საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების სტატისტიკა გამოაქვეყნა

საპარლამენტო არჩევნების პოლიტიკური ბატალიები ეკონომიკაზე უკვე აისახა. წინასაარჩევნო აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) დიდი ოდენობით სავალუტო რეზერვები გაყიდა. ქვეყნის მთავარი ბანკირის, ნათია თურნავას განმარტებით, ამას თავისი სერიოზული მიზეზი ჰქონდა - ცალკეული მსხვილი ტრანზაქციების მხრიდან ლარის კურსზე ზეწოლის გასანეიტრალებლად, სებ-მა, მის ხელთ არსებული ერთ-ერთი ინსტრუმენტი გამოიყენა და სავალუტო რეზერვები გაყიდა. ერთი შეხედვით, ამ წმინდა წყლის ეკონომიკურ მოვლენას პოლიტიკური დებატების გარეშე არ ჩაუვლია. ეკონომიკის ოპოზიციონერი ექსპერტები თვლიან, რომ სავალუტო რეზერვების გაყიდვით, მთავრობამ წინასაარჩევნოდ, ლარის კურსი ხელოვნურად შეინარჩუნა. უფრო მეტი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის მთავარმა ბანკმა სავალუტო რეზერვების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. 

სავალუტო რეზერვების სტატისტიკა
საქართველოს სავალუტო რეზერვების სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში,სავალუტო რეზერვების მოცულობა 1 მილიარდი აშშ დოლარით ანუ 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.ამასთან, ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 627 მილიონი აშშ დოლარის ვარდნა განიცადა, რაც ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი შემცირებაა.საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ოთხ მილიარდიან ნიშნულზე ბოლოს 2022 წლის ივლისში იყო.
ოქტომბერში,სავალუტო რეზერვების კლების მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული ოთხი სავალუტო ინტერვენცია, 213 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვა და ამასთან, სავარაუდოდ, Bmatch-პლატფორმით დამატებითი ინტერვენციების განხორციელება იყო, თუმცა ამ გზით გაყიდული რეზერვების მოცულობის შესახებ სტატისტიკა მხოლოდ 25 ნოემბერს დაზუსტდება. იქამდე საჯაროა ინფორმაცია, რომ ოქტომბერში საქართველოს სავალუტო რეზერვები 627 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. 
2024 წლის 1 იანვარს, საქართველოს ოფიციალური სავალუტო რეზერვების მოცულობა 5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 31 ოქტომბერს, მისი მოცულობა 4.08 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც ათთვიან პერიოდში, რეზერვების 925-მილიონიანი შემცირებაა.
„წლის დასაწყისიდან, ჩვენი ჯამური ინტერვენციები, წმინდა გაყიდვები შეადგენს 540 მილიონ აშშ დოლარს, რაც მოაკლდა რეზერვებს. ეს არის ის თანხა, რაც რეზერვებსწმინდა ინტერვენციებით და Bmatch-ით განხორციელებული ინტერვენციებით მოაკლდა. აქვე შეგახსენებთ, რომ წინა წელს, ჩვენი წმინდა შესყიდვები 1.3 მილიარდი აშშ დოლარი იყო, დაახლოებით სამჯერ უფრო მეტი, ვიდრე წელს ჩვენ გავყიდეთ, საშუალება იყო ამისი და ამიტომ. შესაბამისად, იმის თქმა, რომ დიდი ზიანი მიადგა რეზერვებს, არის არასწორი“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის ცხრა თვეში, სებ-მა ინტერვენციებით და Bmatch-პლატფორმით გაყიდა 326.3 მილიონი აშშ დოლარი და იყიდა 329.5 მილიონი აშშ დოლარი. 
კითხვაზე, რა საჭიროა სავალუტო რეზერვები, პაუხი მარტივია - სავალუტო რეზერვებს ქვეყნის ცენტრალური ბანკი იყენებს ლარის კურსის რყევებისგან თავის ასარიდებლად - ვალუტის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, იყენებს საგარეო ვალების მომსახურებისათვისაც.
რაც მთავარია, სავალუტო რეზერვები აძლიერებს ქვეყნის ფინანსურ სანდოობას და ზრდის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას.

