ავიაკატასტროფა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონთან.
გასულ ღამით, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Black Hawk.
თვითმფრინავში იმყოფებოდნენ 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ხოლო ვერტმფრენში - 3 სამხედრო. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩამოვარდა.
ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
კატასტროფის რაიონში მიმდინარეობს მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც კატერები და მყვინთავები მონაწილეობენ.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, შეჯახება მაშინ მოხდა, როცა სამგზავრო თვითმფრინავი აეროპორტის დასაფრენ ბილიკს უახლოვდებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.
სააგენტო AP სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ შეჯახებამდე თვითმფრინავის ეკიპაჟმა აეროპორტის დისპეტჩერებს სთხოვა დასაფრენი ზოლის შეცვლა და თანხმობა მიიღო, რის შემდეგაც დისპეტჩერები ვერტმფრენს გზის დასათმობად დაუკავშირდნენ, დაახლოებით ერთ წუთში კი შეტაკება მოხდა.
სამგზავრო თვითმფრინავი კანზასის შტატიდან ასრულებდა უიჩიტა-ვაშინგტონის რეისს.
რეიგანის სახელობის აეროპორტი დროებით დაიკეტა.