რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას, გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად, კახაბერ გულედანი დაიკავებს.

გულედანი დღემდე თბილისის მერის მოადგილის პოსტს იკავებდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა გასული წლის ნოემბრის ბოლოდან შეზღუდული აქვს და მიზეზად ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს და ამასთან bm.ge-ის არა ერთი მიმართვის მიუხედავად არ გვაძლევენ დეკლარაციებს არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით მოთხოვნილ ინფორმაციაზე, გთავაზობთ გასულ წელს შევსებულ დეკლარაციას.

საქმე ის არის, რომ სანამ დეკლარაციები საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI-მ მოამზადა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლების (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციები.

დეკლარაცია

დეკლარაციის მიხედვით, გულედანს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

გულედანი ფლობს 2006 წელს მემკვიდრეობით მიღებულ მიწის 5 ნაკვეთს მესტიაში, ასევე 2006 წელს მემკვიდრეობით მიღებულ სახლს. მემკვიდრეობით აქვს მიღებული ბინა მის მეუღლესაც პეკინის გამზირზე.

დეკლარაციის მიხედვით, გულედანს 2012 წელს აჩუქეს toyota land cruiser-ი.

გულედანი ფლობს 2011 წელს რეგისტრირებულ შპს CZAR CAPITAL -ს 100%-ს, შპს კოფე მიქსის 50%-ს და შპს საქართველოს მეტროლოგიის ცენტრის 26%-ს.

კახაბერ გულედანმა 2023 წელს სახელფასო სარგოს სახით მერის მოადგილის პოსტზე 72 513 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ სხვადასხვა საავადმყოფოებში მენეჯერული და საკონსულტაციო სამუშაოს შესრულებისთვის ჯამში 34 077 ლარი.

დოკუმენტის მიხედვით, გულედანს 2023 წელს 7 500 დოლარის ვალი დაუბრუნეს.

სხვა უძრავი და მოძრავი ქონება ოჯახის სახელზე არ ფიქსირდება.

დეკლარაცია შევსებულია 2024 წლის 30 მაისს.

ბიოგრაფია

გულედანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით მრეწველობის დაგეგმვა დაამთავრა.
1995-2007წწ. იყო საქართველოს ეროვნული ბანკი, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის უფროსი;
2007-2008წწ. თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა, გენერალური დირექტორის მრჩეველი;
2008- 2010წწ. შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა „ვაკე“, გენერალური დირექტორი;
2010- 2012წწ. სსიპ „საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო“, გენერალური დირექტორი;
2012-2015წწ. შპს „საქართველოს მეტროლოგიის ცენტრი“, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
2016 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, პროექტის მენეჯერი;
2016 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2016 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
2018-2019წწ გულედანი სამგორის გამგებლის პოსტს იკავებდა;
2019 - 2022 წელი მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი;
2022 წლიდან თბილისის მერის მოადგილე გახდა და დღემდე ამ თანამდებობას იკავებდა.