ნიმესილი (ნიმესულიდი) საქართველოში ცნობილი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად. თუმცა, მისი გამოყენება დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, განსაკუთრებით, ღვიძლის ფუნქციის დარღვევასთან. კვლევებმა აჩვენა, რომ ნიმესულიდის ხანგრძლივმა ან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, მათ შორის მწვავე ჰეპატიტი და ღვიძლის უკმარისობა. ამ მიზეზით, ზოგიერთ ქვეყანაში მისი გაყიდვა აკრძალულია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავჯდომარემ, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ნიმესილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ფხაკაძე წერს, პრეპარატი სიცოცხლისთვის საშიშია და დროა მისი სერიოზული გვერდითი მოვლენების გამო, საქართველოშიც აიკრძალოს.
წლების წინ, როცა რეცეპტებით გასაცემი წამლების სიის ნუსხაში ნიმესილიც მოხვდა, ამან საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ზოგის თქმით, პრეპარატს იმიტომ კრძალავდნენ, რომ ძალიან სწრაფმოქმედი და ეფექტურია, ეს კი სხვა წამლების გაყიდვას აფერხებსო. ჯანდაცვის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი კი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ნიმესილის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს და ამ პრეპარატით თვითნებურად მკურნალობა დაუშვებელია.
გავრცელებული მითქმა-მოთქმის საფუძველზე, გადავწყვიტეთ რეალურად გაგვეგო რას წარმოადგენს ნიმესილი, საფრთხის შემცველია თუ არა ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რა კვლევები არსებობს მის გარშემო და როგორია მსოფლიო პრაქტიკა. თუმცა, სანამ ნიმესილის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებას დავიწყებდით, ჯერ საქართველოში არსებული ვითარება განვიხილეთ.
გაიცემა თუ არა, ურეცეპტოდ საქართველოში?
ნიმესილი საქართველოში რეცეპტით გასაცემ პრეპარატთა სიაში შედის. ეს გადაწყვეტილება მიიღეს მისი უკონტროლო გამოყენების შედეგად შესაძლო სერიოზული გვერდითი მოვლენების, მათ შორის ღვიძლის დაზიანების რისკის გამო. თუმცა, დღესდღეობით აფთიაქებში მისი ურეცეპტოდ შეძენა მარტივად შესაძლებელია. „ვერსიის“ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ცნობილ/წამყვან აფთიაქებში, ფარმაცევტებმა ნიმესილი ურეცეპტოდ გაყიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალულია.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, კითხვით: დაედასტურებინათ ნამდვილად იყო თუ არა, კვლავ ნიმესილი რეცეპტით გასაცემი წამლების სიაში და თუ ასეა, რატომ არის აღნიშნული პრეპარატი თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელში რეცეპტის გარეშე ხელმისაწვდომი. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი დაგვპირდა, რომ საკითხს განიხილავდნენ, გადაამოწმებდნენ და მალევე დაგვიკავშირდებოდნენ პასუხით. თუმცა, რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ და ჩვენი მხრიდან კიდევ ორჯერ დაკავშირების მიუხედავად, მათგან პასუხი არ მიგვიღია.
რატომ არის ნიმესილი ასე პოპულარული?
როგორც აღვნიშნეთ, ნიმესილი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კლასს (Ines) და გამოირჩევა სამმაგი მოქმედებით: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია მოხსნას ანთება, ტკივილი და ცხელება, რაც მას სწრაფ და ეფექტურ ვარიანტად აქცევს სხვადასხვა კლინიკური მდგომარეობისას.
რეალური რისკები და გვერდითი მოვლენები
მიუხედავად მისი ეფექტურობისა, ნიმესილმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები. ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა მისი კავშირი ღვიძლის დაზიანებასთან, რაც შეიძლება მოხდეს მოკლევადიანი მკურნალობითაც კი.
სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავბრუსხვევა და ალერგიული რეაქციები. უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება იყოს მედიკამენტებით გამოწვეული ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის გადანერგვის საჭიროებაც კი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პოზიცია:
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აღნიშნავს ნიმესილთან დაკავშირებულ რისკებს და რეკომენდაციას უწევს ქვეყნების ჯანდაცვის ორგანოებს, განიხილონ მისი უსაფრთხოება და გამოიყენონ სიფრთხილით.
