ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის პოლიტიკური პოზიციების გამყარებისთვისაც, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა განსაკუთრებით კონცენტრირებულია ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაზე.

“აქედან გამომდინარე ვართ განსაკუთრებულად კონცენტრირებული ახლა ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაზე, პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაზე და ამას ემსახურება ყველა ის, მათ შორის, საგარეო ვიზიტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. გვაქვს შიდა ინიციატივები, რაც იყო ჩვენი საარჩევნო პროგრამის ნაწილი, რაზეც  აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი, მაგრამ ამისათვის არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, ბუნებრივია, საერთაშორისო კავშირების გამყარება და განვითარება. ამისათვის გვქონდა ჩვენ ძალიან საინტერესო ვიზიტები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში . ამ პერიოდის განმავლობაში მე პირადად მქონდა სამივე მეზობელ ქვეყანაში, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, საინტერესო ვიზიტები, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე ეკონომიკურ საკითხებს. ამას დაერთო ვიზიტები შუა აზიის ქვეყნებში, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი. ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა შუა დერეფნის ფარგლებში ჩვენი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და გვქონდა  ძალიან საინტერესო განხილვები ამ თემებთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორ უნდა გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის, როგორ შეიძლება, რომ უფრო აქტიურად გამოიყენონ ცენტრალური აზიის ქვეყნებმა, მეზობელმა ქვეყნებმა ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი და ა.შ. ჩვენ გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ყოველ ჯერზე, ყველა ქვეყანაში ჩვენ გვქონდა, მათ შორის, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში საუბარი ძალიან კონკრეტულ დეტალებზე, რაც უკავშირდება ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩვენი ვიზიტი და მათ შორის, ის შეთანხმება, რომელსაც ხელი  მოეწერა Emaar-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, ეს არის 6- მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია, რაც მისცემს
უდიდეს სტიმულს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. წლის ბოლომდე უკვე საბოლოო სახე მიეცემა პროექტს, რომელიც  უნდა განხორციელდეს თბილისში და ასევე ბათუმის მიმდებარედ და დაიწყება მომავალი წლის დასაწყისიდან ამ პროექტების განხორციელება. საუბარია გრანდიოზულ პროექტებზე ჯამური 6-მილიარდიანი მოცულობით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია თავის სფეროში, რომელსაც ყველა დაწყებული პროექტი აქვს ბოლომდე ძალიან წარმატებით მიყვანილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის დაიწყება ეს პროექტი. მომავალი წლის დასაწყისში პროექტის განხორციელება ძალიან აქტიურად დაიწყება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით ქვეყანაში ვითარება ნამდვილად არ არის კარგი.

 

„მთელი პროპაგანდა წარიმართებოდა ნარკოტიკების მოხმარების წახალისებისათვის ლიბერალური ნარკოპოლიტიკის ეგიდით. წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა დაიწყეს საუბარი აქტიურად თემაზე, რაც ჩემთვის ძალიან საეჭვო მოვლენა იყო, შემდეგ ამ ადამიანებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა ასევე საკმაოდ საეჭვოდ. იდეოლოგიური დატვირთვაც აქვს ვიღაცებისთვის იმას, რომ ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ნარკოტიკების მოხმარება, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ მაქსიმალურად. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი ზიანს აყენებს ადამიანს ნარკოტიკების მოხმარება, შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე. სახელმწიფო უნდა დარჩეს ჰუმანური და არსებითად უნდა იყოს ორიენტებული პრევენციაზე. რაც შეეხება ნარკოტიკების გასაღებას, აქ უნდა იყოს სახელმწიფო უმკაცრესი. რაც შეეხება მოხმარებას, აქ ჩვენ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე. ამაზე არის აგებული კანონპროექტი, რომელიც არის წარდგენილი. ეს კანონპროექტი ექვემდებარება დამუშავებას სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა პრინციპი არის ეს - შეუწყნარებელი უნდა ვიყოთ გასაღების მიმართ, რაც შეეხება მომხმარებელს, მათზე არსებითად უნდა ვიზრუნოთ პრევენციულად, თუმცა იქაც საჭიროა კონკრეტული სანქციების ამოქმედება იმისათვის, რომ ადამიანები აიძულო, თავი შეიკავონ ნარკოტიკების მოხმარებისგან. ეს არის პასუხისმგებლობა და ასევე ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროპაგანდა გაიშალოს. რაღაცნაირად მოდურად აქციეს საკმაოდ ფართო წრეებში ნარკოტიკების მოხმარება. ჩვენ გვჭირდება საპირისპირო პროპაგანდა, ადამიანებს უნდა ავუხსნათ მარტივად, რომ ნარკოტიკებს არავითარი სარგებელი არ აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ვნებს ადამიანების ჯანმრთელობასა და განვითარებას. მიზანი აქ არის ძალიან მკაფიო და ძალიან ნათელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.

„ერთხელ უკვე აქვთ მსგავსი რამ გაკეთებული, როდესაც, მათ შორის, ხელმოწერებით აცხადებდნენ, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, მაგრამ ბოლოს შევიდნენ, 4 წლის წინანდელ მოვლენებს ვიხსენებ. აქაც ამბობენ, რომ არ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ესეც აქვთ გაცხადებული, აქაც რასაც ეტყვით პატრონი, იმას გააკეთებენ. მაგრამ შეიძლება, მათთვისაც არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, ამდენხანს რომ ამტკიცებ, რომ არალეგიტიმურია პრეზიდენტიც და პრემიერიც, ამ ორი ადამიანის მიერ დანიშნულ არჩევნებში რომ მიიღო მონაწილეობა, ასეთი რამ შეიძლება, მათაც კი გაუჭირდეთ, უკიდურესი უპრინციპობის მიუხედავად. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის არჩევნების მოგება, ისე საკრებულოს არჩევნების მოგება და აქედანვე შემიძლია გითხრათ სრული სიმტკიცითა და თავდაჯერებულობით, რომ ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს, დიდი უპირატესობით,“- განაცხადა პრემიერმა.