საგარეჯოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, გიორგი ქურდოვანიძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ქონების მართვის განყოფილების უფროსია..
დაკავებული და მოკლული, 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილი ბავშვობის მეგობრები იყვნენ.
მამაკაცს ერთ ტყვია გულში აქვს მოხვედრილი. როგორც მოკლულის მამა ჰყვება, მისი შვილი გუშინ ღამის 2 საათზე გავიდა სახლიდან, 4 საათზე კი შეატყობინეს, რომ სოფელ ანთოკში გარდაცვლილი ნახეს. ის ვარაუდობს, რომ ქურდოვანიძემ მისი შვილი მანქანაში მოკლა და შემდეგ ცხედარი სოფელში დატოვა.
"სახლიდან გავიდა 2 საათზე და ალბათ მალევე შეხვდა მკვლელს. მე გავიგე 4 საათზე, ჩემმა ძმამ დამირეკა და შემატყობინა ეს ამბავი. სხვა დეტალები არ ვიცი. ავტომობილში მოუკლავს და მერე მანქანიდან გადააგდოო, ასე თქვეს. დეტალები ზუსტად არ ვიცი. საგარეჯოში ჩაისვა მანქანაში მკვლელმა, არ ვიცი სად მოკლა, რა მოხდა, სხვა დეტალები არ ვიცი. შეიძლება აქვე მოკლა და სოფელში ჩამოაგდო.
მკვლელი გიორგი ქურდოვანიძეა, ბავშვობაში მეგობრები იყვნენ. რა მოხდა არ ვიცი. მოკლული მწყემსმა იპოვა. ერთი ტყვია აქვს გულში მოხვედრილი. მოტივი რა არის არ ვიცი. ალბათ ძალიან დიდი უთანხმოება მოუვიდათ, სავარაუდოდ ყოფით ნიადაგზე დაპირისპირება. მაგას პოლიცია გაარკვევს" - ამბობს მოკლულის მამა.