Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა ორ ბრალდებულს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად. მათ 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. პროკურორ დავით პაპავას თანახმად, არსებობდა მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რადგან მათი ნაწილი ბრალდებულების ნათესავია.

ბეჟან ჭკადუას ადვოკატის, ლაშა ხოშტარიას თქმით, არ არსებობს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები - ამიტომ მოითხოვა მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ან 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება.
რევაზ პაკელიანის ადვოკატის, ვახტანგ გაბედავას თქმითაც, არასაკმარისია წარდგენილი ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მან მოითხოვა 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გამოყენება.

პროკურორ დავით პაპავას განცხადებით, 5 იანვარს ბრალდებულებმა დააყაჩაღეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებიც ზუგდიდიდან მესტიაში მიდიოდნენ. კერძოდ, გასტაცეს მობილური ტელეფონები და ერთ-ერთი მათგანი - ვიქტორ სოლოვიოვი - რევაზ პაკელიანმა კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა. პროკურორის სიტყვებითვე, ბრალდებულებმა სოლოვიოვს თავისუფლება აღუკვეთეს, მოგვიანებით კი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მისი ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცსა და მის პარტნიორ ქალს თავს 5 იანვარს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად გაუჩინარებული კაცის ცხედარი მდინარე ნაკრაში 6 იანვარს იპოვეს. პოლიციამ 1986 წელს დაბადებული რევაზ პაკელიანი და 1992 წელს დაბადებული ბეჟან ჭკადუა დააკავა.

დაკავებულებს ბრალი 8 იანვარს წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლითა და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება).

არსებული ინფორმაციით, წყვილი მესტიის მუნიციპალიტეტში მწვერვალ თეთნულდისკენ მიდიოდა. გზად გაუთოვდათ, ავტომობილი გააჩერეს გვირაბთან და ფოტოების გადაღება დაიწყეს. ამ დროს პირველად შენიშნეს „სუბარუს“ მარკის თეთრი ავტომობილი, რომელში მსხდომებმაც ჰკითხეს, დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ, რაზეც მიუგეს, რომ - არა, „მხოლოდ ფოტოებს ვიღებთო“. ამის შემდეგ გზად კიდევ შეხვდათ იგივე ავტომობილი, რომელიც ხან გადაუსწრებდა მათ, ხან ჩამორჩებოდა.

„გზად შეგვხვდა გაჭედილი ავტომობილი, ვიტიამ ის თოკით ამოათრია. ამ დროს თეთრმა Subaru-მ ჩაგვიარა და არ გაჩერებულა. როცა ვიტიამ შორიდან შეამჩნია, რომ შუა გზაზე იდგნენ, მანქანის სათავსოდან დანის მიწოდება მთხოვა. გაჩერდა, გადავიდა და ჰკითხა, რა მოხდა. მათ ნასოსი სთხოვეს, ამოიღო და მისცა, ამის შემდეგ დაიწყო რაღაც კონფლიქტი“, - ასე გაიხსენა მოკლული კაცის პარტნიორმა ქალმა დანაშაულის დეტალები.