რეზერვების დონე და საინვესტიციო გარემო
სხვა ფაქტორებთან ერთად, Fitch-ის საინვესტიციო რეიტინგები, სწორედ ფინანსურ სანდოობას ზომავს და აჩვენებს, რამდენად სანდო, თუ სტაბილურია ქვეყნის საინვესტიციო გარემო.
რაც უფრო დაბალია ეს რეიტინგი, მით უფრო ნაკლებმიმზიდველია ინვესტორებისათვის, ამიტომ საინვესტიციო რეიტინგები ერთგვარგზამკვლევსაც კი წარმოადგენს  საერთაშორისო კომპანიების და პოტენციური ინვესტორებისათვის.
Fitch-ის ბოლო შეფასებებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB ნიშნულზეა. ეს ნიშნული „არასაინვესტიციოდ“ განისაზღვრება.
Fitch-ის შეფასებით, ქვეყანა „უფრო მეტად ინარჩუნებს სიმყარეს ეკონომიკაში ცვლილებებთან მიმართებით“.
ოქტომბერში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხჯერ გამართა სავალუტო აუქციონი - 8, 16, 23 და 25 ოქტომბერს, რომლის შედეგად, ჯამში, 213.4 აშშ მილიონი დოლარი გაყიდა.
„ეს გადაწყვეტილება განპირობებულია არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით.ეს, თავის მხრივ, აგვარიდებს ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას“, -ნათქვამია სებ-ის განცხადებაში, ერთ-ერთი ბოლო აუქციონის შემდეგ.
რას ნიშნავს ცალკეული მსხვილი ტრანზაქციები, რაც ლარის კურსს აწვება, ან ბოლო პერიოდში, სავალუტო ბაზარზე არსებული „მოჭარბებული გაურკვევლობა“, რომელიც ამ ზეწოლას აძლიერებს:
„ასეთ შემთხვევებში, სებ-ი ხელმძღვანელობს საკუთარი მანდატით და მონეტარული ინსტრუმენტებით, რითაც ხელს უწყობს ბაზრის მოლოდინებისა და ბაზარზე ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას“, - განმარტავსსებ-ი.

რას ნიშნავს ლარის მცურავი გაცვლითი კურსი?
ამ რეჟიმის ქვეშ მოქმედი გაცვლითი კურსი მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა შედის. 
საქართველოს ეროვნული ბანკი არანაირ გავლენას არ ახდენს გაცვლითი კურსის განსაზღვრის პროცესზე. ცხადია, რომ მსგავსი რეჟიმის არსებობის პირობებში, გაცვლითი კურსი ხასიათდება საგრძნობი მერყეობით, მაგრამ იმავდროულად, მოქნილობის გამო, იგი თამაშობს შოკების შემწოვ ფუნქციასაც.

როგორ დგინდება ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი?
ბუღალტრული და სხვა ოფიციალური მიზნებისათვის, ხშირად გამოიყენება ლარის ოფიციალური კურსი, რომელიც გაიანგარიშება ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით.
ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობა მიმდინარეობს საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში - „ბლუმბერგი“. სწორედ ამ სისტემაში დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება ლარის საშუალო შეწონილი კურსი აშშ დოლარის მიმართ, რომელიც ცხადდება ოფიციალურ გაცვლით კურსად, შემდგომი დღისთვის. სხვა ქვეყნის ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი განისაზღვრება საერთაშორისო ბაზრებზე, ან ემიტენტი ქვეყნის შიდა სავალუტო ბაზარზე (დღის სამი საათისათვის) არსებული კურსების კროს-კურსული გადაანგარიშების საფუძველზე. გადაანგარიშებისთვის საჭირო გაცვლითი კურსების შესახებ ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს „როიტერისა“და „ბლუმბერგის“ საინფორმაციო სისტემები და შესაბამისი ქვეყნების ცენტრალური ბანკები. ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გავრცელება ამ სისტემებიდან ხდება ავტომატურ რეჟიმში.
ინფორმაცია ოფიციალური გაცვლითი კურსების შესახებ ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, არა უგვიანეს გაანგარიშების დღის 17:00 საათისა.

რას ნიშნავს სებ-ის საერთაშორისო რეზერვები
ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქცია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვაა, რომელიც მისი ბალანსის ყველაზე მსხვილ აქტივს წარმოადგენს. საერთაშორისო სარეზერვო აქტივების დასაშვები შემადგენლობა განისაზღვრება ორგანული კანონით.
საერთაშორისო სარეზერვო აქტივების გაანგარიშდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით და ქვეყნდება თვის დამთავრებიდან მეშვიდე დღეს, ეროვნული ბანკის საიტზე.
საერთაშორისო რეზერვების მართვის ძირითად პრინციპებსა და სტრატეგიებს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. ძირითადი პრინციპებია, პირველ რიგში, უსაფრთხოება, შემდეგ ლიკვიდურობა და ბოლოს შემოსავლიანობა. შესაბამისად, საერთაშორისო რეზერვები განთავსებულია მხოლოდ მაღალი რეიტინგის მქონე სახელმწიფო და მულტინაციონალურ ფასიან ქაღალდებსა და ბანკების დეპოზიტებზე.

რატომ არ ხარჯავს სებ-ი სავალუტო რეზერვებს კურსის ფიქსირებისთვის
საქართველოში მოქმედებს მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უფრო მეტად, ვიდრე ეს ფიქსირებული კურსის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. 
აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის ამოცანას არ წარმოადგენს ლარის კურსის ფიქსაცია, შესაბამისად, არ ხდება ბანკის ჩარევა სავალუტო ბაზრის პროცესში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს კურსის მკვეთრ ცვლილებას.  

რას ნიშნავს ფიქსირებული კურსის რეჟიმი
საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი, რომელიც მიმოქცევაში 1995 წლიდან გავიდა, აშშ დოლარზე 1997 წლამდე იყო მიბმული - ამის მიზეზი გახლდათ ქვეყანაში მოქმედი ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმი. გაცვლითი კურსის მსგავსი პოლიტიკის პირობებში, ქვეყნის ვალუტა მიბმულია რომელიმე სხვა ქვეყნის ვალუტასთან, ან ვალუტების კალათასთან. იმ პერიოდისთვის, ფიქსირებული კურსის რეჟიმი სასურველ ალტერნატივას წარმოადგენდა, ვინაიდან ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის პირობებში, რაც ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებით იყო გამოწვეული, ისედაც შესუსტებული იყო ეროვნული ვალუტისადმი ნდობა და გაცვლითი კურსის მიბმა უზრუნველჰყოფდა კურსის სტაბილურობის შენარჩუნებას (აშშ დოლარის გაცვლითი კურსის შესაბამისად) და ნდობის აღდგენას.
1997 წლიდან, საქართველოში ამოქმედდა მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომლის პირობებში, გაცვლითი კურსის განსაზღვრა ხდება საბაზრო ძალების მიხედვით, მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთქმედებით. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო, როგორც თეორიული მოსაზრებები, ასევე, სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომელმაც აჩვენა რომ ჩვენი ქვეყნის მსგავსი წყობისთვის მცურავ გაცვლითი კურსის რეჟიმს უფრო მეტი უპირატესობები გააჩნია, ვიდრე ფიქსირებულ რეჟიმს.
ქვეყნისთვის ფიქსირებული კურსის რეჟიმი, ან საერთო ვალუტის შემოღება ოპტიმალური გამოსავალია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იძლევა მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტურობის მიღწევის საშუალებას. იმისთვის, რომ ეს პირობა რეალურად განხორციელდეს, საჭიროა, რომ მონაწილე ქვეყნებს შორის არსებობდეს კაპიტალისა და შრომის რესურსების მობილურობა, რისკის გაზიარების პრინციპი და ერთნაირი ბიზნეს-ციკლები. საქართველოსა და აშშ-ს შემთხვევაში კი, ეს წინაპირობები არ არის, შესაბამისად, არის საფუძველი იმისა, რომ ფიქსირებული კურსის რეჟიმი გახდეს ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ერთ-ერთი მიზეზი.
აშშ საქართველოს ერთ-ერთი მსხვილ სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ჩვენი ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობები ვრცელდება ბევრ სხვა ქვეყანაზე, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა ვალუტები და გაცვლითი კურსის რეჟიმები. შესაბამისად, ლარის კურსის დოლარზე მიბმა გამოიწვევს მის ფიქსირებას ერთი ვალუტის მიმართ და დარჩება ცვალებადი სხვა ვალუტების მიმართ. აქედან გამომდინარე, ლარის კურსის დაფიქსირება პრაქტიკულად შეუძლებელია. 
1990-იანი წლების ბოლოს, აზიის კრიზისმა აჩვენა, რომ დოლარის კურსის გამყარებამ გამოიწვია მასზე მიბმული ვალუტების გამყარებაც სხვა ვალუტების მიმართ, რომლებიც არ იყვნენ დამოკიდებულნი დოლარზე. წამყვანი ვალუტის გამყარების შედეგად შემცირდა მასზე მიბმული ქვეყნების კონკურენტუნარიანობა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და გამოიწვია ექსპორტის ვარდნა და იმპორტის მატება, რაც იწვევს სავაჭრო ბალანსის გაუარესებას. მსგავსმა პრობლემამ იჩინა თავი, როგორც ბალტიისპირეთის, ასევე,ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყნებშიც. ფიქსირებული გაცვლითი კურსის არსებობის პირობებში, მსგავსი რისკის წინაშე დადგება საქართველოც, როცა რეალური გაცვლითი კურსის გამყარება არ იქნება მხარდაჭერილი ქვეყანაში მიმდინარე ფაქტორებით.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფიქსირებული გაცვლითი კურსის პირობებში, ფერხდება ეფექტური და დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა. მაგალითად, რეცესიული ეკონომიკის პირობებში, როდესაც საჭიროა ეკონომიკის წახალისება და ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის გატარება, როგორც ეს საქართველოში მოხდა 2008-2009 წლებში, დოლარზე მიბმული კურსის არსებობა შეზღუდავდა ეროვნული ბანკისა თუ მთავრობის ღონისძიებების არეალს და შეამცირებდა მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელობას, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია ერთდროულად ორ აგრეგატზე - ფულის მიწოდებასა და გაცვლით კურსზე ზემოქმედება. გარდა ამისა, როცა საქართველო და აშშ იმყოფება ბიზნეს-ციკლის სხვადასხვა ეტაპზე, მათი ეკონომიკებისთვის მიზანშეწონილია სხვადასხვა სახის მონეტარული პოლიტიკის გატარება. მაგალითად, თუ ამერიკაში არის რეცესია და ტარდება ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა, იგი ავნებს საქართველოს ეკონომიკას, როცა ის გაფართოების სტადიაზეა.
გარდა ზემოთ აღნიშნული ნაკლოვანებებისა, ფიქსირებული კურსის რეჟიმი ხელს უწყობს გარე (ეგზოგენური) ინფლაციის იმპორტირებას ქვეყანაში და კიდევ უფრო ამწვავებს ეგზოგენური ფაქტორებით გამოწვეულ კრიზისებს, მაშინ როდესაც მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი გარე შოკების შემწოვი ერთ-ერთი საშუალებაა და ავტომატური მასტაბილიზირებელის როლს თამაშობს. მაგალითად, 2010 წელს დაფიქსირებული ფასების მატება, რაც ძირითადად გარე მიწოდების ფაქტორებით იყო გამოწვეული, კიდევ უფრო გამწვავდებოდა ფიქსირებული კურსის პირობებში. ეგზოგენური ფასების მატება იწვევს ქვეყნის იმპორტის შემცირებას, რაც ეროვნულ ვალუტას ამყარებს და ნაწილობრივ ანეიტრალებს იმპორტირებულ ინფლაციას.
ზემოთ განხილული ფაქტორებიდან გამომდინარე, ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმი შეიძლება გახდეს ეკონომიკის ზრდის შემაფერხებელი ერთ-ერთი ფაქტორი და, შესაბამისად, არასასურველია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის.

სსფ მისია საქართველოში
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) არის ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობას გლობალური მონეტარული თანამშრომლობის, საერთაშორისო ვაჭრობის, მაღალი დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების გზებით. ამჟამად, საერთაშორისო სავალუტო ფონდში 187 ქვეყანაა გაწევრიანებული. 
საქართველოში, სსფ-ის მისია 1992 წლის 5 მაისიდან მოქმედებს. დაარსებიდან 2011 წლის 30 ივნისამდე, სსფ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სესხების ჯამური ოდენობა შეადგენს 974 350 000 სდრ-ს, რომლის ამჟამინდელი ბალანსი შეადგენს 672 950 000 სდრ-ს. 
რა არის სდრ? - სდრ წარმოადგენს საერთაშორისო სარეზერვო აქტივს, რომელიც შექმნილია სსფ-ს მიერ და გამოიყენება, როგორც საანგარიშო ერთეული (Unit of Account). სდრ-ს ღირებულება განისაზღვრება მსოფლიოს წამყვანი ვალუტების კალათის მიხედვით.

ავტორი: მაკა რუხაძე