გვითხრეს, რომ 3 700 000 ხართ, ყველას ვერ დაგხოცავენ და ოკუპაციის შემდეგ უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ომზეო, ანუ, პირდაპირ, ღია ტექსტით გვესაუბრებოდნენ იმაზე, რომ საკუთარი ქვეყანა უნდა გაგვეწირა რაღაც გლობალური ინტერესების სანაცვლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უარის მიღების შემდეგ იყო პირდაპირი შანტაჟი, ქუჩაში გაიყვანეს რადიკალური ოპოზიცია კონკრეტული მოთხოვნებით და კოორდინაციაში ჩართეს უკრაინის ხელისუფლებაც.
„პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა ის, რისი გახსენებაც ნაკლებად არის დაკავშირებული გარკვეულ უხერხულობებთან და რისკებთან. იქ, კონკრეტულად, საუბარი იყო დაჟინებულ მოთხოვნაზე, რომ დაგვეწესებინა სანქციები. მოგვიანებით, საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს არავინ ითხოვდა სანქციებთან მიერთებას, თუმცა, რეალურად, დახურულ კარს მიღმა იყო ბევრად უფრო მძიმე საუბრები და მძიმე მოთხოვნები. ვისგან, როგორ, ამას დღესაც არ დავაკონკრეტებ, მაინც გავუფრთხილდები რაღაცეებს, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ, მაგალითად, ერთი კონკრეტული შეხვედრა წარიმართა განსაკუთრებულად მძაფრი შინაარსით და იქ, პირდაპირ იყო საუბარი ქვეყნის ომში ჩართვაზე. ასევე, იცით, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაიხსენა ერთ-ერთი ეპიზოდი, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრიდან, სადაც საუბარი იყო პარტიზანულ ომზე. მარტივი რაღაც გვითხრეს, რომ 3 700 000 ხართ, ყველას ვერ დაგხოცავენ და ოკუპაციის შემდეგ უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ომზეო. ანუ, პირდაპირ, ღია ტექსტით გვესაუბრებოდნენ იმაზე, რომ საკუთარი ქვეყანა უნდა გაგვეწირა რაღაც გლობალური ინტერესების სანაცვლოდ. უარის მიღების შემდეგ იყო პირდაპირი შანტაჟი. იყო შანტაჟი, რომელიც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, შემდეგ გადავიდნენ ირიბ მოთხოვნებზე, მათ შორის, დახურულ კარს მიღმა, კერძოდ ეს სანქციებთან მიერთებასთან ერთად შეეხებოდა მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში, მთავრობის ოფიციალური ნებართვით.
„შემდეგ ამ ყველაფერში ჩართეს და ქუჩაში დააყენეს რადიკალური ოპოზიცია კონკრეტული მოთხოვნებით და ამ კოორდინაციაში ჩართეს უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც პირველ მარტს, ომის დაწყებიდან 5 დღეში გაიწვია ელჩი საქართველოდან. სწორედ, ამ ორი საბაბით - სანქციებთან არმიერთება და მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნა უკრაინაში. მე შეგახსენებთ, რომ მოლდოვაც არ იყო მაშინ მიერთებული სანქციებთან, თუმცა არათუ რაიმე მძაფრი დიპლომატიური რეაქცია, არავითარი კრიტიკაც კი არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. არავის მოუთხოვია მოლდოვისგან მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის ჩართულობით და ა.შ. ჩვენგან გაიწვიეს ელჩი პირველ მარტს. მაშინ იყო ძალიან მძიმე ემოციური ფონი და ჩვენი მხარდამჭერებიც კი იყვნენ, რომლებიც მძაფრად გამოდიოდნენ, ერთგვარად ხელისუფლების წინააღმდეგ, - მრცხვენია რომ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე საიდანაც ზელენსკიმ გაიწვია ელჩი და ასეთი გამოსვლები იყო, მითუმეტეს, არაფერს ვამბობ იმაზე, რა მძაფრი გამოსვლები ჰქონდათ მაშინ რადიკალური ოპოზიციის არამარტო ლიდერებს და წარმომადგენლებს, არამედ უბრალო მხარდამჭერებსაც, ემოციური ფონი იყო და გასაგებია, იყო რეაქცია. ზეწოლა გაძლიერდა, კოორდინაციაში ჩართეს ძალიან ბევრი სუბიექტი - საქართველოს შიგნით რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“, კონკრეტული მედიასაშუალებები, ქვეყნის გარეთ უკრაინის ხელისუფლება, კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები რთავდნენ ხოლმე ცნობილ სახეებს, ყოფილი პრეზიდენტი ილვესი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა აგრესიული ნაბიჯების გადადგმისკენ. პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არ შეიძლება, მუდმივი შანტაჟის ქვეშ იყოს ქვეყანა.
„შემიძლია, გავიხსენო კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც შედგა დაახლოებით 1-2 კვირაში ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ. ჩამოვიდა ერთ-ერთი ორგანიზაციის მაღალჩინოსანი, რომელიც დახურა ტრამპის ადმინისტრაციამ. მან ჩემთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უნდა გავყოლოდით იმ გზავნილებს, რომელსაც კონკრეტული ადამიანი გვაწვდიდა, საუბარი იყო ომში ჩართვაზე. ასეთ რაღაც მითხრა - არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ მისი გზავნილებიაო, ეს ჩვენი საერთო გზავნილებიაო, ისიც იყო დიფ სთეითის, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი, ასე გამოგვიცხადა ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ. ამაზე ვუპასუხე, რომ ეს ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას და ამას ხელს ვერ მოვაწერდით. ამაზე მან ორჯერ გამიმეორა ერთი და იგივე სიტყვები - ინგლისურად ასე იყო ნათქვამი, You are hitting a brick wall, რაც რომ ვთარგმნოთ, ნიშნავს, აგურის კედელს ეჯახებითო, ყრუ კედელს ეჯახებითო. ასეთი იყო მისი გზავნილი, ორჯერ გაიმეორა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც მან მოიტანა. ეს იყო მათი დამოკიდებულება. მაშინ დაგვემუქრა რეალურად ეს ადამიანი დიფ სთეითის სახელით, რომ ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს და ხელისუფლებაში დაგვიბრუნებდნენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომელიც შემდეგ გააკეთებდა იმას, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ, ანუ ეს ადამიანები ქვეყანას ჩართავდნენ ომში და პირდაპირ გვითხრა, რომ ჩვენ ყრუ კედელს ვეჯახებოდით. ამაზეც მქონდა მკაფიო პოზიცია და კიდევ ერთხელ დავუდასტურე მას, რომ ბოლომდე ვაპირებდით ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი მოქმედებდა, როგორც დიფ სთეითის აგენტი.
„უკრაინის ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან ერთადერთი შეხვედრა გვქონდა, ომის დაწყებიდან მეორე ან მესამე დღეს გვთხოვა შეხვედრა მე და შალვა პაპუაშვილს. იქ დაგვიწყო საუბარი ამ ომის თემაზე სიტყვებით, „რა გინდათ“. ეს იყო პირველი სიტყვები, გამარჯობის გარეშე. ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო. ეს იყო პირდაპირი მოწოდება, ანუ, ჩვენც უნდა გაგვეკეთებინა იგივე, რა მდგომარეობაშიც იყო მაშინ უკრაინის ხელისუფლება, უნდა გავმხდარიყავით გმირები და გმირად გახდომა ნიშნავდა იმას, რომ უნდა გაგვეხსნა მეორე ფრონტი. ამაზე მე ვუპასუხე, რომ სხვანაირად ვფიქრობდი. ნაწილობრივ დამეთანხმა. ვუთხარი, რომ შეიძლება აღქმაში იყოს კონკრეტული ხელისუფლება გმირი, მაგრამ ფაქტი შეიძლება სხვა იყოს. მიპასუხა, რომ თანამედროვე პოლიტიკაში აღქმებია მთავარიო. ვუთხარი, რომ იმ ათასი უკრაინელისთვის, რომელიც დაიღუპა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მთავარი ფაქტია და არა აღქმები-მეთქი. რეალურადაც ასეა. მთავარია ყოველთვის ფაქტები და არა აღქმები, რაც დადასტურდა სრულიად ცხადად ყველასთვის. შემდეგ იყო პირდაპირი უხეში მოწოდებები, სანქციები. როდესაც დავინახეთ, რომ აზრი არ ჰქონდა ამ ადამიანთან საუბარს, ყველანაირი კომუნიკაცია შეწყდა. რაღაც მომენტიდან არავითარი კომუნიკაცია აღარ არსებობდა, ყველანაირი ზღვარი გადაიკვეთა, მათ შორის, ადეკვატურობის ზღვარი, შესაბამისად, შეწყდა მასთან კომუნიკაცია. ის მოქმედებდა, როგორც დიფ სთეითის აგენტი, თუმცა ამაში მას ხელს უწყობდა ისიც, რომ თვითონაც უჭირდა ადეკვატურად რაღაცების აღქმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რევოლუციურ სცენაზე აიყვანეს „ენჯეოებიც“, თუმცა მცდელობა ჩავარდა, ვინაიდან ვერ მოახერხეს ხალხის დაყოლიება.
„ჩვენ შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე და აქაც თავიდანვე წამოვიდა ზეწოლა - „ენჯეოები“ პირდაპირ გამოდიოდნენ, უკიდურესი ფორმით აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას და სახელმწიფოს და აცხადებდნენ, რომ მათ უნდა დაეწერათ განაცხადი. გამოდიხარ, ქვეყანაზე ამბობ, რომ არის დიქტატურა, უბედურება, ავტორიტარიზმი და ა.შ. და გინდა, რომ შენ შეიტანო განაცხადი, სადაც ეს ყველაფერი უნდა ჩაწერო. ხომ არ იტყვი, რომ იქ იტყუებოდი და აქ სიმართლე ჩავწერეო, ან პირიქით. ამას დაემატა, შეგახსენებთ, ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ, ბაკურიანის შეკრება, რაზეც ჩვენ წინასწარ ვისაუბრეთ, დაზღვევისთვის, მაგრამ არც ამან გაჭრა. არ აინტერესებდათ. ჩვენ წინასწარ ვთქვით ყველაფერი, რაზეც ჰქონდათ საუბარი ბაკურიანის შეკრებაზე. იქ იყო საუბარი ერთადერთ რამეზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებოდა საქართველოს, უნდა აემოქმედებინათ რევოლუციის გეგმა. გახსოვთ, ცნობილი „აკერმანის ტრენინგი“ რევოლუციის საკითხებზე. წინასწარ რაც ვთქვით, ის გააკეთეს მაინც, ანუ პრევენციული ეფექტი ამას არ ჰქონდა, რადგან გეგმა იყო გაწერილი - კანდიდატის სტატუსს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა ერთადერთი ძალისთვის, გლობალური ომის პარტიისთვის, არ უნდა მოენიჭებინათ სტატუსი მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით და ეს უნდა გამოეყენებინათ რევოლუციის მოსაწყობად. ასეც მოხდა, ივნისში, 2022 წელს, არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და ეს გამოიყენეს რევოლუციის მცდელობისთვის, თუმცა ეს მცდელობა ჩავარდა. მაშინ აიყვანეს „ენჯეოები“ რევოლუციურ სცენაზე, პარლამენტის წინ, თუმცა ვერ გათვალეს, რომ მათი რეპუტაცია არის მძიმე და შესაბამისად, ვერ მოახერხეს ხალხის დაყოლიება,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას.
მისივე თქმით, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ ელჩი გაიწვია საქართველოდან სრულიად უსამართლოდ, სახელმწიფოს სჭირდებოდა გვერდით დგომა, რადიკალურმა ოპოზიციამ, ენჯეოებმა და მათმა მედიასაშუალებებმა არათუ განცხადება არ გააკეთეს ამ უსამართლო გადაწყვეტილებაზე, პირიქით გამოიყენეს ეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო ძლიერად შეეტიათ საქართველოს ხელისუფლებისთვის.
