როგორც ევროკომისიამ დაადგინა, კომპანია „ეფლი“ გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს, რაც არ აძლევს უფლებას აპლიკაციების შემძენებსა და მომხმარებლებს, სრულად ისარგებლონ პროდუქციის გავრცელების ალტერნატიული არხების უპირატესობებით ან უფრო იაფად შეიძინონ აპლიკაციები.
ევროკომისიაში ამბობენ, რომ კომპანია „ეფლმა“ ვერ დაადასტურა მის მიერ დაწესებული შეზღუდვების პროპორციულობა და საჭიროება. ამის გამო კომისია მოუწოდებს კომპანიას, აღმოფხვრას ტექნიკური და კომერციული ბარიერები, რომლებიც უშლის ხელს მომხმარებელთა ინფორმირების თავისუფლების მექანიზმის აღსრულებას და მომავალში თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან.
რაც შეეხება კომპანია „მეტას“, ევროკავშირში მოქმედი კანონმდებლობით, მსხვილი ონლაინპლატფორმები ვალდებულები არიან, მიიღონ მომხმარებლების ნებართვა სხვადასხვა სერვისიდან მათი პერსონალური მონაცემების გასაერთიანებლად. თუ მომხმარებელი უარს იტყვის, მას უნდა შესთავაზონ სერვისის ალტერნატიული ვერსია, რომელიც ნაკლებ პერსონალურ მონაცემებს იყენებს, თუმცა ფუნქციურად იგივეა.
2023 წელს „მეტამ“ დანერგა სერვისი „დაეთანხმე ან გადაიხადე“, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ან დაეთანხმოს მასზე მორგებული, პერსონალიზებული რეკლამის მიღებას, ან გადაიხადოს ყოველთვიური გადასახადი რეკლამის გარეშე ვერსიით სარგებლობისთვის. ევროკომისიამ დაადგინა, რომ ეს მოდელი არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და ის მომხმარებლებს რეალური არჩევანის უფლებას უზღუდავს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბერში „მეტამ“ ახალი მოდელი დანერგა, რომელიც, მათი თქმით, ნაკლებ პერსონალურ მონაცემებს იყენებს, თუმცა ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება ეხება იმ პერიოდს, როდესაც ევროკავშირს მხოლოდ „დაეთანხმე ან გადაიხადეს“ სახელით ცნობილი მოდელით შეეძლო სარგებლობა.
ევროკომისიის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „ეფლმა“ და „მეტამ“ უნდა შეასრულონ კომისიის გადაწყვეტილება 60 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიებს პერიოდულად დააჯარიმებენ.