უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ვიქტორ ორბანი საარაკო სიმდიდრის ბატონ-პატრონია. მართალია, მისი ქონების შეფასება ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ის უკვე მილიარდერი იყოს, რაც მის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესებით და სამთავრობო გავლენებით აიხსნება.

საინტერესოა, რომ ვიქტორ ორბანის სიძეც მულტიმილიონერია და Forbes-ის უნგრული გამოცემა მის ქონებას ამჟამად 203 მილიონ დოლარად აფასებს. 38 წლის ისტვან ტიბორცი მას შემდეგ გამდიდრდა, რაც 2013 წელს მან ვიქტორ ორბანის ქალიშვილზე, რაჰელზე იქორწინა.

ბატონი ტიბორცი რომ უნგრეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე იყო, ეს ქვეყანაში ისედაც ყველასათვის კარგად იყო ცნობილი, თუმცა ცოტა ხნის წინ გამოსულმა დოკუმენტურმა ფილმმა, „დინასტიამ“ გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა ვიქტორ ორბანის ოჯახისა და ახლობლების გამდიდრების საკითხთან დაკავშირებით, რადგან რეჟისორმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კორუფციაში, ნეპოტიზმსა და მიკერძოებაში ამხილა.

ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ტიბორცის გამდიდრება სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანია BDPST Group-მა უზრუნველყო, რომელიც ბუდაპეშტის ისტორიულ უბნებში მშენებლობის ნებართვებს საეჭვო გარემოებებში იღებდა. როგორც „დინასტიის“ ავტორები ამტკიცებენ, საჯარო ტენდერები ზუსტად BDPST Group-ზე იყო მორგებული, რაც ტიბორცის კომპანიას უკონკურენტოდ გამარჯვების და ქალაქის ყველაზე მოთხოვნად რაიონებში საცხოვრებელი სახლების, სავაჭრო ცენტრების, სასტუმროებისა და კომერციული ობიექტების მშენებლობის უფლებას აძლევდა.

უძრავი ქონების ბაზარზე თავის დამკვიდრების შემდეგ, ტიბორციმ საბანკო-საფინანსო სექტორში გადაინაცვლა და მსხვილი უნგრული კომპანიის, Granit Bank-ის 57%-იანი წილი შეისყიდა. ბანკის ცხოვრებაში ტიბორცის გამოჩენის შემდეგ, მისი ზრდა-განვითარების ტემპი დაჩქარდა, რადგან კომპანიამ სამთავრობო კონტრაქტების მიღება დაიწყო და დამატებითი კაპიტალი მოიზიდა.

დოკუმენტური ფილმის ავტორების შეფასებით, ვიქტორ ორბანის ოჯახი კორუფციასა და ნეპოტიზმშია ჩაფლული, სწორედ ამიტომ, ორბანის სიძის ქონება სწრაფად იზრდება, მისი კომპანიები კი სამთავრობო კავშირების ხარჯზე გაფართოებას აგრძელებენ.

წყარო: bm.ge