გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი უნდა გამართულიყო. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.
ჯერ უცნობია, ბოროტმოქმედი მარტო იყო, თუ თანამზრახველებიც ჰყავდა. პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი აარიდონ მანჰაიმის ცენტრს და დარჩნენ სახლებში. პოლიცია შექმნილ ვითარებას „სიცოცხლისთვის საშიშს“ უწოდებს.
ქალაქის ცენტრში თითქმის ყველა გზა კვლავ გადაკეტილია. ყველა გზასა და ხიდზე პოლიციელები ამოწმებენ მძღოლების დოკუმენტებს. ამასთან, მომხდარის გამო გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კიოლნში დაგეგმილ კარნავალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ ანალოგიური ინციდენტი მოხდა მიუნხენში, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა.