Light
Dark
Share
Listen On

ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი - ამის შესახებ მედიას სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა მედიასთან განაცხადა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის გამო, ტერიტორიის მიმდებარე კლინიკების ნაწილიდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო.

"112 -დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება, დროულად გამოცხადდნენ ადგილზე ჯგუფები. ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული არის 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა.

მეხანძრე მაშველების დროული რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულა კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები", - განაცხადა ლევან მუსელიანმა.

ხანძარი, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, დილის 6 საათისთვის გაჩნდა.

როგორც დაზარალებული მოვაჭრეები "პირველებთან" ამბობენ, საქონელი სრულიად გაუნადგურდათ.

"მთელი ცხოვრება ვერ ამოვალთ ვალიდან - ამბობენ დაზარალებულები.

მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ხანძარი თავისით არ გაჩენილა და მიზანმიმართულად მოხდა ბაზრობის ტეროტორიის გადაწვა.

"მოვიდეს ვინმე და გვიშველოს, ამხელა ბაზარი როგორ გადაიწვა ასე. დაგვღუპეს უკვე მოერედ. არაფერი არ გადარჩა, ყველაფერი დამწვარია. ცხოვრებაში ვალიდან ვერ ამოვალთ, ვინ რას გეტყვის, ადმინისტრატორიც კი არ მოსულა", - ამბობს დაზარალებული. 

"ზარალი ძალიან დიდია, ჩაგვეწვა საქონელი, ამაზე ვიყავით დამოკიდებული, ეს არის გამიზნული, როგორც დეცკიმირი დაწვეს, ეს ხელწერაა აქაც, ასე განგებ გვწვავენ. უნდათ საქართველო ქართველების გარეშე და განგებ აკეთებენ ამას. ამას რამდენიი ვინმე გადაყვება", - ამბობს მოვაჭრე.

"ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია, რაც ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაკვამლიანებით არის გამოწვეული", - წერს თოდუას კლინიკა.

ადმინისტრაციის განცხადებით, კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს შიდა სივრცეებში დაკვამლიანების თავიდან აცილებას. ამიტომ, სტაციონარული პაციენტები კვლავ აგრძელებენ მკურნალობას, ხოლო ამბულატორიული პაციენტებიც მიღება დღეს შეჩერებულია.

„ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებული არცერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამედიცინო გუნდი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ზრუნვას სტაციონარში მყოფი თითოეული პაციენტის საჭიროებებზე.

ე.წ. ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია, რაც ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაკვამლიანებით არის გამოწვეული.

„თოდუას კლინიკა“ აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს შიდა სივრცეებში დაკვამლიანების თავიდან აცილებას.ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი სამუშაო, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების პროტოკოლით.ვაგრძელებთ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.

საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად მოგემსახურებათ „თოდუას კლინიკის“ დიღმის და ვერის ფილიალები“, — წერია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კლინიკა „ჰელსიკორიდან" 100-მდე პაციენტი სამ სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ხანთაძემ განაცხადა. მისი თქმით, განცხადებით, ხანძრის გამო ჟანგბადის ქარხანას შეექმნა პრობლემა, რის გამოც იძულებულნი იყვნენ პაციენტები სხვაგან გადაეყვანათ.

"კლინიკაში იმყოფებოდა 93 პაციენტი. პრობლემა შეექმნა ჩვენს ჟანგბადის ქარხანას, ჟანგბადს, გენერატორებს, ამიტომ მოგვიწია პაციენტების გადაყვანა სხვა კლინიკებში. ყველა პაციენტი ოპერატიულად გადავიყვანეთ. ჯანდაცვის მინისტრიც ჩვენთან ერთად არის. მადლობა 112-ს, შსს-ს. 1 საათში მოხდა ყველა პაციენტის გადაყვანა ინგოროყვაში, „პინეოში“ და ალადაშვილის კლინიკაში", - განაცხადა ხანთაძემ.

მისივე თქმით, ყველა პაციენტი კარგად არის და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "ზოგი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, მათი გადაყვანა მოხდა რეანიმობილით, დანარჩენი სასწრაფოს მანქანით გადავიყვანეთ“, - დასძინა ხანთაძემ.

ჯაფარიძე/ქევანიშვილის კლინიკიდანაც ევაკუირებულია ყველა პაციენტი. ამის შესახებ განცხადებას კლინიკა ავრცელებს.

"მეგობრებო, მოგახსენებთ რომ, ჩვენი კლინიკიდანუსაფრთხოების მიზნით ყველა პაციენტი და თანამშრომელი ევაკუირებულია. ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა კვლავ რჩება დაკვამლიანება. დღეს მიღება არ გვექნება. ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ", - წერია განცხადებაში.