კალიფორნიის შტატში ყველაზე ზარალიან ხანძრებს კვლავ ვერ აქრობენ. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამერიკის ისტორიაში პირველად, სტიქიის შედეგები ქვეყანას 135 მლრდ დოლარზე მეტის ზარალს მოუტანს. Accuweather-ის წინასწარი პროგნოზით, სავარაუდოდ, აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული დასახლების უბნის განადგურება დაახლოებით 135-150 მლრდ დოლარამდე ქონების განადგურებას უდრის.

მასშტაბური სტიქიის შედეგად, მძიმე პერიოდი ელის სადაზღვევო ინდუსტრიას. Morningstar-ის და JP Morgan-ის პროგნოზებით, მათი დანაკარგი 8 მლრდ დოლარს გადააჭარბებს. გარდა ამისა, ხანძრის შედეგებს ხანგრძლივი უარყოფითი ეფექტი ექნება ტურიზმის და ჯანდაცვის სექტორზეც.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარმა 10 000-ზე მეტი შენობის განადგურება გამოიწვია. გამომდინარე იქიდან, რომ ცეცხლის ლოკალიზებას კვლავ ცდილობენ, მოსალოდნელია ზარალის მოცულობის მატება.

აშშ-ში კერძო სახლის მფლობელებს ბანკები უძრავი ქონების დაზღვევას ავალდებულებენ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შტატში ხანძრები, წყალდიდობები და ქარიშხლები ხშირია, რაც ქონების დაზიანების რისკებს ზრდის, სადაზღვევო კომპანიები ფასებს ზრდიან, ან კიდევ მსგავსი შემთხვევების დაზღვევაზე უარს აცხადებენ. შედეგად, მოსახლეობის ნაწილი იყენებს სახელმწიფო დაზღვევას, რომელიც როგორც წესი, კიდევ უფრო ძვირია. მხოლოდ კალიფორნიაში მსგავსი სადაზღვევო პოლისების რაოდენობა 2020 წლის შემდეგ 200 000-დან 450 000-მდე გაიზარდა. შესაბამისად, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სტიქიას სახელმწიფო სადაზღვევო ბაზარზე კიდევ უფრო მასშტაბური და მძიმე გავლენა ექნება.