ადრე ასე იყო - მოსამართლე ლამის წმინდანად იყო შერაცხული და მას უდიდეს პატივს სცემდნენ. მოსამართლეობა ასოცირდებოდა პატიოსნებასთან, განათლებასთან, ღირსებასთან და რაც მთავარია - სამართლიანობასთან. ახლა კი... მოსამართლეების იმიჯი დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად ირყეოდა და თუ ედუარდ შევარდნაძის დროს ამბობდნენ, რომ მთავარი იყო თანხა და მოსამართლე ყველაფერზე ხელს მოაწერდა, მიხეილ სააკაშვილის პერიოდში, სასამართლო უბრალოდ პროკურატურის სანოტარო ბიუროდ იქცა - რასაც ეუბნებოდა პროკურორი, მოსამართლე აკეთებდა იმას და სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, განაჩენების 99.99% გამამტყუნებელი იყო. შემდეგ იყო (და არის) „ოცნების“ ხელისუფლება და ვერ გეტყვით როდის, მაგრამ, მმართველი ძალა, მალევე მიხვდა, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლად მოქმედება არ იქნებოდა მაინც და მაინც მომგებიანი (მათთვის მომგებიანი) და ნაცების დროს „დაიშნებულ-დაჩმორებული“ ადამიანები ერთგვარ კლანად ჩამოაყალიბა. ჰო, ტერმინი „მოსამართლეთა კლანი“ დღეს ძალიან აქტუალურია და ამას ვერსად გავექცევით.
თითქოს, ერთ-ერთი გამოსავალი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერც ამან გაამართლა. ჯერ ერთი, ბევრი, ძალიან ბევრი ერიდება, ნაფიცი მსაჯული იყოს და მეორეც, ყველა საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უბრალოდ ვერ მოითხოვ. ამიტომ, გინდა თუ არა, სწორედ იმ მოსამართლეების იმედად ხარ, რომელთა ნდობის მანდატი, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებს.
ბოლო ინციდენტი ავიღოთ - მოსამართლეებმა კორპორატიული საღამო დაგეგმეს და არ გაუმართლათ, ინფორმაციამ და რაც მთავარია, ლოკაციამ გაჟონა და ადამიანთა არც თუ მცირე ჯგუფი, რესტორანთან მათზე ადრე მივიდა. მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა რესტორანში ყიჟინისა და პროტესტის ფონზე შევიდა. შესვლას ვინ ჩივის, მათ კარგად ესმოდათ, რახდებოდა გარეთ და ასეთ პირობებში ქეიფი კი არა, უბრალო სადილობაც წარმოუდგენელი იქნებოდა. აკი, არც გამოვიდა იმ კორპორატიულიდან არაფერი, გარდა იმისა, რომ გარეთ სამართალდამცავებმა პროტესტის მონაწილეე რამდენიმე პირი დააკავეს და აი, მთავარი კითხვაც აქ გაჩნდა.
მეორე დღეს, ამ დაკავებულების სასამართლო პროცესები ჩაინიშნა და მოსამართლეებად ის ადამიანები იყვნენ, რომელთა შეკრება-ქეიფსაც აპროტესტებდნენ დაკავებულები. არის თუ არა ეს ინტერესთა კონფლიქტი? ოპოზიცის იურისტები ამტკიცებდნენ, რომ არის, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად ამბობდნენ, რომ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს. კარგით, შევეშვათ ინტერესთა კონფლიქტს და უბრალოდ, მარტივ კითხვას დავსვამთ - ჰქონდათ თუ არა იმ მოსამართლეებს მორალური უფლება, კონკრეტულად მათ საქმეზე დაკავებული პირები გაესამართლებინათ? ახლა, არ თქვათ, მოსამართლეებს მორალზე ნუ ელეპარაკებით, კანონით ისაუბრეთო. მოსამართლეს თუ მორალი არ აქვს, დამთავრებულია მისი სამართალიც და პროფესიონალიზმიც.