„არავითარი კრიტიკა, არც უკრაინის ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ იმის გამო, რომ ელჩი გაიწვიეს სანქციების არდაწესების გამო, მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნის გამო, ასეთ დროს ხომ უნდა გამოხატო შენი ეროვნული პოზიცია, აქ ხომ არ არის საუბარი პარტიულ დაპირისპირებაზე. სახელმწიფოს სჭირდებოდა მაშინ გვერდში დადგომა და არა ხელისუფლებას. როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ უკრაინას გამოვუცხადეთ უპირობო მხარდაჭერა, ეს იყო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა, ეს იყო ასევე რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობა. ვხედავდით, რომ კოორდინაციაში ჩართული იყო რადიკალური ოპოზიცია, ენჯეოები, მათი მედიასაშუალებები და არათუ განცხადება არ გააკეთეს ამ უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პირიქით გამოიყენეს ეს უსამართლო გადაწყვეტილება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ძლიერად შეეტიათ ხელისუფლებისთვის. ამას დაემატა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა, მაშინ ჩვენ შევიკრიბეთ ვიწრო წრეში და ვიმსჯელეთ ამ თემასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ არის ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს როდესაც არ ვიღებთ ამ წინადადებას და არ ვემორჩილებით ამ მოთხოვნას და ამ დროს უცნაურად დადგა დღის წესრიგში კანდიდატის სტატუსის თემა. ეს მოხდა შემდეგნაირად - უკრაინას შესთავაზეს განაცხადის შეტანა კანდიდატის სტატუსზე. უცნაური რატომ იყო, რომ იმ დროს იყო საკმაოდ მძიმე ვითარებაა შექმნილი და პირდაპირ კიევში იყო შესული რუსული ტანკები, ობოლონის უბანი ჰქონდათ დაკავებული, საუბარია ქვეყნის დედაქალაქზე და ასეთ დროს ქვეყანას, უკრაინას სთავაზობ კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას, არც წევრობაზეა საუბარი, არც არაფერზე კანდიდატის სტატუსი. მერე ოპოზიცია თავად დაგვეთანხმა, რომ კონკრეტული არაფრის მომტანი არ იყო კანდიდატის სტატუსი. ამ დრო სთავაზობ უკრაინას კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას, რბილად რომ ვთქვათ გასაკვირი იყო. საზოგადოება ამ სიღრმეში არ შედიოდა, მით უმეტეს ემოციური ფონი იყო, ჩვენ გვევალებოდა ამ ყველაფერზე პრაგმატულად მსჯელობა. მაშინ ვიწრო წრეში ასეთი რისკი გავთვალეთ, რომ დიდი ალბათობით ამ შანტაჟისა და ზეწოლის ფონზე, კანდიდატის სტატუსსაც გამოიყენებდნენ ზეწოლისა და შანტაჟის გასაძლიერებლად ჩვენს წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ, რომ ორი დღე არ შევიტანეთ განაცხადი მსჯელობიდან და რისკების ანალიზიდან გამომდინარე, მაშინ ბოლოს შევკრიბეთ საპარლამენტო უმრავლესობა, გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები რისკებთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში ისიც ვთქვით, რომ ჩვენ ვაპირებდით განაცხადის შეტანას და ამას მხარი დაუჭირა უმრავლესობამ ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით. საბოლოო ჯამში გახსოვთ, რაც მოხდა, მაშინ პირდაპირ ვუთხარით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, რომ სავარაუდოდ მოლდოვას ადა უკრაინას მიანიჭებდნენ სტატუსს საქართველოს არა და ეს იქნებოდა გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერ ტარტუში, შემდეგ კი ტორონტოში სცადა დიპლომის აღება, თუმცა ორივე მცდელობა ჩაუვარდა.
პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად და სუვერენულად და პირდაპირ უცხოურ დაკვეთას ემორჩილებიან.
„აბსოლუტურად უავტორიტეტო ადამიანები არიან ხელისუფლებებში ამ ქვეყნებში, ყველაზე შეიძლება თავი ვერ დავდოთ, მაგრამ ვისაც ვხედავთ ხოლმე, სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რასაც უნდა ტოვებდეს სუვერენული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. გახსოვთ, ლიბერალებს რა ამბავი ჰქონდათ ატეხილი დიპლომის თემასთან დაკავშირებით. შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ისეთი პროფესია, რომ ვერ შეუთავსოს ამას უმაღლესი განათლების მიღება, აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა მთელს მსოფლიოში ეს ყველაფერი, მაგრამ ამ კონკრეტულ ადამიანზე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე ერთი რამ შემიძლია გითხრათ - მან ორჯერ სცადა დიპლომის აღება და ორივეჯერ ვერ აიღო. ორჯერ სცადა, ჯერ ტარტუში, შემდეგ ტორონტოში და ორივეჯერ ჩაუვარდა ეს მცდელობა. სად არიან ლიბერალები? რატომ არ აწუხებთ მისი უდიპლომობა, როდესაც მას არავითარი ობიექტური მიზეზი არ ჰქონდა დიპლომის არქონის. სცადა და ვერ ისწავლა. კაცმა ვერ ისწავლა, ახლა არის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ასანქცირებს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს. ის თავად არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი თანამდებობისთვის შეუფერებლობაში, ეს შეიძლება ითქვას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ კონკრეტული დაფინანსების წყაროები გამოიყენებოდა ქვეყანაში ვითარების ასარევად და აქ საუბარია, ძირითადად, არსებითად NGO-ების დაფინანსებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი დაადასტურა.
