დემოკრატიული უკუსვლის შედეგად, საქართველო 2022, 2023 და 2024 წლებისთვის, ევროკავშირის დახმარების სახით გამოყოფილი თანხებიდან 121 მილიონ ევროს დაკარგავს. ესაა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომლის მიხედვით, 2021-2024 წლებში, საქართველომ ისარგებლა ევროკავშირის მიერ ყოველწლიურად გამოყოფილი 85 მილიონი ევროთი. თუმცა, ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად, დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ქვეყანამ 2022, 2023 და 2024 წლებში დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით.
დაკარგული თანხები თავდაპირველად განკუთვნილი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებისთვის ან მთავრობის და სახელმწიფო უწყებების ტექნიკური დახმარებისთვის. ეს თანხები გადანაწილდა სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) მხარდაჭერის გასაზრდელად რეგიონული პროექტებისთვის მთელ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ასევე, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებების სექტორების მხარდასაჭერად.
„ვერსია“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა ტიპის ეკონომიკურ დახმარებას უწევს ევროკავშირი საქართველოს და რეალურად, რა პროექტებს აფინანსებს ჩვენს ქვეყანაში. საჭირო ინფორმაცია, რომელსაც მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ, „ვერსიამ“ ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოიპოვა.
ევროკავშირი და საქართველო
ევროკავშირსა და საქართველოს ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც უფრო მჭიდრო პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. ამ მიზნის მისაღწევად, 2014 წლის ივნისში, ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში სრულად 2016 წლის ივლისში შევიდა. გარდა ამისა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე - DCFTA ხსნის ევროკავშირის ბაზარს ქართული ბიზნესებისა და პროდუქტებისთვის. ადამიანთა შორის უფრო მჭიდრო კონტაქტებისა და მობილობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტიდან მოქმედებს.
2022 წლის მარტში, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანის შემდეგ, იმავე წლის ივნისში, აღიარებულ იქნა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიენიჭა. ნახევარი წლის შემდეგ, 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „დე ფაქტო შეჩერდა“ კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებულ რეკომენდაციაში მოცემულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უკუსვლის გამო.
2024 წლის 17 ოქტომბერს, ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა და მოუწოდა საქართველოს გაეტარებინა დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.
ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი დონორია და ყოველწლიურად საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად, გრანტების სახით, დაახლოებით, 85 მილიონი ევროს ოდენობის თანხას გამოყოფს.
ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ მყარი ეკონომიკური ზრდა განიცადა, რომელიც ნაწილობრივ შესაძლო გახდა მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების საშუალებით, რაც მოიცავდა საგადასახადო მოსაკრებლების პროცედურების განახლებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ქვეყნის გახსნას უცხოური ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ბიზნეს-გარემოს გამარტივებას.
2014 წლის 27 ივნისს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ასოცირების შესახებ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის - DCFTA ჩათვლით. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ეს შეთანხმება განსაკუთრებული ტიპის შეთანხმებად არის მიჩნეული, რადგან მას აქვს ევროკავშირის შიდა ბაზარში ინტეგრირების ამბიციური ამოცანა. ეს რეჟიმი ზრდის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბაზარზე წვდომას უკეთესად მორგებული რეგულაციების საფუძველზე. DCFTA ასოცირების შეთანხმების მთავარი ღერძია და საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზებასა და დივერსიფიცირებას ეხმარება.
2014 წლის 1 სექტემბერს, დაიწყო შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების, მათ შორის DCFTA-ს ამოქმედება. ამ პერიოდისთვის, საქართველო უკვე სარგებლობდა შეღავათების ზოგადი სისტემით, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან, დაასრულა ამ პროგრამით სარგებლობა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა წლების განმავლობაში ვითარდებოდა, დღეს ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. DCFTA აღრმავებს საქართველოს ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირთან და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სახელმწიფო შესყიდვები, საერთო საბაჟო წესები, სურსათის ტექნიკური და სანიტარული სტანდარტები, ინტელექტუალური საკუთრების საკითხები და კონკურენციის წესები.
ევროკავშირი ხელს უწყობს მთავრობას ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერაში ხარისხის მართვის სისტემებისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის სისტემების ჩამოყალიბების გზით, რითაც სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველჰყოფს.
