N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა და ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქში კიდევ ერთ მარშრუტზე ცვლილება განხორციელდა", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რათა ისინი ზემო ფონიჭალიდან სადგურის მოედნის ცენტრალურ კვანძს მარტივად და კომფორტულად დაუკავშირდნენ.
„N344 მარშრუტს, რომელიც მგზავრებს ზემო ფონიჭალიდან ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით ემსახურება, ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა. ასევე, მარშრუტი კოტე აფხაზის ქუჩიდან გაგრძელდა სადგურის მოედნამდე, რუსთაველის გამზირის, მარჯანიშვილის ქუჩის, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების გავლით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მსგავსი ცვლილებები მოცდის დროის შემცირებისა მეტი მგზავრის მომსახურების შესაძლებლობას იძლევა.
„ყოველდღიურად ვაკვირდებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას, სად გვაქვს სირთულე, რომელ მარშრუტს სჭირდება გაუმჯობესება, დამატება და ა.შ. შესაბამისად, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განაგრძობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ოპტიმიზაციას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. სამუშაოები ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, უკანონო შემოღობების დემონტაჟის შემდეგ, 2 600 კვ.მ ფართობზე ტარდება.
პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო მოსასვენებელი და ბავშვთა-გასართობი სივრცეები, ასევე პავილიონი. ამ ეტაპზე მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.
სამუშაოების დასკვნით ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„ორხევის დასახლებაში სამგორის რაიონის გამგეობა ძალიან კარგ პროექტს ახორციელებს. ტერიტორიაზე ეწყობა რეკრეაციული სივრცე. მნიშვნელოვანია ამ სამუშაოების ჩატარება, რადგან ადგილზე უმძიმესი მდგომარეობა იყო. ძველი, ავარიული ავზები იყო, რომელიც არ ფუნქციონირებდა და საფრთხეს წარმოადგენდა, პირველ რიგში, ბავშვებისთვის. აღნიშნული ავზების დემონტაჟი უკვე განხორციელდა. სივრცე მთლიანად მოწესრიგდება. ბავშვებისთვის გაკეთდა ატრაქციონები, ასევე მოეწყო სავარჯიშო სივრცე და მოსასვენებელი პავილიონი. ტერიტორია სრულად გამწვანდება. მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ძალიან კარგი და სასიამოვნო სივრცე შეიქმნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 629 000 ლარამდე დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერთან ერთად სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ, პარლამენტის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა ხაბარელმა დაათვალიერეს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.