რას წარმოადგენს შპს „დეილი“ და რა აკავშირებს კომპანიასთან ბიზნესმენ არჩილ გეგენავას?
ცეზარ ჩოჩელმა, მის მიერ დაფუძნებული კომპანია „ზედაზენი“ გაყიდა. ქართული ლუდის კომპანიის მფლობელის ცვლილება ოფიციალურად უკვე დაადასტურა კონკურენციის სააგენტომ. ცნობილია მყიდველის ვინაობაც - ამიერიდან, „ზედაზენის“ მფლობელი კომპანია „დეილია“, რომელიც მანამდე სუპერმარკეტების რამდენიმე მსხვილ ქსელს - „სპარს“, „იოლსა“ და „გვირილას“ ფლობდა. „ზედაზენის“ გარდა, ჩოჩელმა კიდევ ერთი კომპანია „მაგნიტიც“ გაყიდა და ეს კომპანიაც „დეილის“ საკუთრებაში გადავიდა. კომპანია „დეილის“ ოფიციალური მფლობელები არიან ბიზნესმენები - დავით კუხალაშვილი, ზურაბ ზაქარიაძე და არჩილ გეგენავა.
ცვლილებები საცალო ვაჭრობის ბიზნესში
სუპერმარკეტების ქსელმა „დეილი“, „ქართული ლუდის კომპანია“ და „რითეილ ინვესთმენთი“ანუ „მაგნიტი“ შეიძინა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ამ კონცენტრაციებე თანხმობაც გასცა.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), FMCG და სასმელების წარმოების ბაზარზე კონცენტრაციებზე თანხმობა გასცა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში საკითხი ეხება - შპს „დეილის“ მიერ შპს „რითეილ ინვესთმენთის“ 100%-იანი წილის შეძენას, ხოლო მეორე მეორე შემთხვევაში - შპს „დეილის“ მიერ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ აქციების 100%-ის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას:
„შპს „დეილის“ მიერ, შპს „რითეილ ინვესთმენთის“ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000-მდე კომპანია. ბაზრის სრული მოცულობა შეადგენდა 11.983 მილიარდ ლარს. განსახილველი კონცენტრაციების განხორციელებამდე, ბაზრის ყველაზე მსხვილი მონაწილის წილი არ აღემატებოდა 13%-ს.
არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) შეადგენს 461 ერთეულს, რომელიც კონცენტრაციის განხორციელების შედეგად იზრდება 581 ერთეულამდე. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად, კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს.
რაც შეეხება შპს „დეილისა“ და სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენი) საქმეს, კონცენტრაციაში მონაწილე მხარეები და მათთან დაკავშირებული ეკონომიკური აგენტები წარმოდგენილნი არიან, როგორც წარმოების, ასევე, საბითუმო დისტრიბუციისა და საცალო რეალიზაციის დონეზე. შესაბამისად, სააგენტომ ბაზარზე კონცენტრაციის დონე შეისწავლა სამივე მიმართულებით.
სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული პროდუქციის სეგმენტაციიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ ყურადღება გამახვილდა ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზეც. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე, 2023 წელს, მოქმედებდა 215 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 464 757 669 ლიტრს, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) - 2 590-ს. სააგენტოს პოზიციით, ბაზარი მაღალკონცეტრირებულია, თუმცა კონცენტრაციის ინდექსი მცირედით აღემატება ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის ინდექსის მაქსიმალურ მაჩვენებელს და იგი სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მდგომარეობით არ არის განპირობებული.
რაც შეეხება ლუდის ბაზარს, ამავე წელს, ბაზარზე მოქმედებდა 75 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 90 532 597 ლიტრს, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) - 1888 (ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია). სადისტრიბუციო მომსახურების ბაზრის მოცულობამ, 2023 წელს, შეადგინა 6 264 342 157 ლარი, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსმა (HHI) - 518.02 ერთეული, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.
შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრების სტრუქტურისა და კონცენტრაციის მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით, განსახორციელებელი კონცენტრაციები არსებით გავლენას კონკურენტულ გარემოზე არ მოახდენს“, -ვკითხულობთ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2024 წელს, GCCA-ის მიერ 47 644 კონცენტრაცია გადამოწმდა. საანგარიშო პერიოდში, 11 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. ამ დროისათვის, 3 კონცენტრაციაზე კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხის შეფასება მიმდინარეობს, ხოლო 6 კონცენტრაციის შესაძლო შეუტყობინებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.