ნიმესულიდის შემცველი მედიკამენტები ხელმისაწვდომია 1985 წლიდან და ავტორიზებულია რიგ წევრ სახელმწიფოებში. ისინი ხელმისაწვდომია მხოლოდ რეცეპტით შემდეგ ქვეყნებში : ბულგარეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. ნიმესულიდის შემცველი მედიკამენტები ნებადართულია, მაგრამ არ იყიდება ავსტრიასა და ირლანდიაში. იგი ყველაზე მოთხოვნადია ბრაზილიაში და მესამე ადგილზეა ყველაზე გაყიდვად წამლებს შორის.
შეერთებულ შტატებში, სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA), წამლების მარეგულირებელმა სააგენტომ, არ დაამტკიცა ნიმესულიდი ჰეპატოტოქსიურობის დადასტურებული რისკების გამო. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მტკიცებულებებს, რომ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა, თუნდაც თერაპიული დოზებით. თუმცა, როგორც „ვერსიასთან“ საუბრისას ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ყვება, ნიმესილის შეძენა ამერიკაში, რუსულ აფთიაქებში მაინც შესაძლებელია.
რატომ გახდა განხილვის საგანი და როდის?
ნიმესილი განიხილვის საგანი გახდა 2007 წლიდან, მისგან გამოწვეული ღვიძლის დაზიანების შემთხვევების გამო.
განხილვის პროცედურა დაიწყო ირლანდიის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით 2007 წლის მაისში, შეჩერებულიყო სისტემური ნიმსულიდის შემცველი მედიკამენტების მარკეტინგული ავტორიზაცია, ახალი ინფორმაციის გამო, ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობის შემთხვევების შესახებ, რომელიც საჭიროებს ღვიძლის ტრანსპლანტაციას. კომიტეტმა დაასკვნა, რომ ნიმესულიდის სისტემური ფორმულირებების სარგებელი, აღემატება მათ რისკებს. ამ მიზნით, კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია, რომ მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შემოიფარგლებოდეს მაქსიმუმ 15 დღით და რომ ექიმები მკაფიოდ უნდა იყვნენ ინფორმირებული რისკის შესახებ.
CHMP-მა ასევე დაასკვნა, რომ საჭირო იყო ნიმესულიდის უფრო სრული მიმოხილვა, რომელიც განიხილავდა წამლის ყველა პოტენციურ რისკს, განსაკუთრებით კუჭსა და ნაწლავებზე ზემოქმედების გვერდითი ეფექტების რისკს, რომლებიც თავდაპირველი მიმოხილვის ფარგლებში არ ყოფილა.
2010 წლის 19 იანვარს ევროკომისიამ სთხოვა CHMP-ს, ჩაეტარებინა ნიმესულიდის სარგებლიანობა-რისკის ბალანსის სრული შეფასება და გამოეთქვა მოსაზრება იმის შესახებ, უნდა შენარჩუნდეს თუ არა, შეიცვალოს, შეჩერდეს ან გაუქმდეს ნიმსულიდის შემცველი სისტემური მედიკამენტების ნებართვები ევროკავშირში.
კომიტეტის დასკვნა
კომიტეტმა აღნიშნა, რომ კვლევებმა, რომლებიც იკვლევენ ნიმესულიდის ეფექტურობას მწვავე ტკივილის შემსუბუქებაში, აჩვენა, რომ ის ისეთივე ეფექტურია, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა დიკლოფენაკი, იბუპროფენი და ნაპროქსენი.
უსაფრთხოების თვალსაზრისით, კომიტეტმა აღნიშნა, რომ ნიმესულიდს აქვს კუჭისა და ნაწლავების პრობლემების გამოწვევის იგივე რისკი, როგორც სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. ღვიძლზე ზემოქმედების გვერდითი ეფექტების რისკის შესამცირებლად, წარსულში უკვე შემოღებულ იქნა რამდენიმე შეზღუდვა, მათ შორის მეორე რიგის მკურნალობის შეზღუდვა, ყველაზე დაბალი ეფექტური დოზების გამოყენება უმოკლეს ხანგრძლივობით და მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა მწვავე ტკივილისთვის.
