ამასთან, ჩნდება კითხვები მათი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტებისა და კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერის შესახებ.
„Х..й войне“ და „Единая Россия“-ს დეპუტატის მანდატი
რუსულ ჯგუფ t.A.T.u-ს კონცერტი, რომელიც 30 იანვარს თბილისში უნდა გამართულიყო, გაუქმდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ორგანიზატორებს მიზეზი არ უთქვამთ. სოციალურ ქსელებში წერდნენ, ეს იმიტომ მოხდა, რომ ორგანიზატორებმა საზოგადოების ნაწილის პროტესტი გათვალისწინესო. პროტესტი კი იმას მოჰყვა, რომ ჯგუფის წევრებს სხვადასხვა დროს კონცერტები ჰქონდათ ჩატარებული რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჯგუფი საქართველოში საკონცერტო აფიშაზე ისევ გამოჩნდა, ამჯერად ბათუმში. t.A.T.u-ს კონცერტი 1 აგვისტოს ბათუმის კორტების ტერიტორიაზეა დაგეგმილი. ბილეთების ფასი 140-დან 300 ლარამდეა.
„1 აგვისტოს, პირველად საქართველოში, 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის – t.A.T.u-ს გრანდიოზული კონცერტი გაიმართება“, - წერია Biletebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ანონსში.
ჯგუფი t.A.T.u., რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს შეიქმნა, პოპულარული გახდა თავისი პროვოკაციული იმიჯითა და „აკრძალული სიყვარულის“ თემით. 2000-იან წლებში ის რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ პროექტად იქცა, ხოლო 2003 წელს ევროვიზიაში მონაწილეობის შემდეგ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. თუმცა ოცი წლის შემდეგ ჯგუფი სცენას სულ სხვა პოლიტიკურ გარემოში დაუბრუნდა.
ბათუმში დაგეგმილ კონცერტამდე ერთი წლით ადრე, 2025 წელს ჯგუფ t.A.T.u-ს წევრებმა - იულია ვოლკოვამ და ლენა კატინამ - კონცერტი ანექსირებულ ყირიმში გამართეს.
ორივე მომღერალი უკრაინული პროექტ „მიროტვორეცის“ ბაზაშია შეყვანილი.
„მიროტვორეცი“ – უკრაინული საზოგადოებრივი ონლაინპროექტია, რომელიც 2014 წელს შეიქმნა. მასში ქვეყნდება ინფორმაცია მათზე, ვისაც პროექტის ადმინისტრაცია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემცველ საქმიანობასთან აკავშირებს. ეს საიტი არც სახელმწიფო რეესტრია და არც სხვა რომელიმე სახელისუფლებო ორგანოს პლატფორმა, რის გამოც იქ მოხვედრა არ ნიშნავს, რომ ამას სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება.
პროექტის ვებგვერდის მიხედვით, იულია ვოლკოვა „მიროტვორეცის“ ბაზაში 2020 წლის სექტემბერში შეიყვანეს. მიზეზად მითითებულია მისი კონცერტები ანექსირებულ ყირიმში და 2018 წელს ქერჩის ხიდის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდა.
უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეგნებული დარღვევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში შეღწევის მიზნით. <...> ანექსირებულ ყირიმში უკანონო საკონცერტო საქმიანობა. რუსეთის აგრესიისა და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობის საჯარო მხარდაჭერა
უკრაინულ არხზე იულია ვოლკოვამ თქვა, რომ ყირიმში ვიზიტების დროს თავს „სრულიად მშვიდად“ გრძნობდა.
„მე ნეიტრალური ვარ, ადამიანებს არ ვყოფ. <...> ყველაფერი, რაც გარშემო ხდება, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ამ საკითხებს არ ვუღრმავდები და არ ვერევი. ჩვენი რა ბრალია“, – თქვა მან
ჯგუფის მეორე სოლისტი ლენა კატინა „მიროტვორეცის“ სიაში 2018 წელს შეიყვანეს, მას შემდეგ, რაც იგი ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში გამართულ ღონისძიებებზე გამოვიდა.
2014 წელს, უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ლენა კატინა სოციალურ ქსელებში ანტისაომარ განცხადებებს აქვეყნებდა. ერთ-ერთ პოსტში მან აღნიშნა: „ძალიან მინდა, რომ დედამიწაზე მშვიდობა იყოს! ომის დედაც – ეს ჩვენი სლოგანია!!! და ყოველთვის ასეთი იქნება!!!“
2003 წელს t.A.T.u-ს წევრები ამერიკულ ტელევიზიაში გამოჩნდნენ მაისურებით წარწერით „Х..й войне“ [ომის დედაც], რითაც მათ ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია გააპროტესტეს. თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ჯგუფის არცერთ წევრს ომი საჯაროდ არ დაუგმია.
სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის, ჯგუფის წარმომადგენლებს და ბათუმის კონცერტის ორგანიზატორებს რადიო თავისუფლების კითხვებზე არ უპასუხიათ
„მადლობა რუს ჯარისკაცს“
კიდევ ერთი რუსული ჯგუფის „Воровайки-ს” კონცერტი ბათუმში, კლუბ Teatro-შია დაგეგმილი. ბილეთების ფასი 80 ლარია. სოცქსელებში ანონსების ქვეშ დატოვებულ კომენტარებში ძირითადად ნოსტალგიური განწყობა ჩანს - რუსულენოვანი მომხმარებლები წერენ, რომ ეს მათი ბავშვობის მუსიკაა.
„Воровайки“ 1999 წელს დაარსდა და შანსონს ასრულებს. ჯგუფმა სახელი ციხისა და ქუჩური ცხოვრების თემატიკით გაითქვა. საქართველოში ისინი ახალი შემადგენლობით ჩამოდიან.
„ჩვენი ფანები მსოფლიოს ყველა კუთხეში არიან. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს კონცერტზე მეგობრული ატმოსფერო იქნება, რადგან ეს თანამოაზრეთა შეხვედრა იქნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯგუფის დირექტორმა ივან ლუშნიკოვმა.
სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის კლუბ Teatro-ს წარმომადგენლებს არ გაუციათ პასუხი რადიო თავისუფლების შეკითხვებზე.
ჯგუფ „Воровайки-ს“ იმის გამოც აკრიტიკებენ, რას მღერიან და იმის გამოც, სადაც მღერიან. 2019 წელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჯგუფის წევრებს ქვეყანაში შესვლა სამი წლით აუკრძალა. გადაწყვეტილება ნაწილობრივ უკავშირდებოდა სიმღერას „Хохлы“ (რუს. хохол არის სლავური წარმოშობის სიტყვა, რომელიც აღნიშნავს უკრაინელების დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მეტსახელს). „თუ საჭირო გახდა, ოდესასაც წავართმევთ“, („Если будет надо, заберем Одессу“) „ქათამი ჩიტი არაა, ხოხოლების ქვეყანა კი საზღვარგარეთი”. („Курица не птица, хохлы не заграница“) - მღეროდნენ ჯგუფის წევრები. თავად მუსიკოსების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ამ სიმღერით რუსეთის პროპაგანდას დასცინოდნენ.
ღია წყაროების მიხედვით, 2017 წელს „Воровайки“ ოკუპირებულ ლუგანსკში გამოვიდა. ბათუმში დაგეგმილი კონცერტის შემდეგ კი მათ ანექსირებულ ყირიმშიც აქვთ კონცერტები დაგეგმილი.