სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, დიდი ხანია, დაიწყეს საუბარი იმ დაავადებებზე, რომლებიც ოფისებში მომუშავე ადამიანებს ემართებათ არა მხოლოდ შენობაში არსებული მიკროკლიმატის, მისი დაბინძურებისა და ტემპერატურული რეჟიმის გამო, არამედ, თანამშრომლების მუდმივი სტრესის, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ნაკლებად მოძრაობის გამოც. ამასთან, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ამ დაავადებებს ახალგაზრდებიც ვერ დაემალებიან. მედიკოსებმა ყველაზე გავრცელებული საოფისე დაავადებები გამოავლინეს. ერთ-ერთი მათგანია ოსტეოქონდროზი - დღესდღეობით, მსოფლიოში, დაახლოებით, 80 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება. მისი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ის ანგრევს ხერხემალს, იწვევს დისკომფორტს, კისრისა და ზურგის ტკივილს.

ეს დაავადება საკმაოდ გაახალგაზრდავდა და განსაკუთრებით მათ აწუხებთ, რომლებსაც ზედმეტი წონა და მჯდომარე სამუშაო აქვთ. კიდევ ერთი „საოფისე სენი“ მშრალი თვალის სინდრომია. მან ბოლო დროს, განსაკუთრებით, სუსტი სქესის წარმომადგენლებში მოიკიდა ფეხი. მისი მთავარი მიზეზიკომპიუტერთან მომუშავე დაძაბული თვალებია. მის წარმოშობას ხელს უწყობს შენობაში არსებული მშრალი ჰაერიც. ქრონიკული დაღლილობის სინდრომს „მეგაპოლისების დაავადებასაც“ უწოდებენ. ის გამოწვეულია გადაღლილობით, დაძაბული ემოციური ფონით, სტრესითა და სხვა ფაქტორებით.