“მანამდე გახსოვთ ოპოზიციის გზავნილები, როცა ჩვენ განვიხილავდით, ვიღებდით გამჭვირვალობის შესახებ კანონს, როგორ შეიძლებოდა რაიმე ნეგატიური გვეფიქრა დასავლურ დაფინანსებაზე, საიდანაც არ უნდა წამოსულიყო ეს დაფინანსება. პირდაპირ, ცხადად, შესაბამისმა სახელმწიფომ თავად განაცხადა ის, რომ მათი გადასახადის გადამხდელის ფული გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ეს იყო საქართველოც, ვითარების ასარევად. ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის შესახებ რეგულაციების კიდევ უფრო მეტად დახვეწა და ამაზე მუშაობს, ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტი. მართალია, USAID-ის და NED-ის მიმართულებით არის არსებითი ცვლილებები, მაგრამ ბუნებრივია, მარტივად შეუძლია deep state-ს გადაალაგოს დაფინანსების წყაროები და დაფინანსების მექანიზმები. თქვენ ხედავთ, რომ როდესაც საუბარია ომის გახანგრძლივებაზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა უარი ომის გახანგრძლივების დაფინანსებაზე, მაგრამ ახლა ცდილობენ, რომ ევროპის ხელით გადაალაგონ ომის დაფინანსების გახანგრძლივება. იგივე ტენდენციებს ვხედავთ ჩვენ, როდესაც საქმე ეხება საქართველოში NGO-ების დაფინანსებას, რევოლუციური ინტერესების დაფინანსებას, აქაც ვხედავთ გარკვეული გადალაგების მცდელობას. ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენ, ბუნებრივია, გამჭვირვალობის შესახებ კანონი. მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა დონორ ორგანიზაციას, USAID, NED, თუ რაიმე სხვა, მათ შორის EED. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზაცია, ევროპული, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია, რომელიც მოიაზრება, როგორც NED-ის ერთგვარი ევროპული ასლი, ევროპის დემოკრატიის ფონდი, ე.წ. დემოკრატიის ფონდი, რომელიც საქართველოში პირდაპირ აფინანსებდა და დღემდე აფინანსებს რევოლუციურ პროცესებს, პირდაპირ აფინანსებდა რადიკალურ პარტიებსაც კი, რაც არის საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და ზოგადად, სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის კანონი უნდა დაუპირისპირდეს დაფინანსების ნებისმიერ წყაროს, იქნება ეს ამერიკული, ევროპული, თუ ნებისმიერი სხვა წყარო. ჩვენ არ შეიძლება, დავუშვათ ამ ქვეყანაში ჯერ პოლიტიკის გარედან დაფინანსება და მით უმეტეს რადიკალური პოლიტიკის გარედან დაფინანსება. ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ყველანაირი პროცესის წამომწყები, რაც პოლიტიკას უკავშირდება პირდაპირ თუ არაპირდაპირ, შეიძლება იყოს ერთადერთი სუბიექტი, ეს არის ქართველი ხალხი და არავინ სხვა. არავინ არ შეიძლება გარე დაფინანსების საფუძველზე სცადოს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების რაიმე ფორმით შეცვლა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ისინი თავისი ფეხით მიდიან და ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში.
„თავისი ფეხით მოდიან, ავსებენ სახელმწიფო ბიუჯეტს, ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში, ამისთვის ერთგვარი მადლობაც შეიძლება გადავუხადოთ მათ. რაც შეეხება პარტიებს, საერთოდ დაკარგულნი არიან. ვხედავთ, რა მდგომარეობაა. შიგნით აქვთ ძალიან მძიმე ურთიერთობები, პარტიის შიგნითაც კი, არათუ პარტიებს შორის, არის რთული ურთიერთობები,“- აღნიშნა პრემიერმა.