვეყოლა? გული მეტკინა, ძალიან, ძალიან მეტკინა. მერე, როცა იმ გოგომ აუხსნა, რომ ბებერი იყო, რომ მასზე გული ერეოდა, ცოტა დავმშვიდდი. ამოვიდა ოთახში, არაფერი შევიმჩნიე, ჩაი მოვითხოვე, დავლიე. შვილიშვილზე ვისაუბრეთ, მალე ველოდებით და ის აივანზე იდგა, ეწეოდა, ეტყობოდა, რომ თითქმის არ მისმენდა, ფიქრებით იქ იყო, იმ გოგოსთან. ამიტომ, ვუთხარი, სანამ შვილიშვილი დაიბადება, ერთი კვირით სადმე ხომ არ დავისვენოთ-მეთქი და კბილებში გამოსცრა, დასვენება კი არა, სახლში მოსვლა აღარ მინდა, შენი ყურება აღარ შემიძლია, შემეშვი, თავი დამანებე, ცალკე გადავდივარო. ისეთი ტონით მითხრა, რომ მივხვდი, არ ხუმრობდა. მე ხომ მისი ყველა თვისება ვიცი და იმ ერთ წინადადებაში დავრწმუნდი, რომ ეს დასასრული იყო. ახლოს მივედი, თვალებში ჩავხედე და როცა სრული სიცარიელე დავინახე, ინსტიქტურად ხელი ვკარი. არ მეგონა, თუ გადვარდებოდა, მაგრამ... მოხდა ის, რაც მოხდა“, - დაასრულა მოყოლა ქალმა.
ავტორი-ბათო ჯაფარიძე