„ქართული ლუდის კომპანია“, იგივე „ზედაზენი“ 2011 წელს დაფუძნდა. კომპანია სამეთვალყურეო საბჭოს მიერ იმართება. რაც შეეხება შპს „რითეილ ინვესთმენთს“, იგივე „მაგნიტს“, კომპანია 2017 წელს დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილისმფლობელია შპს „ჩოჩელი ინვესტმენტ გრუპი“.
სუპერმარკეტების ბაზრის ფინანსური ანალიზი
დავიწყოთ კომპანია შპს „დეილით“, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა და რომლის სტრატეგიასაც საქართველოს რეგიონებში სუპერმარკეტების ქსელების განვითარება წარმოადგენდა. ამ დროისთვის,კომპანია „დეილის“ 25.9%-იან წილს ფლობს ზურაბ ზაქარიაძე; 11.05%-იან წილს - დავით კუხალაშვილი; 7%-ს ფლობს - რუსუდან მაისურაძე; 1.05%-ს - მარინა პეტრიაშვილი; 25%-იანი წილის მფლობელია შპს „დიენეი კაპიტალი ინვესტი“, ხოლო 30%-ს ფლობს - შპს „ჰოლდინგ. ჯი“.
შპს „დეილი“, რომელიც უკვე „ზედაზენისა“ და „მაგნიტის“ ოფიციალური მფლობელია, ქართული სუპერმარკეტების ბაზარზე ერთ-ერთი, ყველაზე სწრაფად მზარდი ჯგუფია. 2024 წლის ზაფხულში, კონკურენციის სააგენტოსგან მან უკვე მიიღო თანხმობა „ფუდმარტის“ ანუ „სპარისა“ და „იოლის“ ქსელებთან კონცენტრაციაზე.
2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანია„დეილის“ აქტივები 129 მილიონ ლარს შეადგენს, გაყიდვები - 327 მილიონ ლარს. ამასთან, შარშან, ამ კომპანიას 5.4 მილიონი ლარის ზარალი მიუღია.
რაც შეეხება „ზედაზენს“, ამ კომპანიის აქტივების მოცულობა, 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 152 მილიონ ლარს შეადგენს,მისი შემოსავალი გასულ წელს 113.6 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი - 1.8 მილიონი ლარი იყო.
2023 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით,„მაგნიტი“ 349 სუპერმარკეტით იყო წარმოდგენილი, მისი მთლიანი გაყიდვები - 570 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 2.4 მილიონი ლარი იყო. კომპანიის აქტივები, გასული წლის მდგომარეობით, 245.5 მილიონ ლარს შეადგენდა.
არჩილ გეგენავა და შპს „დეილი“
2024 წლის აგვისტოში, შპს „დეილიმ“კომპანია „ფუდმარტის“ 100%-იანი წილი შეიძინა. იმავე პერიოდში, „დეილის“ 30%-იანი წილის მფლობელი გახდა კომპანია „ჰოლდინგ.ჯი“. შესაბამისად, „დეილი“ გახდა „ფუდმარტის“ შემადგენლობაში შემავალი ქსელების - „სპარისა“ და „იოლის“ მფლობელიც, ხოლო თავად ამ ქსელების დამფუძნებელი ბიზნესმენი, არჩილ გეგენავა „ჰოლდინგ.ჯი“-ს მეშვეობით, „დეილის“ 30%-იანი წილის მფლობელი გახდა.
აღნიშნული გარიგების შედეგად, „დეილის“ ჯგუფი საქართველოს სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელის მფლობელია.მეტიც, „დეილი“ ჯგუფი, რომელიც უკვე აერთიანებდა „დეილის“, „სპარის“, „იოლისა“ და „გვირილას“ ქსელებს, ახლა უკვე „მაგნიტს“და „ზედაზენსაც ფლობს.
კონკურენციის სააგენტოშიაცხადებენ, რომ ეს გაერთიანება მცირედით გაზრდის კონცენტრაციის დონეს, თუმცა მთლიანობაში, ბაზარი მაინც კონკურენტული იქნება.კონკურენციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წელს, FMCG ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას 12 000-მდე კომპანია ახორციელებდა. ბაზრის სრული მოცულობა კი 11.983 მილიარდ ლარს შეადგენდა.
განსახილველი კონცენტრაციების განხორციელებამდე,ამ ბაზრის ყველაზე მსხვილი მონაწილის წილი არ აღემატებოდა 13%-ს. არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) შეადგენს 461 ერთეულს, რომელიც ახალი გარიგების განხორციელების შედეგად, 581 ერთეულამდე იზრდება.
სააგენტოს შეფასებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად, „კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს.
ავტორი: მაკა რუხაძე