Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, ევროპიდან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას უცხო პირებმა კვერცხები დაუშინეს სალომე ზურაბიშვილსაც.

18 თებერვალს გერმანიიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ესროლეს კვერცხები. 

ინციდენტის ამსახველი კადრები გაავრცელა პროსახელისუფლებო ტელეარხ „პოსტივის“ თანამშრომელმა ნათია ბერიძემ, რომელმაც წინა დღეს ზურაბიშვილს საჯაროდ დაუწერა: „რომ ჩამოხვალ, საწვიმარი ჩაიცვი, თორემ კვერცხის სუნი შეგაწუხებს მერე დიდხანს“.

კადრებში ისმის, რომ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში შეურაცხყოფას აყენებენ: „ენჯეოების მონა ხართ“, „აგენტი ხართ“, „გენეტიკაში გაქვთ მოღალატეობა?“, „ქეში არ მოგაქვთ ხოლმე?“

თავდაპირველად, აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე მას, სულ მცირე, ორი ქალი მიმართავს შეურაცხმყოფელი სიტყვებით, გარე პერიმეტრზე გასვლის შემდეგ კი საქმეში კაცები ერთვებიან.

სალომე ზურაბიშვილს მანქანაში ჩაჯდომამდე რამდენიმე წამით ადრე ესვრიან კვერცხებს, შეურაცხყოფას აყენებენ და აგინებენ. რამდენიმე კვერცხი მისი პირადი დაცვის წევრებს მოხვდათ.

წინა დღეს, 17 თებერვალს, აეროპორტში მიუნხენიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და მის თანაგუნდელს, ელგუჯა ხოკრიშვილს, ესროლეს კვერცხები.

ვიდეოკადრებში, რომლებიც რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა, ჩანს, რომ ამ პროცესს იქვე მყოფი რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა.

„USAID-ისგან აღარ ფინანსდებით?“ „გამყიდველი, უპრინციპო აგენტი აღარ ხარ?“ - ისმოდა პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიასა და გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ელგუჯა ხოკრიშვილის მისამართით კვერცხების სროლის დროს. შემთხვევა აეროპორტის შიდა სივრცეში მოხდა.

გახარიას პარტიის ლიდერებმა, მათ შორის ბექა ლილუაშვილმა, თქვეს, რომ აეროპორტში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ორგანიზებული „პარტიული ზონდერჯგუფი“ იყო მისული. პარტიაში ამბობენ, რომ იქვე მყოფმა პოლიციამ უმოქმედობით ამ პროცესს ხელი შეუწყო.

ინციდენტს გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც, რომელმაც 18 თებერვალს „მიუღებელი“ უწოდა კვერცხების სროლას. საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში დევნილებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა:

„აბსოლუტურად მიუღებელი არის კვერცხების სროლა და სიძულვილის ენის გამოყენება და შეურაცხყოფა. მნიშვნელოვანია რომ ყველა ფაქტზე, სადაც შესაძლოა გამოკვეთილი იყოს რაიმე ტიპის დანაშაულის ნიშნები, იქნას რეაგირებული და ადამიანებმა , რომლებიც ამაში არიან ჩართულები კანონის წინაშე აგონ პასუხი“.