დღევანდელი ვაჭრობა ციფრებში
აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის მხარდაჭერის სამსახური ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, გამოავლინოს ახალი ბაზრის შესაძლებლობები იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისთვის. ეს პლატფორმა ეხმარება კომპანიებს, იპოვონ ახალი შესაძლებლობები, პოტენციური პარტნიორები და შეამოწმონ, თუ რა მოთხოვნები და პროცედურები არსებობს. ის ავსებს ბაზრებზე წვდომის მონაცემთა ბაზას, რომელიც ევროპულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, სავაჭრო შეთანხმებებიდან სარგებელი სრულად მიიღონ რთული სავაჭრო წესების პრაქტიკულ, ადაპტირებულ ინფორმაციამდე დაყვანის გზით.
ევროკავშირის ქვეყნები კვლავ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან და მათ მთლიან სავაჭრო ბრუნვაში, თითქმის 20.5%-იანი წილი უკავიათ. 2022 წლისთვის, საქართველოს მთლიან ექსპორტში წამყვანი წილი ევროკავშირის ქვეყნებს ეჭირა - 15,4%, შემდეგ არიან ჩინეთი - 13,2%, აზერბაიჯანი - 12%, რუსეთი - 11.5% და თურქეთი - 7.8%.
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ვაჭრობა საქართველოსთან (რომელიც 75-ე ადგილზეა), 2022 წლისთვის 0.1% -ს შეადგენს - 4.256 მილიარდი ევროს ღირებულებით.
2022 წელს, ევროკავშირის ექსპორტმა საქართველოში 3.23 მილიარდი ევრო შეადგინა. ძირითადი საექსპორტო საქონელი უმთავრესად არასასოფლო-სამეურნეო პროდუქციაა, როგორებიცაა მინერალური პროდუქცია, მექანიზმები, ხელსაწყოები და სატრანსპორტო აღჭურვილობა.
2022 წელს, საქართველოდან ევროკავშირში 1.026 მილიარდი ევროს ღირებულების საქონლის იმპორტი განხორციელდა.
მდგრადი განვითარება და მწვანე ეკონომიკა
კლიმატის ცვლილება და გარემოს მდგომარეობის გაუარესება სერიოზული საფრთხეა ევროპისა და მსოფლიოსთვის. ევროკავშირი ხელს უწყობს „ევროპული მწვანე გარიგების“ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს სამართლიან გადასვლას მდგრადი, რესურსების მხრივ ეფექტიანი და კლიმატის მხრივ ნეიტრალური ეკონომიკებისა და ენერგეტიკული სისტემებისკენ.
ევროკავშირი არის ლიდერი კლიმატის სფეროში და მისი მიზანია, 2050 წლისთვის, კლიმატის ნეიტრალიტეტს მიაღწიოს. საქართველოში ევროკავშირი მხარს უჭერს კლიმატის ცვლილების მოგვარების და ადაპტირების მცდელობებს, მათ შორის, EU4Climate პროექტის საშუალებით და მრავალი ინფრასტრუქტურული ინვესტიციის დაფინანსებით, რაც ხელს უწყობს სათბური გაზების ემისიების შემცირებას.
ევროკავშირი ასევე ხელს უწყობს და აჩქარებს ენერგოსექტორის გლობალურ გარდაქმნას. ამ მიზნით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის დანერგვის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, მაგალითად, ასობით საჯარო შენობის ენერგოეფექტურობის რეაბილიტაციაში ინვესტიციის განხორციელებით.
ბიომრავალფეროვნება აუცილებელია სიცოცხლისთვის, რადგანაც იგი უზრუნველჰყოფს ჩვენს კვებას, ჯანმრთელობას, მედიკამენტებს, მასალებს, დასვენებასა და კეთილდღეობას. ამ სფეროში ევროკავშირი ეხმარება საქართველოს, მაგალითად, დაცული ტერიტორიების განვითარებაში და წყლის რესურსების დაცვაში წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის სრულყოფის და წყლის ხარისხისა და ნაკადების მონიტორინგისთვის აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით.
მრავალი წლის განმავლობაში, ევროკავშირი მუშაობდა ბუნებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესებისა და კლიმატ-ნეიტრალური, რესურსების მხრივ ეფექტიანი და ცირკულარული ეკონომიკის მისაღწევად. საქართველოში ევროკავშირი, მაგალითად, მხარს უჭერს ნარჩენების გაუმჯობესებულ მართვას, პოლიტიკის შემუშავებას, როგორიცაა მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა, მდგრადი შეფუთვის ინდუსტრია კლასტერული განვითარების გზით და სხვა.
კვების მდგრად სისტემებზე გადასვლა არის მწვანე გარდაქმნის ძირითადი კომპონენტი, რომელიც სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მდგრადობას უზრუნველჰყოფს. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მუშაობას ამ სფეროში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო - ENPARD პროგრამების ფარგლებში.
ენერგოსექტორი, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ექსპერტული ცოდნით, რათა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს მიუახლოვდეს და ასევე პირდაპირ ეხმარება ბუნებრივი პარკების განვითარებაში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში, უფრო ეკოლოგიური ზრდის შესაძლებლობების განვითარებაში, ნარჩენების მართვის და წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში და ეკოლოგიური რისკებისა და ზემოქმედების უკეთესი მართვის მექანიზმების შექმნაში. ევროკავშირი აფინანსებს უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის, ნარჩენების მართვისა და ეკოლოგიური ტრანსპორტის სექტორებში.
ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირი მუშაობს ევროკავშირის ძირითად ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და კავშირების განვითარებაზე და ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების წინ წამოწევაზე. ეს ხელს უწყობს ელექტროენერგიის გადასახადების შემცირებას, გარემოს დაცვას და მომხმარებლებისთვისაც უკეთეს პირობებს ქმნის.
„გლობალური კარიბჭე“ საქართველოში
„გლობალური კარიბჭე“ არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს გონივრული, სუფთა და უსაფრთხო კავშირების განვითარებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში და ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში.
„გლობალური კარიბჭე“ სრულად შეესაბამება გაეროს 2030 წლის დღის წესრიგსა და მის მიზნებს მდგრადი განვითარებისთვის, ასევე, კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას.
„გლობალური კარიბჭე“ მიზნად ისახავს 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მობილიზებას მსოფლიოს მასშტაბით. 2024 წლის სექტემბრისთვის, ევროკავშირმა ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით (EIP) გათვალისწინებული „გლობალური კარიბჭის“ ფარგლებში, საქართველოსთვის, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების სახით 2.1 მილიარდი ევრო მოიზიდა.
„ევროპის გუნდის“ მიდგომის საშუალებით, „გლობალური კარიბჭე“ ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს და მათ ფინანსურ და განვითარების ინსტიტუტებს აერთიანებს იმისთვის, რომ მოახდინოს კერძო სექტორის მობილიზება ინვესტიციების მოსაზიდად ტრანსფორმაციული ზემოქმედების მიზნით.
„გლობალური კარიბჭე“ მოიცავს ხუთ მთავარ თემას (ციფრული ტექნოლოგიები, კლიმატი და ენერგია, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება და კვლევა).
საქართველოში „გლობალური კარიბჭე“ ძირითადად ხორციელდება შემდეგი ექვსი საფლაგმანო ინიციატივის მეშვეობით, რომელიც ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში არის შეტანილი:
კავშირები შავი ზღვით - ეს საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ საფლაგმანო ინიციატივის ფარგლებში არსებული ორი პროექტი - წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისა და წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განთავსება „გლობალური კარიბჭის“ პრიორიტეტული პროექტებია.
ეკონომიკის აღდგენა - 80 000 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს მხარდაჭერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებიდან - DCFTA) სარგებლის მისაღებად.
ციფრული კავშირი მოქალაქეებისათვის - 1000 სოფლის უზრუნველყოფა მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურით.
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება - თბილისში, 1 მილიონზე მეტი ადამიანისათვის უფრო სუფთა ჰაერი.
ენერგოეფექტურობა საცხოვრებელ შენობებში - ევროკავშირის ინვესტიციები რეგიონული და ორმხრივი პროექტების საშუალებით, გაზრდის ენერგოეფექტურობას. ენერგეტიკული სიღარიბის შემცირების გზით მოქალაქეებს ენერგიაზე ნაკლები ხარჯები და ცხოვრების უკეთესი ხარისხი ექნებათ.
ავტორი: მაკა რუხაძე