მოდით, დამოუკიდებელ საქართველოზე კი არა, უფრო ადრეულზე ვისაუბროთ. ადრე, განსაკუთრებით მთაში, მოსამართლოს ფუნქციებს უხუცესები ასრულებდნენ და თუ ფშავ-ხევსურეთში, ხევისბერების გადაწყვეტილებაზე იდგა მოსახლეობა, სვანეთში მახვშები და მედიატორები წყვეტდნენ ყველაფერს. როგორი იყო მაშინ სამართალი? ჩვენ არ გაგვიგია, ვინმეს ლეგენდად მაინც გადმოეცა, რომ ხევისბერებისა თუ მახვშების გადაწყვეტილებით, უკმაყოფილო ადამიანი, ადამიანები, ან რომელიმე გვარი ყოფილიყო. რატომ? მხოლოდ დამხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გადაწყვეტილებას გულის და გონების კარნახით იღებდნენ, ზუსტად იცოდნენ, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ისევ იქ უნდა ეცხოვრათ, იმ ადამიანებისთვის თვალებში უნდა ჩაეხედათ და ამიტომ, მართლები უნდა ყოფილიყვნენ. ვერ გეტყვით, იციან თუ არა ამ მოსამართლეებმა, მაგრამ დღემდე, იშვიათად, მაგრამ მაინც იმართება სოფლის სასამართლოები, სადაც გადაწყვეტილებებს ისევ უხუცესები იღებენ. გადაწყვეტილების მიღებამდე ერთ-ერთი რიტუალი ასეთია - სანამ საბოლოო ვედრიქტს გამოიტანენ, უხუცესები ხატზე იფიცებენ, რომ ობიექტურები იქნებიან და სწორედ ამ დროს, არაერთი უხუცესი დგება და ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული საკუთარ ნეიტრალურობაში და ამიტომ, ოთახიდან გადის. იცით ეს რას ნიშნავს? რეალურად, ხომ ვერავინ გაიგებდა, ის ადამიანი გადაწყვეტილებას ობიექტურად მიიღებდა თუ არა, მაგრამ მას სურს, რომ პირველ რიგში საკუთარ თავთან იყოს მართალი და მერე დანარჩენებთან. აი, გამოსავალიც ეს არის, მოსამართლეები თუ იქამდე მივლეენ, რომ პირველ რიგში საკუთარ თავთან იყვნენ მართლები და მერე დანარჩენებთან, გვერწმუნეთ, რომ ბევრად, ძალიან ბევრად წინწავალთ, მაგრამ...
მოსამართლეობა განსაკუთრებით შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, კორუფციულ გარიგებებთან ასოცირდებოდა და სწორედ ამიტომ, სააკაშვილის ხელისუფლებამ, ერთ-ერთ გამოსავლად მათთვის ხელფასების გაზრდაც მოიფიქრა. ხელფასები მართლაც სოლიდური ეძლევათ თემიდის წარმომადგენლეებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან. ვერც იმან გაამართლა, რომ კონკრეტული მოსამართლეები უვადოდ დაინიშნენ. არაბატონებო, სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე და მოსამართლე, მართლა დამოუკიდებელი რომ გახდეს, ერ თავად უნდა იყოს კეთილსინდისიერი და მერე, სახელმწიფოს მხრიდან წნეხის შიში არ უნდა ჰქონდეს. ის იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, კონკრეტული გადაწყვეტილება ვის მოეწონება და ვის არა, არამედ, იმაზე, რამდენად სამართლიანი იქნება ეს გადაწყვეტილება და რამდენად აღსრულდება სამართალი.
მოდით, ერთ საინტერესო ფაქტს მოგიყვებით. ნაციონალების დროს, თბილისის საქალააქო სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ, რომელიც ახლა ისევ იმავე ადგილზე მუშაობს, პატიმარს, რომელსაც ციხისთვის ტყუილად იმეტებდნენ, პირად საუბარში უთხრა, „შენი გასროკვა არ მინდა, შეგიძლია აცილება მომცე, მაგრამ ამის გამო ცალკე გლდანის ციხეში რომ დაბრუნდები, იქ გცემენ და ცალკე კიდევ, ვინც მოვა ჩემს ნაცვლად, იმაზე მეტს მოგცემს, ვიდრე მე მოგისჯი...“
პატიმარმა მაშინ იმ მოსამართლეს აცილება არ მისცა და მის მიერ გამოტანილ განაჩენსაც მშვიდად შეხვდა, თმცა, ახლა იგივე მოსამართლე ამის თქმასაც ვეღარ ბედავს და იცით რატომ? მაშინ ის დარწმუნებული იყო, რომ სისტემიდან არ გააგდებდნენ, იმიტომ, რომ იმ სისტემის ნაწილი იყო და თან ნაცები, ერთმანეთს მარტივად არ სწირავდნენ. აი, ახლა კი... ახლა, ზუსტად იცის, რომ გააგდებენ და თან ისე, დამცველიც არავინ გამოუჩნდება. ამიტომ, მშვიდად იღებს თვეში იმ 5 თუ 6 ათას ლარს, ზედ დანამატ-პრემიას და ცდილობს ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ზემდგომებს არ გააღიზიანებს. ჰო, მას კი არავინ ეუბნება, როგორ უნდა მოიქცეს, უკვე თავად იცის, რა დროს რა უნდა გააკეთოს და ვისი ნათქვამი როგორ გაიგოს.
ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იქნება ხუთი წლის შემდეგ. ხუთწლედს იმიტომ ვასახელებთ, რომ გამორიცხულია, დღეს და ხვალ რამე შეიცვალოს და ახალ მოსამართლეებს ჰაერიდანაც ვერავინ მოიყვანს. ხელისუფლება დღესვე რომ შეიცვალოს, მოსამართლეთა კლანად წოდებული ის ადამაინები შინ რომ გაუშვან, მათ ადგილზე მოსულები ვერ და არ იქნებიან ისეთი მოსამართლეები, როგორებიც ჩვენ გვსურს. ჰო, ძალიან რომ მოინდომონ, მაინც ვერ იქნებიან, რადგან კვლავ იქნება შიში იმისა, რომ სათავეში მოსულები არ გაბრაზდნენ, რომ ისევ უმუშევრები არ დარჩნენ, რომ ისვ ისინი უნდა გაითვალისწინონ და... შესაძლოა, ბევრს ახლა არ ახსოვს, მაგრამ თავის დროზე, ოპოზიციის ერთ-ერთმა გამოკვეთილმა ლიდერმა, ძალიან გასაგებად თქვა, „ოცნების“ გადაგდების (და არა არჩევნებით შეცვლის) შემდეგ, ერთადერთ თანამდებობას მოვითხოვ და ეს თანამდებობა მთავარი პროკურორის სავარძელიაო. როგორ გგონიათ, რისთვის სჭირდება ეს თანაამდებობა? სწორია - შურისძიებისთვის და სამწუხაროდ, ვერ გადავეჩვიეთ ვერც ჩვენ და ვერც ახლად მოსული ხელისუფლება იმას, რომ აუცილებელია ვინმეზე შური იძიოს. რას ითხოვდნენ მიშას მოსვლის დროს? შევარდნაძის მაღალჩინოსნების დასჯას. რას ითხოვს დღემდე „ოცნების“ მხარდამჭერთა უდიდესი ნაწილი? „ნაციონალების“ დასჯას! რას ითხოვენ დღევანდელი ოპოზიციის მხარდამჭერები ღიად და აგრესიულად? „ოცნების“ ლიდერების დასჯას. ანუ, არ მთავრდება ეს დასჯის სურვილი და მაგალითად, გაგიგიათ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან ვინმეს ეთქვას, ახლა ხელისუფლებაში რომ მოვალთ, ბაიდენის მომხრეები უნდა დავსაჯოთო? არაფერი მსგავსი, უბრალოდ იცვლება ადმინისტრაცია, საკვანძო თანამდებობები და გრძელდება ცხოვრება. არადა, თუ ვინმეს უნდა ჰქონდეს დასჯის სურვილი, ეს სწორედ ტრამპია, რადგან წინა საპრეზიდენტო არჩევნებში საეჭვო დამარცხების შემდეგ, ცალკე ფედერალური გამოძიების ბიურო მიადგა და ცალკე საგადასახადო.
ჰოდა, ამ ყველაფერს უნდა მივეჩვიოთ და ნელ-ნელა ჩვენც დავლაგდებით. როგორც მამების თაობამ თქვა, სამართლიან ქვეყანას თქვენ მოესწრებითო, ასევე დავუბაროთ შვილებს და ეგებ მართლა ისინი მაინც მოესწრონ.
პატიმარი #0578