კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქში ერთი კვირაა ებრძვიან ტყეებიდან 7 იანვარს დაწყებულ მასშტაბურ ხანძარს, რომელიც ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა დასახლებულ რაიონებზე და ათასობით სახლი და სხვა შენობა გაანადგურა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 12 იანვრის მდგომარეობით, ხანძრის შედეგად დაღუპულია 24 ადამიანი. ერთი დღით ადრე დადასტურებული იყო 11 ადამიანის სიკვდილი.

ხანძრის ყველაზე მასშტაბური კერა, რომელმაც პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში დაახლოებით 96კმ² მოიცვა, 12 იანვრისთვის ლოკალიზებული იყო მხოლოდ 13%-ით. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. კიდევ ერთ, ალტადენის რაიონში ხანძარი ლოკალიზებული იყო 27%-ით.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე კვლავ მაღალია, რადგან ამ კვირის დასაწყისში ისევ მოსალოდნელია გასული კვირის ბოლოს შედარებით შესუსტებული ქარის გაძლიერება.

მეტეოსამსახურის პროგნოზით, ქარი განსაკუთრებით გაძლიერდება 14 იანვარს.

ხანძრის შედეგად განადგურებულია 10 000-ზე მეტი სახლი და სხვა შენობა. მათ შორის, ვისაც სახლები დაეწვა, არიან ენტონი ჰოპკინსი, მელ გიბსონი და ჰოლივუდის სხვა ცნობილი მსახიობები. სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია დაახლოებით 180 000 ადამიანი.

კვირას, 12 იანვარს, ევაკუაციის მითითება მიიღო კიდევ 105 000-მა მცხოვრებმა.

ხანძრის გავრცელების საფრთხის წინაშე არიან მჭიდროდ დასახლებული სან-ფერნანდოს ველი და ბრენტვუდის რაიონი, სადაც სახლები აქვთ ცნობილ მსახიობებსაც. ბრენტვუდში მდებარეობს საგამოფენო ცენტრი, სადაც არაერთი შედევრი, მათ შორის რემბრანდტის და ვან გოგის ნამუშევრებია დაცული.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და შესაბამის ფედერალურ სამსახურებს დაავალა შტატისთვის ყველა სახის აუცილებელი დახმარების გაწევა.