4 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ორი სახის ინფორმაცია, ერთის თანახმად „ბაკურიანის“ წყლის დალევის შედეგად, ინტოქსიკაციით „იაშვილის კლინიკაში“ 120 ბავშვი იმყოფებოდა, მეორე ამბის მიხედვით კი „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული წყლით მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ინფორმაცია 120 ბავშვის მოწამვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რაზეც იაშვილის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ განცხადებაც გამოაქვეყნა. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინტოქსიკაციის დიაგნოზით, საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობდა და ინტოქსიკაციის მიზეზები მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით იმყოფება 120 ბავშვი, არ შეესაბამება სინამდვილეს. დღევანდელი დღის მონაცემებით ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზები. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია“, – ნათქვამია იაშვილის კლინიკის განცხადებაში.


მალევე, აღნიშნულ საკითხზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, თუმცა, 5 თებერვალს, მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა.

„შეტყობინება მცირეწლოვანი ბავშვის, სავარაუდოდ, წყლით - „ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციის შესახებ უწყებამ გუშინ მიიღო და ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო მოკვლევა. „სააგენტოს ინსპექტორებმა წყლის დამფასოებელ საწარმოში განახორციელეს არაგეგმური ინსპექტირება.
სააგენტოს ინსპექტირებმა მოკვლევის შედეგად დადგენილი პარტიიდან აიღეს წყლის ნიმუშები, რომლებიც აკრედიტებულ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა.
„ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარდა შემდეგ მაჩვენებლებზე: ფერიანობა, სუნი, გემო, სიმღვრივე,PH (წყალბადის მაჩვენებელი), სიხისტე, ქლორიდები, საერთო მინერალიზაცია, ტყვია, კადმიუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, პერმანგანატული ჟანგვადობა. კვლევის შედეგად, შეუსაბამობა არცერთ მაჩვენებელში აღინიშნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


„ბაკურიანი ციდასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას იმ დღესვე გამოეხმაურა აღნიშნული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოც“. მათი მტკიცებით, ნიმუშები გადამოწმდა და დარღვევა არ გამოვლენილა.


„კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა“, - წერს „IDS ბორჯომი საქართველო“.
კომპანიის ინფორმაციით, გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლიც, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას. 


სკანდალი ამით არ დასრულებულა, 5 თებერვალს, მოქალაქე ნინო ფრიდონიშვილმა სოციალურ ქსელში „ბაკურიანი ციდას“ წყლით მცირეწლოვანთა ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და წერს, რომ ბოთლი, რომლიდანაც მცირეწლოვანმა (მისმა ძმისშვილმა) სითხე მიიღო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გადასცეს, ხოლო ექსპერტიზის შედეგად ბოთლში აზოტმჟავა იქნა აღმოჩენილი.

ფრიდონიშვილი აღნიშნულის დასადასტურებლად ანალიზის შედეგად მიღებულ დასკვნის ფურცელსაც ასაჯაროვებს.


"ხალხო, ჩემი ძმისშვილი იაშვილში გადაიყვანეს ყელის დამწვრობით. გლოვოთი რამდენიმე ბაკურიანის პატარა ციდას ბოთლი გამოიძახეს, თავისი ხელით გაუხსნეს დალუქული ბოთლი და მიაწოდეს ბავშვს, ბავშვმა მოსვა თუარა გადმოაფურთხა და დაიწყო კივილი, ღმერთის წყალობით გადავრჩით ფატალური შედეგისგან რომ არ გადაყლაპა.
აღნიშნული ბოთლი გადავეცით სამხარაულს ანალიზისთვის და დადგინდა რომ მასში იყო სუფტა აზოტმჟავა, დანარჩენი ბოთლები აქვს გამოძიებას.
ვრცელდება ინფორმაცია რომ ჟვანიაში წევს ბავშვი, რომელსაც ციდას ბოთლში ჩასხმული ქლორის შეცდომით მოსმის შედეგად ჩაეწვა ყელი, ეგ სხვა ბავშვია და არარის ერთი და იგივე ქეისი. იაშვილმა მაშინვე შეატყობინა პოლიციას ეს ამბავი და მიმდინარეობს გამოძიება". - წერს ფრიდონიშვილი სოციალურ ქსელში.


