საერთაშორისო ტრეფიკინგის, სავარაუდო, სქემა საქართველოში - თბილისის ცენტრში, ჩინეთის მოქალაქეებს გამოკეტილი ჰყავთ ტაილანდელი ქალები, რომლებიც იძულებით ჩართული არიან არალეგალური სუროგაციის ქსელში. ამის შესახებ საგამოძიებო სტატიას ტაილანდური მედია ავრცელებს.
ირკვევა, რომ მსხვერპლი ქალები ლეგალური სუროგაციის დაპირებით ჩამოიყვანეს საქართველოში, მაგრამ ფული მათთვის არავის გადაუხდიათ, ისინი იძულებით იყვნენ ჩართულნი კვერცხუჯრედების მოპოვების პროცესში, რასაც სავარაუდოდ სხვა ქვეყნებში გზავნიდნენ ან ინვიტრო განაყოფიერებისთვის იყენებდნენ. ქალები ყოველთვიურად გადიოდნენ სამედიცინო პროცედურებს, რამაც მათ ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა. მათ, ვინც ამ წესებს არ დაემორჩილებოდა ციხით ემუქრებოდნენ.
კერძოდ, ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალებს აიძულებენ ჩააბარონ კვერცხუჯრედები, ქსელიდან გასვლის შემთხვევაში კი გამოსასყიდს ითხოვენ. ირკვევა, რომ ტაილანდის მოქალაქე 100-მდე ქალი საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს ჩინეთის მოქალაქეებმა და ისინი თვეების განმავლობაში დატყვევებული ჰყავთ. სქემის შესახებ ჟურნალისტებს სამშობლოში დაბრუნებულმა რამდენიმე მსხვერპლმა მოუყვა.
გამოცემების ინფორმაციით, 2025 წლის 30 იანვარს წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, რომელსაც ტაილანდის სამეფო პოლიციის საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსი ახორციელებდა, ტაილანდში დაბრუნდა სამი ქალი, რომლებიც საქართველოში ე.წ. ლეგალური სუროგაციის დაპირებით ჩაიყვანეს და ყოველთვიურად, იძულებით იყვნენ ჩართული “კვერცხუჯრედების” მოპოვების პროცედურებში.
ისინი ჰყვებიან, თუ როგორ ჩამოიყვანეს საქართველოში სომხეთის გავლით, მატარებლის მეშვეობით და ამის შემდეგ როგორ განათავსესსაცხოვრებელ სახლებში. ოთხი საცხოვრებელი სახლია, სადაც ტაილანდელი ქალები ჰყავთ განთავსებული და სავარაუდოდ ეს დანაშაულებრივი სქემა უკავშირდება ჩინურ ინდიკატს, მაგრამ როგორც დაზარალებულები ჰყვებიან ყოველ კვირა მიჰყავდათ ისინი სამედიცინო დაწესებულებაში და უტარებდნენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციას. მათ დაჰპირდნენ, რომ სუროგაცია იქნებოდა ლეგალური და გადასცემდნენ საკმაოდ სოლიდურ თანხას 12 ათარი დოლარიდან 17 დოლარამდე, თუმცა არცერთ მათგანს ეს ფული არ მიუღია.
სუროგაციის ცენტრის არსებობას ადგილზე მცხოვრებლებიც უდასტურებენ. მეზობლები ამბობენ, რომ ხშირად ხედავენ აზიური გარეგნობის ქალებს - როგორც ორსულებს, ისე ბავშვიანებს. ცენტრის არსებობას ადასტურებენ თავად სასტუმროში მცხოვრებლებიც, თუმცა ტრეფიკინგის ფაქტს უარყოფენ.
"ამ შენობაში არის სუროგაციის ცენტრი და ჩვენც აქ ვცხოვრობთ. ზუსტად არ ვიცი რამდენი გოგო არის ამ სასტუმროში - დაახლოებით 20 გოგოა. რაც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია არის ტყუილი. ჩვენ არავისთვის არაფერი დაგვიძალებია, თვითონ უნდათ სუროგაცია. რამდენიმე გოგომ აიღო თანხა და როგორც კი აიღეს, გაიქცნენ ტაილანდში. ჩვენ შევატყობინეთ პოლიციას", - თქვა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ხსენებულ სასტუმროში ცხოვრობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, დაინიშნა ექსპერტიზები და სხვადასხვა ადგილას ჩატარდა ჩხრეკა.
შსს-ს თანახმად, პოლიციამ ასევე გამოჰკითხა უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე, რომლებმაც ტაილანდის მოქალაქეები საქართველოში სუროგაციის მიზნით ჩამოიყვანეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, საიდანაც გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია.
ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედების იძულებით მოპოვების საქმეზე შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს