მსხვილი იაპონური სამშენებლო კომპანია - Shimizu Corp, პერსპექტიულ პროექტს ამუშავებს, რომლის განხორციელებაც კაცობიობის წარმოდგენას ალტერნატიულ ენერგეტიკაზე მთლიანად შეცვლის. პროექტი ითვალისწინებს მთვარის ეკვატორის გარშემო, ეგრეთ წოდებული, ენერგეტიკული სარტყლის შექმნას მზის პანელებისგან, რომელთა სიმძლავრეც რამდენიმე დიდი ქვეყნის ელექტროენერგიაზე მოთხოვნილებას დააკმაყოფილებდა. გეგმის მიხედვით, „სარტყლის“ ელექტროენერგიის გადმოცემა დედამიწაზე სპეციალური მიკროტალღური ან ლაზერული გადამცემებით მოხდებოდა. მთვარის ასეთ ელექტროსადგურს, თეორიულად, შეუძლია, წელიწადში 13 ათას ტერავატ ენერგიაზე მეტი აწარმოოს.

შედარებისთვის, აშშ-ში, 2011 წელს, დახლოებით, 4 ათასი ტერავატი ელექტროენერგია გამოიმუშავეს. რთული არ იქნება იმის გამოთვლაც, რომ მზის პანელებიანი ასეთი სარტყელი, ყოველგვარი სირთულის გარეშე, მთელ კონტინენებსაც მოამარაგებდა ენერგიით. მთვარეზე მზის ბატარეების ეფექტურობა რამდენიმე ასეულით მაღალია, ვიდრე დედამიწაზე და ეს იმის გამო, რომ ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ატმოსფერო გაცილებით შეთხელებულია. გარდა ამისა, შუქის გზაზე არავითარი წინაღობა არ არის - მთვარეზე ცა სუფთა და უღრუბლოა, თუმცა არის ერთი მინუსიც.

საქმე ის არის, რომ პროექტის რეალიზება საკმაოდ ძვირი დაჯდება. საკმარისია წარმოვიდგინოთ, რამდენი კოსმოსური ექსპედიცია იქნება საჭირო მთვარეზე საჭირო რაოდენობის მზის პანელების განსათავსებლად. ამის მიუხედავად, იაპონური კომპანია მაინც აგრძელებს მუშაობას და პროექტის განხორციელების დაწყების ვადაც კი დაასახელა - 2035 წელი.