ბარსელონაში გამართულ ტექნოლოგიურ გამოფენაზე ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Lenovo-მ ახალი თაობის ლეპტოპი წარადგინა, რომელიც 3-განზომილებიანი ეკრანით არის აღჭურვილი და მის გამოსაყენებლად 3D-სათვალის გაკეთება არ არის საჭირო.
კინოთეატრებში პირველი 3-განზომილებიანი ფილმების გამოჩენამ, შეიძლება ითქვას, რომ ეკრანების შესახებ საზოგადოების წარმოდგენა სამუდამოდ შეცვალა. ჯეიმზ კამერონის „ავატარმა“ დაგვანახა, რომ ფილმის პერსონაჟები არა მარტო ბრტყელ ეკრანზე არსებობდნენ, არამედ მათ 3-განზომილებიან სივრცეშიც შეეძლოთ არსებობა.
წლების განმავლობაში, 3D ტექნოლოგიით სარგებლობა 3 კომპონენტთან იყო დაკავშირებული: 3D ეკრანთან, ადაპტირებულ კონტენტთან და 3D სათვალესთან. 3-განზომილებიანი ფილმებით ტკბობის პროცესში მთელი სირთულე სწორედ 3D სათვალესთან იყო დაკავშირებული, რომელიც არც კომფორტულია და არც მოსახერხებელი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ცუდი მხედველობა აქვთ ან ოპტიკურ სათვალე სჭირდებათ.
3-განზომილებიანი ტექნოლოგიის განვითარების შემდეგი ეტაპი ბაზარზე VR და XR ჩაფხუტების გამოჩენას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ ვირტუალურმა რეალობამ 3D კონტენტი უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა, თუმცა VR ჩაფხუტებს თან ახლდათ თავის ტკივილი, რომელიც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც სიმართლეა. ვისაც Meta Quest ან Apple Vision Pro საკუთარ თავზე გამოუცდია, პირველი იმას ამბობს, XR-ჩაფხუტი ზედმეტად მძიმე, მოუქნელი და თვალებისთვის დამღლელია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ენთუზიასტს განსაკუთრებით მოსწონს VR სამყაროში მუშაობის, გართობისა და დასვენების იდეა, ფაქტია, რომ ეს ტექნოლოგია ჯერაც შორს არის იმ უტოპიური წარმოდგენისგან, რომელიც ტექნოლოგიურ ევანგელისტებს აქვთ.
ორივე ზემოხსენებულ მეთოდთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ტექნოლოგიური პროგრესი არ ჩერდება და Lenovo-მ 3-განზომილებიანი კონტენტის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით ნამდვილი რევოლუციის მოხდენა გადაწყვიტა.
Lenovo-ს 3D ტექნოლოგია შემდეგი პრინციპით მუშაობს: ლეპტოპის მონიტორის ზედა ნაწილში დამონტაჟებულია რამდენიმე კამერა და სენსორი, რომელთა დახმარებით სისტემა ზუსტად აკვირდება მაყურებლის თვალების მოძრაობას და უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს კონტენტის მიწოდებას, თანაც უმაღლესი რეზოლუციითა და სიხშირით.
პროცესი საკმაოდ კომპლექსურად ჟღერს, თუმცა შედეგი შემდეგგვარია: თქვენ წინაშე არსებული 2-განზომილებიანი ეკრანი გაძლევთ 3-განზომილებიან გამოსახულებას, რომელიც იმდენად დამაჯერებელი და მაღალი რეზოლუციისა, რომ მისი რეალურისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია.
წყარო: bm.ge