ევროკავშირი ტვირთის მიღება/ ტრანზიტისთვის მოთხოვნებს ამკაცრებს. მიმდინარე წლის 1 აპრილიდან გადამზიდავებს ევალებათ ევროკავშირის საბაჟო სისტემას ევროკავშირისთვის განკუთვნილი ან ტრანზიტული საქონლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ტვირთის ჩასვლამდე მიაწოდონ. დეკლარაციების წარდგენის მოთხოვნა ვრცელდება როგორც სარკინიგზო, ისე საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გადამზიდავებზე. 1 აპრილიდან ახალი მოთხოვნები ასევე ეხება ელექტრონული კომერციის ბიზნესს.
როგორც ბიზნესი ამბობს, ევროკავშირის ქვეყნებიდან ტვირთის შესახებ დეკლარაციის წინსწრებით სისტემაში ატვირთვის ვალდებულება სახმელეთო გადამზიდავებისთვის რამდენიმე თვის წინ უნგრეთის შემთხვევაში ამოქმედდა, 1 იანვრიდან კი პოლონეთში ტვირთის გადაზიდვაზე გავრცელდა, შესაბამისად ასე თუ ისე იმპორტის მართვის სისტემაში - ე.წ ICS2-ში ინფორმაციის ატვირთვის გამოცდილება სახმელეთო გადამზიდავებს უკვე აქვთ, 1 აპრილიდან კი ონლაინ რეჟიმში ამ ინფორმაციის წარდგენა მათ ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში ტვირთის ტრანსპორტირებისას ან ტრანზიტის შემთხვევაში მოუწევთ.
Kairos logistics-ის გენერალური დირექტორის თქმით, მსხვილი გადამზიდავი კომპანიები ამ რეგულაციას მომზადებული ხვდებიან, თუმცა ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით ეს გაცილებით პრობლემური შეიძლება იყოს მცირე გადამზიდავებისთვის. როგორც ირკვევა, რეგულაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკმაოდ მაღალია ჯარიმებია გათვალისწინებული.
“დღეს ჩვენ უკვე ვსარგებლობთ მსგავსი სისტემით, უნგრეთსა და პოლონეთში. უნგრეთში რამდენიმე თვეა დატესტვის რეჟიმში იყო მსგავსი პროგრამა, ხოლო პოლონეთში 1 იანვრიდან დავიწყეთ. ეს გვაძლევს საშუალებას კომუნიკაცია გვქონდეს ევროკავშირის სატრანსპორტო მარეგულირებელ ორგანოებთან ონლაინ რეჟიმში. აქამდე გვიწევდა დოკუმენტების შევსება ხელით, რომელსაც მძღოლი თავად ავსებდა და შემდგომ თითოეულ ქვეყანაში ფიზიკურად ხდებოდა შემოწმება თითოეული დოკუმენტის. ამჯერად ეს ონლაინ რეჟიმში იქნება.
ჯარიმა არის საკმაოდ მაღალი, 2800 ევრო, ვინც არ ავსებს ამ დეკლარაციას. ეს პირველი პრობლემაა, მეორე, პატარა სატრანსპორტო კომპანიებისთვის, რომელთაც არ აქვთ რესურსი ადმინისტრირების, მათთვის იზრდება ზედნადები ხარჯი და პრობლემას ქმნის, ხოლო მსხვილი კომპანიები, ჩვენ მომზადებული ვართ. დადებითი ამას ის აქვს, რომ საკმაოდ ხშირი იყო ევროკავშირში ტვირთების დაკარგვის შემთხვევები, ამითაც ევროკავშირი ცდილობს, რომ აღმოფხვრას ეს პრობლემა, რადგან შავი ხვრელივით იყო და ამით პატიოსანი გადამზიდავები ვიჩაგრებოდით, რადგან არ არსებობდა კონტროლის სისტემა“,-აცხადებს ნამადოვი.
ევროკავშირი მოთხოვნებს ამკაცრებს საზღვაო გადამზიდავებისთვისაც. მათაც 1 აპრილიდან ევროკავშირში ტვირთის მიღება/ ტრანზიტისთვის იმპორტის მართვის სისტემაში დეკლარაციის ანუ ENS-ის ატვირთვის ვალდებულება უჩნდებათ, თუმცა აღსანიშნავია, რომ საზღვაო გადაზიდვებში ჩართულ კომპანიებს მსგავსი რეგულაციის შესრულების გამოცდილება უკვე აქვთ ამერიკის ბაზარზე. როგორც COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალური მენეჯერი გივი ჩაჩანიძე განმარტავს, აღნიშნული რეგულაცია მნიშვნელოვნად გაამარტივებს საბაჟო პროცედურებს, საზღვაო გადამზიდავებისთვის კი აღსასრულებლად ეს სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან მსგავსი პრაქტიკით ისინი აქამდე აშშ-ს ბაზარზე წარმატებით მუშაობდნენ.
ევროკავშირში ტვირთის მიღება/ ტრანზიტისთვის დეკლარაციების წარდგენის მოთხოვნა ასევე ვრცელდება სარკინიგზო და საჰაერო, ასევე საფოსტო და ექსპრეს გადამზიდავებზე. მათაც ევროკავშირში საქონლის შეტანის ახალი პროცედურის დაცვა 1 აპრილიდან მოუწევთ.
წყარო: bm.ge