Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

შესაძლოა, ბევრს არ ახსოვს, მაგრამ ადრე, თბილისის (და არამარტო) კოლორიტი ქურთი მეეზოვეები იყვნენ. ჭრელა-ჭრულა კაბებით დადიოდნეენ, ხვეტდნენ ქუჩებს, ღიღინებდნენ სევდიან თუ მხიარულ სიმღერებს და სწორედ ქურთი კოლორიტი გახდა არაერთი სპექტაკლის, მოთხრობისა თუ ისტორიის შთაგონების წყარო. საინტერესო იყო მათი ქორწილის ნახვაც, ტრადიციული ცეკვა, კანფეტების წვიმა... დღეს იშვიათია ისეთი ქურთი კოლორიტის ხილვა, როგორებიც მაშინ იყვნენ. ახლა, ისე არ გაიგოთ, ყველა ქურთი მეეზოვე იყოო, მათ შორის, იყვნენ ისეთებიც, ვინც ქონებით აქაურ ცეხავიკებთან შედარებით კი არა, საბჭოთა კავშირის მასშტაბებით „გაიქაჩებოდა“. ჰო, ქურთებს ოქრო უყვარდათ ნამეტნავად და ოქროს კბილებიც ჰქონდათ ჩაწიკწიკებული.
80-იანი წლების დასაწყისში, მაშინ, როცა ყველაფერი თითქოს ძალიან მშვიდად იყო და კრიმინალიც დამარცხებული თუ მიძინებული ჰყავდა საბჭოთა მილიციას, დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე, უცნაური შემთხვევა მოხდა. გაჩერებულ ავტომანქანას ყურადღება საგზაო მილიციის („გაი“) თანამშრომელმა მიაქცია, მოტოციკლი გააჩერა, ჩამოვიდა, შეიხედა და გაშეშდა - ავტომობილში ორი მიცვალებული იყო და ორივეს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა ეტყობოდა. ეს ნამდვილი „ჩე-პე“ გახლდათ და რაღა თქმა უნდა, საქმეში მთელი დასავლეთის მილიცია ჩაერთო. ორი გვამი ასეთ დროს, ქართული და საბჭოთა მილიციის მარცხს ნიშნავდა. ორივე გარდაცვლილის ვინაობა მალე გაარკვიეს, საბუთები ორივეს თან ჰქონდა და ერთ-ერთი მანქანის მფლობელი იყო. გარდაცვლილები ეროვნებით ქურთები იყვნენ და ისინი დედაქალაქში ცხოვრობდნენ.
„გარდაცვლილები ქურთები არიან, თბილისის მაცხოვრებლები. ორივე ცოლ-შვილიანია, ორივე საწყობში მუშაობდა და ორივე მტვირთავად იყო გაფორმებული, მაგრამ რეალურად, მტვირთავად მხოლოდ ერთი მუშაობდა, მეორეს კი, ლამის დირექტორის თანამდებობა ჰქონდა შეთავსებული, მის გარეშე, საწყობში არაფერი ხდებოდა და საწყობის გამგეც ბრმად ენდობოდა. როგორც მეზობლები ამბობდნენ, ისინი ერთ-ერთი ყველაზე შეძლებულები იყვნენ და არსებობდა ეჭვი, რომ რაღაც არალეგალურ საქმიანობასაც ეწეოდნენ, მაგრამ რას, არავინ იცის“, - ოპერ-მუშაკი გამომძიებელს პატაკს აბარებდა.
დასავლელ ძალოვნებს დახმარება დედაქალაქიდანაც აღუთქვეს. გამომძიებლის სამწუხაროდ, სხეულიდან ამოღებულმა მასრებმა არაფერი მისცა, რადგან იარაღი, რომელიც ამ საქმეში გამოიყენეს, მანამდე არსად ფიგურირებდა. სამაგიეროდ, ექსპერტი ამბობდა დაბეჯითებით, რომ მამაკაცები მანქანაში კი არა, გარეთ მოკლეს და ავტომობილში უკვე მკვდრები შეათრიეს, ხოლო მკვლელი მანქანაში რაღაცას ეძებდა, რადგან საბარგულიც და სალონიც, გვარიანად იყო არეული და ყველაფერი გაჩხრეკილი იყო.
თავის მხრივ, სამართალდამცავებმა ახლიდან დაათვალიერეს მანქანა და წინა სავარძელში, მგზავრის მხარეს, ერთგვარი სამალავი იპოვეს, იქიდან კი, 25-მანეთიანი კუპიურებით დაფასოებული 50 ათასი მანეთი იპოვეს. ეს მაშინ ძალიან, ძალიან დიდი ფული იყო. სავარაუდოდ, მკვლელი სწორედ ამ თანხას ეძებდა და ვერ მიაგნო. საიდან უნდა ჰქონოდათ ქურთებს ამხელა თანხა, ვერავინ ხსნიდა. საწყობში მათი ხელფასი მიზერული იყო, მაგრამ... გარდაცვლილების სახლში სტუმრობისას, ძალოვნები მიხვდნენ, რომ მათ საიდანღაც აუცილებლად უნდა ჰქონოდათ არალეგალური შემოსავალი, რადგან, გამორიცხული იყო, ხელფასით ასეთი ქონება დაეგროვებინათ. მეზობლები მხრებს იჩეჩავდნენ, ჩვენ არაფერი ვიცითო და ამიტომ, ძალოვნები საწყობში წავიდნენ.
საწყობში კიდევ ორი ქურთი ეროვნების მუშა დახვდათ, ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმის შვილი იყო, მეორე ნათესავად არცერთს არ ეკუთვნოდა. ორივე მტვირთავად იყო გაფორმებული, მაგრამ ძმის შვილი ბატონივით იქცეოდა, სუფთა ტანსაცმელი ეცვა, შარვალ-კოსტუმში იყო გამოწყობილი და ცხადი გახლდათ, რომ იმ დღეს მაინც, არანაირი ტვირთის აწევას არ აპირებდა. თავიც იმართლა, ბიძა მყავს გარდაცვლილი და თანამშრომლები პატივს მცემენ, მასვენებენო, თუმცა მათ აშკარად ეტყობოდათ, რომ არანაირი პატივისცემა შუაში არ იყო და ახალგაზრდა ქურთს უბრალოდ უფროსად აღიქვამდნენ. საწყობის გამგეს სამართალდამცავების დანახვა არ ესიამოვნა, მაგრამ მათ ძალიან მშვიდად და თავდაჯერებულად შეხვდა. როცა გარდაცვლილ თანამშრომლებზე ჰკითხეს, მხრები აიჩეჩა, აბა მე რა ვიცი, ვინ ემტერებოდა, აქ ასამდე კაცი მუშაობს და ყველას სახლში ხომ ვერ გავყვებიო? როცა მოკლულების შესაძლო არალეგალურ საქმიანობაზე ჩამოვარდა საუბარი, საწყობის გამგე გადაირია, რას მკადრებთ თუ იცით, ჩემზე პატიოსანი კაცი შეიძლება საქართველოში კი არა, საკავშირო მასშტაბით ვერ იპოვოთო. მათ ქონებაზე კი „საიდუმლოდ“ თქვა, ქურთებს მემკვიდრეობით გადაეცემათ ხოლმე დიდძალი ოქრო და შეიძლება, ამათმა კი არ შეინახეს, როგორც ამას ყველა ქურთი აკთებს, არამედ ფულად აქციეს და სახლები ამით გაარემონტეს და გაავსესო. ბოლო კითხვა, გარდაცვლილის ძმის შვილს ეხებოდა.
„მაგას მამა არაჰყავს, ბიძა პატრონობდა, სამადლოდ მივიღე და ახლა, თუ არ იმუშავებს, გაშვება მომიწევს. აბა, სად გაგონილა, მტვირთავი სამსახურში შარვალ-კოსტუმით დადიოდეს და არ მუშაობდეს. დაველოდები გასვენებას და მერე მკაცრად დაველაპარაკები“,-განაცხადა საწყობის გამგემ და გამომძიებლებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ის ტყუოდა და არც არავის გაშვებას აპირებდა სამსახურიდან. ამ საწყობში აშკარად რაღაც ხდებოდა, მაგრამ რა? აი, ეს იყო გასარკვევი. ამიტომ, გადაწყდა, როგორც საწყობის გამგესთვის, ისე გარდაცვლილის ძმის შვილისთვის ეთვალთვალათ და ამისათვის ოპერ-ჯგუფიც გამოიყო. რამდენად მოიტანდა ეს ყველაფერი შედეგს, არავინ იცოდა, მაგრამ, ძალოვნებს სხვა გამოსავალი უბრალოდ არ ჰქონდათ, რადგან ვინმეზე ეჭვი ვერ მიჰქონდათ.
„ფული ორ რამეში იშოვება - ნაარკოტიკებში და ოქროს კონტრაბანდაში. მეეჭვება, საწყობის გამგე ოქროში ქურთებს ენდოს, რჩება ნარკოტიკი, მაგრამ ამ ოდენობის ნარკოტიკის შოვნაც თითქოს არარერალური ჩანს. ყოველ შემთხვევაში, უნდა გავიგოთ, სადმე „ლევი“ რეისები ხომ არ გადის საწყობიდან და თუ გადის, სად და რა მიზნით“,-ამბობდა გამომძიებელი.
სამ დღეში, ღამით, საწყობის ტერიტორია სატვირთომ დატოვა. ოპერები უკან აედევნენ, მაგრამ კატეგორიული გაფრთხილება ჰქონდათ, რომ მხოლოდ ეთვალთვალათ და თუ ვინმეს არ მოკლავდნენ, არაფერში ჩარეულიყვნენ. სატვირთომ დასავლეთისკენ აიღო გეზი, გზად სამ ადგილზე გააჩერეს „გაიშნიკებმა“, მძღოლი არც გადმოსულაა, პირდაპირ კაბინიდან მიაწოდა ფული და გზა მშვიდობიანად განაგრძო. საინტერესო ის იყო, რომ დასავლეთის ერთ-ერთ, არაფრით გამორჩეულ რაიონში, ასევე არაფრით გამორჩეულ სახლს მიადგნენ, სადაც პატრონმა თივის ოთხი ტუკი დაუდო და მძღოლს არც შეუსვენია, ისევ უკან დაბრუნდა. თივის ზვინით დატვირთული მანქანა, გამთენიისას უკვე საწყობში იყო.
„სახლის მეპატრონე ებრაელია, საეჭვოა, ებრაელს ნარკოტიკებთან ჰქონდეს კავშირი. ის ან ოქროზე „ჩალიჩობს“, ან... ან ბრილიანტზე, სხვა ვარიანტი არ არის“,-ამბობდა გამომძიებელი და საქმემ ისეთი მიმართულება მიიღო, რომ მასში უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ. მეორე დღეს, უკვე მსუბუქი მანქანა გავიდა საწყობიდან, რომლის საჭესაც გარდაცვლილის ძმის შვილი უჯდა და დასავლეთისკენ აიღო გეზი. ის იმავე სახლს მიადგა, რომლიდანაც თივის ტუკები წამოიღეს, მანქანა ეზოში შიეყვანა, იქიდან კი 10 წუთში გამოვიდა. უშიშროების კომიტეტმა მისი გატარების ბრძანება გასცა. თუმცა, მეორე რეისზე, უკან მოავალი სატვირთო, თივასთან ერთად გააჩერეს და ზვინები იქვე დაშალეს. მათში ბრილიანტის თვლები იპოვეს, მაგრამ მძღოლმა მხრები აიჩეჩა, მე რა შუაში ვარ, „პუტიოვკას“ მაძლევდნენ, ფულს მიხდიდნენ და რას ინახავდნენ ზვინში, არასდროს დავინტერესებულვარო. დაკავებების მთელი სერია დაიწყო და ძალიან დიდი გახლდათ იმის შანსი, რომ დამნაშავეები დახვრეტის მუხლით გაესამართლებინათ. ამიტომ, ყველა ალაპარაკდა, მითუმეტეს, რომ გარდაცვლილის ძმის შვილის სახლში, იარაღი იპოვეს, რომლითაც ორი ქურთი იყო მოკლული. მთავარი ჩვენებაც სწორედ მან მისცა.
„ზუსტად ვიცოდი, რომ ბიძაჩემი დიდ ფულს აკეთებდა. რამდენჯეერმე ვთხოვე, საქმეში მეც ჩამრთე მეთქი და უარი მითხრა, ჯერ პატარა ხარო. მერე საწყობის გამგესთან მივედი და იმან კიდევ, მე რა შუაში ვარ, ბიძაშენს დაელაპარაკეო. დალაპარაკება არ გამოვიდა, ამიტომ, მორიგი რეისის დროს, გზაზე დავხვდი და უბრალოდ ვესროლე. მანქანა გავჩხრიკე, თუმცა თანხა ვერ ვიპოვე, დიდ ხანსაც არ მიძებნია, შუა გზაზე ვიყავით. მერე საწყობის გამგესთან მივედი და მას სხვა გზა არ ჰქონდა, მე ამიყვანა.  სქემა ვიცოდი, თანხის ოდენობა - არა. ახლა მივხვდი, რომ სულელურად მოვიქეცი, ადრე უნდა გამეწია ბიძაჩემი, თუმცა... ციხის არ მეშინია, გამოვალ, მილიონერი გავხდები“,-ამბობდა ახალგაზრდა ქურთი.
ვერ გეტყვით, ასრულებდა თუ არა ის დანაპირებს, მაგრამ ციხეში ყოფნის მეორე წელს, თანამემამულეებმა დასაჯეს, ფულის გამო ბიძა რომ სასიკვდილოდ გაიმეტა.
პატიმარი #0578