კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც შტატების მხრიდან რუსულ დიზელზე შეზღუდვების მოხსნას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა.
„ჩვენ, თავის დროზე, გახსოვთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ, რამხელა კამპანია მოჰყვა ამ ყველაფერს. ამ ფონზე ვხედავთ, რომ სანქციების შემსუბუქება მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ“, – აღნიშნა პრემიერმა.
ჩვენი ხელწერა არის ძალიან ცხადი; ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ყველგან და ყველას მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ადამიანის წარსული, როგორია პატიმრის წარსული, რა დანაშაულები აქვს მას ჩადენილი, ადამიანის უფლებები უნდა იყოს ყველგან განუხრელად დაცული.
„რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბატონი დავითაძის მიმართაც. თუმცა, ასეთ დროს, ჩვენ ვიხილეთ სპეკულაციური განცხადებები, ცრუ ბრალდებები, რაც ძალიან სამწუხაროა. ყველაფერს მოეფინა ნათელი ძალიან მარტივად, ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა ამ ხელისუფლების პირობებში. თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე და ამის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ვითარება. ამას ადასტურებს ძალიან ბევრი რამ, მათ შორის სტატისტიკა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც შემცირებულია დაახლოებით ექვსჯერ სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს არის ზუსტად იმის შედეგი, რომ დღეს მოქმედებს ჰუმანური სისტემა, ჰუმანურობის პრინციპი მოქმედებს სასჯელაღსრულების სისტემაში და ჩვენ ვაპირებთ ამ ხელწერით მუშაობის გაგრძელებას“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, დადგინდა, რომ გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესთი ინთერნეიშენალის“ მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციამ, სამწუხაროდ, დაკარგა ნდობა.
„ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები ამ ორგანიზაციის მხრიდან, შესაბამისად ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციამ, სამწუხაროდ, დაკარგა ნდობა. ეს არის რეალობა. აქედან გამომდინარე, მე რუბიოს დამოკიდებულება ამ ორგანიზაციისადმი საერთოდ არ მიკვირს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.