სამგორის რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას განაგრძობს.
ამჟამად, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში, N407 კორპუსის მიმდებარედ, მოსახლეობასთან კოორდინაციით, უსახური ნაგებობებისა და თვითნებურად აშენებული გარაჟების დემონტაჟის შემდგომ, 2 500 კვადრატულ მეტრზე სკვერისა და საპარკინგე ადგილების მოწყობა დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, მაქსიმალურად შენარჩუნდება მრავალწლიანი ნარგავები, დამონტაჟდება განათება და სივრცე აღიჭურვება მოსასვენებელი ფურნიტურით. პროექტის განსახორციელებლად, სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან 306 000 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
სამგორის რაიონში ზაქარია მხარგრძელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.
სამგორის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ზაქარია მხარგრძელის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ავტოტრანსპორტის გადაადგილების პირობების გაუმჯობესებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მნიშვნელოვანი ეტაპი. კერძოდ, კომპანია GWP-იმ მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემა სრულად განაახლა.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყობა ტროტუარი და საგზაო ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და მესამე მასივის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი გაეცნენ, გაესაუბრნენ კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მოისმინეს მათი მოსაზრებები, ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.
პროექტის საერთო ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს. სამგორის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროგრამას ეტაპობრივად აგრძელებს. ზაქარია მხარგრძელის ქუჩის რეაბილიტაციაც სწორედ ამ მასშტაბური პროგრამის ნაწილია და მისი დასრულების შემდეგ ადგილობრივები თანამედროვე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.