CHMP-მ დაასკვნა, რომ ნიმესულიდი დაკავშირებულია ღვიძლის ტოქსიკურობის გაზრდილ რისკთან შედარებით სხვა ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან. CHMP ახლა რეკომენდაციას იძლევა, როგორც შემდგომი შეზღუდვა, რომ სისტემური ნიმესულიდი აღარ იყოს გამოყენებული მტკივნეული ოსტეოართრიტის სამკურნალოდ. კომიტეტმა მიიჩნია, რომ სისტემური ნიმესულიდის გამოყენება მტკივნეული ოსტეოართრიტის სამკურნალოდ, რომელიც ქრონიკული მდგომარეობაა, გაზრდის მედიკამენტების გრძელვადიანი მკურნალობისთვის გამოყენების რისკს, ღვიძლის დაზიანების რისკის შესაბამისად.
მათი რეკომენდაციები
• ექიმებმა აღარ უნდა დანიშნონ ნიმესულიდი მტკივნეული ოსტეოართრიტის სამკურნალოდ
• მისი დანიშვნისას ექიმებმა კარგად უნდა გადახედონ პაციენტების მკურნალობის ისტორიას
• ნიმესულიდი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ როგორც მეორე არჩევანი და მხოლოდ მწვავე/გადაუდებელი ტკივილის სამკურნალოდ
• პაციენტი, რომელიც ამჟამად ღებულობს ნიმესულიდს მტკივნეული ოსტეოართრიტის დროს, უნდა მიმართოს ექიმს ალტერნატიული მკურნალობის დანიშვნის მიზნით
ევროკომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება 2012 წლის 20 იანვარს გამოსცა. შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებში, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) დააწესა მკაცრი შეზღუდვები ნიმესულიდის გამოყენებაზე.
რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში ნიმესილი?
ნიმესილი საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის. ზოგადად კი ქვეყანაში სამკურნალო საშუალებები ძირითადად შემდეგი ქვეყნებიდან შემოდის:
თურქეთი -2023 წელს თურქეთიდან იმპორტმა 2.57 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მას საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად აქცევს.
აშშ -იმავე პერიოდში, აშშ-დან იმპორტი 1.95 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
რუსეთი - რუსეთიდან იმპორტმა 1.74 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
სამკურნალო საშუალებების იმპორტში, ასევე, მნიშვნელოვანი წილი აქვთ გერმანიას, ჩინეთსა და ინდოეთს. მაგალითად, 2023 წლის იანვარ-მაისში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტმა 216 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 38.6%-ით ზრდას წარმოადგენს წინა წელთან შედარებით.
ნიმესულიდის კონკრეტული მწარმოებლები და მათი წარმოშობის ქვეყნები შეიძლება განსხვავდებოდეს. ზოგიერთი ცნობილი მწარმოებელია:
- Berlin-Chemie: გერმანული ფარმაცევტული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნიმესულიდს.
- Dr. Reddy's Laboratories: ინდური ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ასევე აწარმოებს ნიმესულიდს.
ამიტომ, ნიმესულიდი საქართველოში შეიძლება შემოდიოდეს როგორც ევროპული, ასევე აზიური ქვეყნების ფარმაცევტული კომპანიებიდან.
დასკვნა
მოძიებული მასალების, უცხოური კვლევების და სხვადასხვა ჯანდაცვის ორგანიზაციებისა თუ ექსპერტების მხრიდან გაჟღერებული რეკომენდაციების საფუძველზე დაყრდნობით, დავასკვენით, რომ ნიმესილის გამოყენება თვითნებურად არც ისე კარგი გადაწყვეტილებაა. თუ გადაუდებელი საჭიროება მოითხოვს და მის მიღებას მხოლოდ ერთჯერადად გადაწყვეტთ, პირველ რიგში, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ არ გაქვთ ღვიძლთან ან კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები. ასევე, არ მიიღოთ პრეპარატი ხანგრძლივად, მაგალითად 5-7 დღეზე მეტი ხნით, ექიმთან კონსულტაციის გარეშე, დღეში კი მაქსიმუმ 2 პაკეტის დალევით შემოიფარგლეთ. თუ ზემოთ აღნიშნული ჯანმრთელობის პრობლემები არ გაწუხებთ, ნიმესილის იშვითად და ერთჯერადად გამოყენება სავარაუდოდ ზიანს არ მოგაყენებთ, თუმცა, მაინც დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.
ავტორი: ია გრიგალაშვილი