საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებია. ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეცვალა. ორშაბათს, 25 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრის პოტზე - მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრის პოსტზე - ანრი ოხანაშვილისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე - დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა. შესაბამისად, „ვერსია“ სამივე ახალი მინისტრის ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ, თუმცა მანამდე, სამთავრობო ცვლილებების ოფიციალურ ნაწილს გაგაცნობთ.
ცვლილებების ოფიციალური ვერსია
მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ მინისტრობის კანდიდატების წარდგენამდე, აწ უკვე ყოფილ მინისტრებს - ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.პრემიერის განცხადებით, თითოეულმა მათგანმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის მიერ, ბოლო წლების განმავლობაში, მიღწეულ წარმატებებში.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს (25 ნოემბერს), საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად შედის საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა. გვაქვს გარკვეული ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში. ეს ცვლილებები შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ვიდრე წარდგენაზე გადავალ, მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის. თითოეულმა მათგანმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ წარმატებაში, რომელიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას გასული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ სამივე მათგანი განაგრძობს საქმიანობას მაღალ თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში, რასთან დაკავშირებითაც დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ“, -აღნიშნაკობახიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე პრემიერმა მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურა წარადგინა და განაცხადა, რომ ოც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ის დიპლომატიურ სფეროში წარმატებით საქმიანობდა.
„წარმოგიდგენთ საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურას, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს - ეს გახლავთ მაკა ბოჭორიშვილი. მას, ისევე, როგორც სხვა კანდიდატურებს, არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ მაკა ბოჭორიშვილს აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში. ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ის თავის საქმიანობას ახორციელებდა ძალიან დიდი წარმატებით, დიპლომატიურ სფეროში, 1999 წლიდან 2020 წლამდე. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლიდან, ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მისმა საქმიანობამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ამ წლების განმავლობაში, ქვეყანას ჰქონდა კონკრეტული წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, ქვეყანა მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მაკა ბოჭორიშვილის საქმიანობასაც. პროფესიით, მაკა ბოჭორიშვილი არის იურისტი, მას ასევე დამთავრებული აქვს დიპლომატიური აკადემია, აქვს შესაბამისი განათლება, შესაბამისი გამოცდილება, ფლობს რამდენიმე უცხო ენას, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. მინდა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარმოგიდგინოთ მაკა ბოჭორიშვილი და მისი კანდიდატურა წარდგინება დღეს პარლამენტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი წარადგინა. მისივე თქმით, ანრი ოხანაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იურისტია საქართველოში, რომელმაც განათლება მიიღო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, გერმანიაში.
„ანრი ოხანაშვილს არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, იგი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო, პროფესიონალი იურისტი საქართველოში. მას აქვს მიღებული ძალიან ღრმა განათლება ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ დამთავრებული აქვს მაგისტრატურა იენის უნივერსიტეტში, გერმანიაში და ასევე სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული გერმანიაში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 2017 წლიდან, ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი, წლების განმავლობაში, იკავებდა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას და ყველა მიმართულებით იყო ძალიან წარმატებული თავის საქმიანობაში. ანრი ოხანაშვილი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან კარგი იუსტიციის მინისტრი, მინდა წარმატებები ვუსურვო იუსტიციის სამინისტროში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად, ირაკლი კობახიძემ დავით სონღულაშვილი წარადგინა. როგორც მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განაცხადა, დავით სონღულაშვილი არის პროფესიონალი და მას განათლება მიღებული აქვს ეკონომიკის მიმართულებით.
„მინდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად წარმოგიდგინოთ დავით სონღულაშვილის კანდიდატურა და არცმას სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. დავით სონღულაშვილს აქვს ღრმა განათლება შესაბამის სფეროში, ბიზნესის, ეკონომიკის მიმართულებით, მას დამთავრებული აქვს კავკასიის ბიზნეს სკოლა და გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლა. ის არის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი, გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი უკვე მრავალი წელია. სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარე, მათ შორის ევროინტეგრაციის კომიტეტის, ის იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, მანამდე ძალიან წარმატებულ საქმიანობას აწარმოებდა კერძო სექტორსა და სახელმწიფო სამსახურში. დავით სონღულაშვილი არის პროფესიონალი და დარწმუნებული ვართ, რომ ის იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში“, -აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ წარდგენილ კანდიდატებს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ ახალი მინისტრების ხელმძღვანელობით, ძალიან დიდი წარმატება გვექნება ყველა მიმართულებით:
„ქვეყანას ექნება წინსვლა კონკრეტულად იმ მიმართულებებით, რომლებსაც უხელმძღვანელებენ ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანდიდატები. კიდევ ერთხელ, მადლობას გადავუხდი ილია დარჩიაშვილს, რატი ბრეგაძესა და ოთარ შამუგიას. მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო სამივე კანდიდატს“, -დასძინა პრემიერმა.
ახალი მინისტრების დეკლარაციები
დავიწყოთ ანრი ოხანაშვილით, რომელმაც ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის 29 იანვარს შეავსო.დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ჰყავს მეუღლე - მაკა ხოდელი და სამი შვილი - მარიამი, ანა და ნუცა.
მაკა ხოდელის 100%-იან საკუთრებაშია 800 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი თბილისში, გრიგოლ ფერაძის პირველი ჩიხის #16-ში. დეკლარაციაში მითითებულია, რომ მიწის ეს ნაკვეთი დეპუტატის მეუღლეს 2018 წელს აჩუქეს.
2019 წელს, მსუბუქი ავტომობილის გასხვისებიდან 9 500 აშშ დოლარი მიუღია, 2002 წლის დანაზოგი შემოსავლიდან - 4 000 ევრო, ხოლო მაკა ხოდელის მიერ, ვადიანი ანაბრიდან გამოტანილი თანხის ოდენობა 4 170.5 ევროა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ანრი ოხანაშვილის, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის წლიური შემოსავალია 53 449.92 ლარი, რომელშიც გათვალისწინებულია საპენსიო დაგროვებაც - 1 329.60 ლარი, ხოლო მისი, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტისა და ასოცირებული პროფესორის წლლიური შემოსავალი 7 017.95 ლარია.
მაკა ხოდელის, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის წლიური შემოსავალია 13 665.71 ლარი, რასაც 2023 წლის 14 ნოემბრიდან, ამავე შემოსავალში დაემატა თსუ იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის სახელფასო ანაზღაურება. ამ შემოსავალში გათვალისწინებულია საპენსიო დაგროვებაც - 339.94 ლარი.
მაკა ხოდელის, როგორც შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნეირებათა სამართლის ასოცირებული პროფესორის წლიური შემოსავალი 3 577.8 ლარი. დეპუტატის მეუღლე საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის - IRZ სისხლის სამართლის ქართულ-გერმანული ელექტრონული ლექსიკონის პროექტში მონაწილეობდამ სადაც ანაზღაურების სახით - 100 ევრო მიიღო, ამავე ფონდის ჟურნალისთვის სტატიის თარგმანში - 56 ევრო, ხოლო ამ ფონდის ჟურნალის საორგანიზაციო საკითხებში - 367 ევრო.
დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მაკა ხოდელს აქვს ვადიანი ანაბარი ლიბერთი ბანკში - 4 169.6 ევროს ოდენობით.
საერთაშორისო სამეცნიერო სამართლებრივი ფონდიდან - IRZ, ანრი ოხანაშვილს სამეცნიერო ჰონორარის სახით, 1 000 ევრო მიუღია, მის მეუღლეს კი თსუ-დან, სამეცნიერო მივლინების ჰონორარის სახით - 3 551 ლარი.
სამივე შვილის სწავლის საფასური დეპუტატს, დაახლოებით, 20 000 ლარამდე უჯდება.
