იტალიურმა ავტომწარმოებელმა Lamborghini-მ 2024 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ გასულ წელს 10,687 ავტომობილი გაყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და 2023 წლის შედეგს 6%-ით აღემატება. ეს რიგით მეორე წელია Lamborghini-ის ისტორიაში, როცა კომპანიამ გაყიდვების 10,000-იან მაჩვენებელს გადააჭარბა, ხოლო თავად გაყიდვები წლიდან წლამდე მდგრადად იზრდება, რაც, დიდწილად, იტალიური ავტომწარმოებელი კომპანიის გერმანული Audi-ის, ანუ Volkswagen-ის შემადგენლობაში გადასვლას უკავშირდება.

შემოსავლის და წმინდა მოგების შესახებ ინფორმაცია კომპანიას ჯერ არ გაუსაჯაროებია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ Lamborghini-ის მოგების მარჟა საკმაოდ მაღალია, ხოლო ავტომობილებზე მოთხოვნა რეკორდულადაა გაზრდილი. იტალიური კომპანიის გასული წლის შემოსავალი, სავარაუდოდ, ასევე რეკორდული იქნება. ბოლო მონაცემებით, რომლებიც 2024 წლის ცხრა თვეს აერთიანებს, Lamborghini-მ €2.43 მილიარდის შემოსავალი და €678 მილიონის საოპერაციო მოგება დააფიქსირა.

დადებითი და მზარდი ფინანსური შედეგები ემილია-რომანაში მდებარე სათავო ოფისის თანამშრომლებს სიხარულის საბაბს ნამდვილად აძლევს. როგორც Lamborghini-ში ამბობენ, ფინანსური წარმატება პირდაპირაა დაკავშირებული კომპანიის მესვეურების მიერ სრული სამოდელო რიგის ჰიბრიდიზაციის გრძელვადიან სტრატეგიასთან, რომელიც იტალიურმა ავტომწარმოებელმა მიზნად რამდენიმე წლის წინ გამოუშვა. ამასთან, უნდა ვახსენოთ ზოგადი მოთხოვნა, რომელიც ბოლო წლებში ფუფუნების საგნების მიმართ პლანეტაზე გაჩნდა და რომლითაც Lamborghini-მ ისარგებლა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე დახვეწილმა და ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ.

გასულ ორ წელიწადში, Lamborghini-მ სამი ახალი მოდელი წარმოადგინა და სამივე მოდელი კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა. წარმატებულ მოდელებს შორის პირველ რიგში 1,000 ცხენის ძალის მქონე იტალიური V12-ით აღჭურვილი Lamborghini Revuelto უნდა ვახსენოთ, რომლის მარაგები 2026 წლის ჩათვლით არის ამოწურული — არადა ამ ავტომობილის საწყისი ფასი $608,000-ია. 2025 წლის ბოლომდე რიგში დგომა მოუწევს იმ ადამიანს, რომელიც Lamborghini-ის პირველი SUV-ის, Urus-ის ყიდვას გადაწყეტს და ამ სიამოვნებისთვის სულ მცირე $242,000 არ დაენანება. იტალიური ავტომწარმოებლის უახლესი მოდელთან, Lamborghini Temerario-სთან მიმართებით კონკრეტული რიცხვები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ, როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხმარებელმა ის დადებითად მიიღო.

ცნობისთვის, 2025 წლიდან იტალიური Lamborghini-ის ავტომობილების შეძენა საქართველოშიც შეიძლება. ჩვენს ქვეყანაში იტალიური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი “თეგეტა ჰოლდინგი” გახდა, რომელიც ქართულ ბაზარს Lamborghini-ის მოდელების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს. Lamborghini-ის კონცეპტუალური შოურუმის მშენებლობა თბილისში უკვე დაწყებულია და ის 2025 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. როგორც “თეგეტაში” ამბობენ, შოურუმთან ერთად, თბილისში თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი აშენდება, რომელიც Lamborghini-ის მფლობელებს ორიგინალი ნაწილებით მოამარაგებს. იტალიური სუპერქარების მომხმარებლებს კი “თეგეტას” პროფესიონალი, სპეციალურად გადამზადებული მექანიკოსები მოემსახურებიან.

Lamborghini-ის ავტომობილები საქართველოში იმ დრომდეც შემოდიოდა, სანამ ქვეყანაში კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი გაჩნდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო არსებული სტატისტიკით, საქართველოში Lamborghini-ის წარმოების 37 სუპერქარი, რამდენიმე ტრაქტორი და ერთი რეპლიკა ავტომობილი არის რეგისტრირებული. სუპერქარებს შორის განაწილება ასეთია: Urus — 19; Huracan — 11; Aventador — 5; Gallardo — 3. დროსთან ერთად და საქართველოში Lamborghini-ის ოფიციალური წარმომადგენლობის განვითარებასთან ერთად, ეს რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.