ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხმების 53.93%-ით ლიდერობს, ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, საერთო ჯამში, ხმების 37.79% მოიპოვეს. ვიდრე „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ზეიმობს, ოპოზიცია კი არჩევნების ლეგიტიმურობას უარყოფს, „ვერსიამ“ გაარკვია, რა დაუჯდათ პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანია.
2023 წლის სექტემბრამდე, პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემადგენლობაში შედიოდა. შარშან კი ეს დეპარტამენტი ანტიკორუფციული ბიუროს შემადგენლობაში გადავიდა, ამიტომ საარჩევნო ხარჯებთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის საიტზე მოვიპოვეთ. გთავაზობთ, 5%-იანი ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიების ხარჯებს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
წინასაარჩევნო ხარჯების მიმოხილვა მმართველი პარტიით დავიწყოთ. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სრული ინფორმაცია წინასაარჩევნო ხარჯებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პარტიებს ჯერ არ წარუდგენიათ, ყოველ შემთხვევაში, ანტიკორუფციული ბიუროს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული არ არის. ხარჯების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, ეხება 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე ხარჯებს.
ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ ფაქტობრივი შემოსავალი 1 830 485 ლარი იყო. 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე, მმართველ პარტიას ფიზიკურმა პირებმა 1 402 150 ლარი შესწირეს, ხოლო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსება - 428 335 ლარია.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯებს, ირკვევა, რომ მმართველი პარტიის ფაქტობრივი ხარჯი 14 263 789 ლარია, აქედან შრომის ანაზღაურებაზე 391 255 ლარი, ხოლო ხელფასებზე - 131 255 ლარი გაიცა. ოფისის ხარჯებზე 162 220 ლარი დაიხარჯა, ტანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციაზე - 3 678 ლარი, საწვავსა და საპოხ მასალებზე - 2 893 ლარი.
წინასაარჩევნო პერიოდში, 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე, მმართველმა პარტიამ რეკლამაზე 11 592 404 ლარი დახარჯა, აქედან სატელევიზიო რეკლამაზე - 5 764 826 ლარი, ბეჭდურ რეკლამაზე - 280 792ნ ლარი, ინტერნეტ-რეკლამაზე - 315 735 ლარი. რაც შეეხება გარე რეკლამას, „ქართულმა ოცნებამ“ 3 832 164 ლარი დახარჯა, სხვა სარეკლამო ხარჯებზე კი 1 398 887 ლარი დაიხარჯა.
პირებისათვის მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების გადაცემაზე, მათ შორის, მცირე ღირებულების აქსესუარებზე - კეპებზე, მაისურებზე, ქუდებსა და დროშებზე, მმართველმა პარტიამ 24 000 ლარი დახარჯა.
„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“
ოფიციალური ინფორმაციით, 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში, ნიკა გვარამიას კოალიცია ცვლილებისთვის ფაქტობრივი შემოსავალი 3 942 848 ლარი იყო, ხოლო შემოსავლები ფულადი სახით - 3 913 543 ლარი. ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიამ - 3 893 543 ლარი, ხოლო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსების სახით - 20 000 ლარი მიიღო.
საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯების თანახმად, 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში, პარტიამ 4 445 897 ლარი დახარჯა, საიდანაც შრომის ანაზღაურებასა და ხელფასებზე - 22 168 ლარი გამოყო. საქონელი და მომსახურების მუხლში მითითებულია - 4 333 103 ლარი.
ირკვევა, რომ პარტიამ ქვეყნის შიგნით და გარეთ მივლინებებზე თანაბრად - 1 144 ლარი დახარჯა, ოფისის ხარჯებზე - 3 211 ლარი.
რაც შეეხება სარეკლამო ხარჯებს, პარტიამ 2 369 784 ლარი დახარჯა, საიდანაც სატელევიზიო რეკლამაზე - 1 690 460 ლარი, ბეჭდურ რეკლამაზე - 55 640 ლარი, ინტერნეტ-რეკლამაზე - 381 254 ლარი, ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამაზე - 28 910 ლარი, გარე რეკლამაზე - 8 026 ლარი, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებზე - 205 493 ლარი დახარჯა.
ოფიციალური დოკუმენტიდან ვარკვევთ, რომ გვარამია-მელიას და ხოშტარია-ჯაფარიძის „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ სესიების, ყრილობების, კონფერენციების და სხვა სამუშაო შეხვედრებისთვის 359 651 ლარი დახარჯა. სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების მუხლში კი 1 333 828 ლარი მიუთითა.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“
8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფაქტობრივი შემოსავლების სახით - 1 945 663 ლარი, ხოლო ფულადი სახით - 1 897 372 ლარი მიიღო. ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობები - 1 714 070 ლარი იყო, ხოლო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსება - 183 302 ლარი და 91 თეთრი.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯებს, „ნაციონალური მოძრაობის ფაქტობრივი ხარჯი 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე შუალედში 1 879 799 ლარი იყო. შრომის ანაზღაურებასა და ხელფასებზე პარტიამ 97 714 ლარი დახარჯა, საქონელი და მომსახურების მუხლში კი 1 770 191 ლარი მიუთითა.
ოფისის ხარჯებზე 29 463 ლარი, ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციაზე - 5 048 ლარი, საწვავსა და საპოხ მასალებზე - 5 048 ლარი დაიხარჯა.
რეკლამის ხარჯებში „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ 1 543 329 ლარი მიუთითა, სატელევიზიო რეკლამის ხარჯებზე - 1 315 238 ლარი, ინტერნეტ-რეკლამაზე - 86 324 ლარი, ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამაზე - 2 750 ლარი, გარე რეკლამაზე - 65 663 ლარი, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებზე - 73 355 ლარი დაიხარჯა.
სესიებზე, კონფერენციებზე, ყრილობებზე, სემინარებსა და სხვა სამუშაო შეხვედრებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 44 790 ლარი დახარჯა.
8-დან 26 ოქტომბრამდე, პარტიის საიჯარო ქირის ხარჯი 125 292 ლარი იყო, აქედან უძრავი ქონების იჯარის ხარჯი - 124 292 ლარი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების იჯარის ხარჯი - 1 000 ლარი იყო.
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“
ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტის მიხედვით, ყოფილი ბანკირების კოალიციის ფაქტობრივი შემოსავლები 8-დან 2 ოქტომბრამდე 2 962 549 ლარი იყო, ხოლო შემოსავლები ფულადი სახით - 2 962 548 ლარი.
ამავე პერიოდში, მამუკა ხაზარაძის კოალიციის ფაქტობრივი ხარჯი - 4 295 761 ლარია. საქონელი და მომსახურების მუხლში, პარტიამ - 4 288 965 ლარი მიუთითა.
რაც შეეხება სარეკლამო ხარჯებს, 8-დან 26 ოქტომბრამდე შუალედში, კოალიციამ „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 3 984 297 ლარი დახარჯა, სატელევიზიო რეკლამაზე - 1 816 589 ლარი, ბეჭდურ რეკლამაზე - 16 460 ლარი, ინტერნეტ-რეკლამაზე - 458 792 ლარი, ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამაზე - 1 250 ლარი, გარე რეკლამაზე - 502 919 ლარი, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებზე - 1 188 284 ლარი დაიხარჯა.
სესიების, კონფერენციების, ყრილობების, სემინარებისა და სხვა სამუშაო შეხვედრებისთვის, მამუკა ხაზარაძის კოალიციამ 132 388 ლარი დახარჯა. პარტიის საიჯარო ქირის ხარჯი - 10 325 ლარი იყო.
„გახარია საქართველოსთვის“
ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ექსპრემიერ-მინისტრის პარტიის ფაქტობრივი და ფულადი შემოსავალი 8-დან 26 ოქტომბრამდე 161 810 ლარი იყო. ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობის სახით, პარტიამ 160 810 ლარი მიიღო.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯებს, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 161 810 ლარი დახარჯა. საქონელი და მომსახურების მუხლში - 1 352 ლარი მიუთითა.
8-დან 26 ოქტომბრამდე, ყოფილი პრემიერის პარტიამ რეკლამაზე 159 308 ლარი დახარჯა, სატელევიზიო რეკლამაზე - 97 623 ლარი, ბეჭდურ რეკლამაზე - 20 780 ლარი, ინტერნეტ-რეკლამაზე - 25 506 ლარი, ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამაზე - 1 855 ლარი, ხოლო გარე რეკლამაზე - 8 060 ლარი დახარჯა.
სესიები, კონფერენციები, ყრილობები, სემინარები და სხვა სამუშაო შეხვედრები გიორგი გახარიას - 4 484 ლარი დაუჯდა, ხოლო მისი პარტიის საიჯარო ქირის ხარჯი 8-დან 26 ოქტომბრამდე - 1 000 ლარი იყო.
ავტორი: მაკა რუხაძე