***
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა დეკლარაცია 2024 წლის ივნისში შეავსო. დეკლარაციიდან ვიგებთ, რომმის საკუთრებაშია ორი ბინა თბილისში, რომელთაგან ერთი - 2019 წელს, 90 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი, ხოლო მეორე - მიმდინარე წელს, 180 000 აშშ დოლარად. მაკა ბოჭორიშვილი ფლობს მიწის ნაკვეთს წავკისში, რომლის ღირებულება 77 000 აშშ დოლარია.
გარდა ამისა, მის სახელზეა მემკვიდრეობით გადაცემული საცხოვრებელი სახლისა და მშენებარე ბინის 50%-იანი წილებიც.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი თიბისი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ფლობს 2 350 ლარს, 7 317 აშშ დოლარს, 29.27 ევროს, ანაბარზე - 700აშშ დოლარს; ასევე, BELFIUS-ის მიმდინარეზე - 372.41 ევროს, ხოლო ანაბარზე - 1 611.81 ევროს.
ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მაკა ბოჭორიშვილს, გასულ წელს, საპარლამენტო საქმიანობიდან ხელფასის სახით - 53 004 ლარი მიუღია.
***
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ დავით სონღულაშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის 31 იანვარს შეუვსია.
ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სონღულაშვილის მფლობელობაშია ტაბახმელაში, შავნაბადას ქუჩაზე მდებარე 1500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც 2007 წელს, 5000 ლარად შეუძენია, ასევე - 600 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი დაბა კოჯორში, ზაქარია ბაქრაძის I შესახვევში, რომელზეც განთავსებულია 76კვ.მეტრი ფართობის ავტოფარეხი და 227 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი,რომელიც 2016 წელს, 120 000 ლარად შეუძენია. ასევე, 336 კვ.მეტრი ფართობის ბინა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, რომელიც 2016 წელს, 400 000 ლარად შეიძინა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებზე დაფიქსირებულ მნიშვნელოვან თანხებს, დავით სონღულაშვილს აქვს 10 975 ლარის კრედიტი, ხოლო საბარათე ანგარიშზე - 3 275 ლარი. მის შვილს, ბიძინა სონღულაშვილს, ანაბარზე აქვს 55 657 ლარი, მეორე შვილს, სესილი სონღულაშვილს კი ანაბარზე - 6695 აშშ დოლარი.
დავით სონღულაშვილს დანაზოგის სახით აქვს 70 000 აშშ დოლარი და 15 000 ლარი.
ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომდავით სონღულაშვილი და მისი ოჯახის წევრები რამდენიმე კომპანიის მეწილეებიც არიან, თუმცა უმრავლესობაზე მითითებულია, რომ ამ ეტაპზე, ეს კომპანიები არ ფუნქციონირებენ. მინისტრობის კანდიდატის საკუთრებაშია 16.67%-იანიწილი შპს „დრაი ქლინინგ ჯორჯიაში“, თუმცა ამ კომპანიიდან შემოსავალი არ მიუღია, კომპანიის საქმიანობის სფეროა ქიმწმენდა და რეცხვა.
სონღულაშვილი 16%-ს ფლობს შპს „გამსახურდიას 5“-ში, რომლის საქმიანობის სფერო უძრავი ქონების გაქირავება და მართვაა. მიღებული შემოსავალი სონღულაშვილს არც ამ კომპანიიდან უფიქსირდება. 2016 წელს,ამ კომპანიამ 120 000 ლარი შესწირა„ქართულ ოცნებას“.
როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს, 2023 წელს, 52 559 ლარის შემოსავალი მიუღია.
მასვე, საქართველოს ბანკში აღებული აქვს 678 200 ევროს ათწლიანი სესხი, რომელშიც გადახდილი აქვს 88 887 ევრო. შვილების სწავლის საფასურში კი, დაახლოებით, 12 000 ლარი დაუხარჯავს.
ავტორი-მაკა რუხაძე