საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ, ზამთრის სატრანსფერო სეზონში, შესაძლოა გუნდი გამოიცვალოს. საქმე ის გახლავთ, რომ ალექსანდრ ლაკაზეტის გამო (რომელიც „ლიონის“ კაპიტანი და ეროვნული გუნდის წევრია), ქართველ შემტევს ცოტა სათამაშო დრო ეძლევა, რაც არც ფეხბურთელს მოსწონს და არც გულშემატკივართა ნაწილს, მაგრამ მთავარი მწვრთნელი უბრალოდ ვერ ბედავს ლაკაზეტის სკამზე დასმას.
ჰოდა, ამ სიტუაციით სარგებლობა, ყველაზე მეტად, „გალათასარაის“ სურს. თურქული გრანდი მზადაა ქართველის სანაცვლოდ 22 მილიონი გადაიხადოს, მაგრამ თურქეთში თამაშის გაგრძელების პერსპექტივა, თავად მიქაუტაძეს არ ხიბლავს და ამიტომ, მან თურქული მხარე უარით ორჯერ გაისტუმრა. სამაგიეროდ, ის ინტერესით ეელოდება ბუნდესლიგური კლუბების წინადადებებს. როგორც ფრანგული მედია წერს, გიორგის გადაბირებით „ლევერკუზენი“ და „დორტმუნდი“ არიან დაინტერესებული. არამარტო გერმანული საზომებით, ორივე კლუბი ტოპებში ითვლება და იქ კარიერის გაგრძელება, მიქაუტაძესთვის ძალიან კარგი იქნება. ახლა, მთავარი ის არის, მხარეები შეთანხმდნენ და ტრანსფერი შედგეს. გარიგების დადებითად დასრულების ალბათობას ისიც ზრდის, რომ „ლიონს“ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ახლა თუ არა, ზაფხულში მაინც, არა ერთი და ორი მოთამაშის გაყიდვა მოუწევს.