საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 692.03 მლნ ლარით, ანუ 1.17%-ით გაიზარდა და ოქტომბრის ბოლოს 60.06 მლრდ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 768.59 მლნ ლარით, ანუ 2.31%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 76.56 მლნ ლარით, ანუ 0.29%-ით შემცირდა.
ამასთან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.38 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 3.53%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 17.00 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის იმავე მაჩვენებელს 0.06%-ით აღემატება.
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.25%-ით, ანუ 380.13 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივლისის ბოლოსათვის 30.85 მლრდ ლარი შეადგინა. 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.73 პროცენტი შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით 0.633 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.