ასევე, ბავშვის მამა ესაუბრა „რადიო თავისუფლებას“, ინტერვიუში იგი ყვება, რომ წყალი „ბაკურიანი ციდა“ „გლოვოს“ აპლიკაციით გამოიძახეს სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორას“ ერთ-ერთი მაღაზიიდან საბურთალოზე.

„ამ ბოთლის წყალს ვსვამთ თითქმის ოთხი წელია უკვე. ონკანის წყალი ზოგჯერ ისეთი ქლორიანია ხოლმე, ბავშვი რომ შეგვეძინა, ვიფიქრე, უფრო უსაფრთხო იქნება-მეთქი. როდესაც ბავშვმა ერთ-ერთი ბოთლიდან რამდენიმე ყლუპი მოსვა, პირი დაეწვა, კივილი დაიწყო და არაერთხელ აღებინა. შემდეგ დედამისმაც გასინჯა წყალი, რამ მისცა ასეთი რეაქციაო. დედას ცალკე დაეწვა ენა“, - ამბობს ბავშვის მამა, გიორგი წერეთელი.


დედის, ქეთი ჭელიძის თანახმად, პირ-ხახის დამწვრობის გარდა, ბავშვს სითხე მუცელზეც მოხვდა და დამწვრობის კვალი სხეულზეც დაუტოვა. მცირეწლოვანი ბავშვი სასწრაფო დახმარებამ ჯერ ჟვანიას კლინიკაში წაიყვანა, იქიდან კი - ექიმების რეკომენდაციით - იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში. ამ დროს უკვე საღამოს ათი საათი იქნებოდა.


იაშვილის კლინიკის გაცემული ცნობით (ფორმა #100), ექიმების დასკვნა ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ასეთია:
„დაუზუსტებელი კოროზიული სუბსტანციების ტოქსიკური ეფექტი“
„კოროზიული მჟავების და მჟავისმაგვარი სუბსტანციების ტოქსიკური ეფექტი“.
მშობლებმა ექიმებსაც იგივე ამბავი უამბეს, რაც გადახდათ:
სასწრაფოს გამოძახებამდე ერთი საათით ადრე დალია „გლოვოს“ კურიერის მარკეტიდან მოტანილი წყლის ბოთლიდან სითხე, „აღენიშნა ყლაპვის გაძნელება“, მრავალჯერადი ღებინება, ძლიერი ჭირვეულობა.
ექიმის დაკვირვებითაც, ბავშვს მუცელზე ეტყობოდა კანის მთლიანობის დარღვევა. მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც „საშუალო სიმძიმისა“.

გიორგი წერეთლის თქმით, არც ჟვანიას კლინიკასა და არც იაშვილის კლინიკაში შესაბამისი ლაბორატორიები არ ჰქონიათ, რომ გაერკვიათ, რა დალია ბავშვმა, რამ გამოიწვია დამწვრობა, ამიტომ ბოთლი, - რომელიც თან ჰქონდათ, - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაგზავნეს.

რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში?
ბოთლი ექსპერტიზაზე მეორე დღეს, 3 თებერვალს შეიტანა ბავშვის ბებიამ, მარიამ წერეთელმა. კითხვა ასე იყო ფორმულირებული:

„გთხოვთ, დაადგინოთ, „ბაკურიანი ციდას“ წარმოდგენილი 350 მლ ბოთლი შეიცავს თუ არა ტოქსიკურ ნივთიერებას, რასაც შეეძლო გამოეწვია ლორწოვანი გარსის-საყლაპავის-ხახის დამწვრობა/დაზიანება“.
ოჯახს პასუხი 4 თებერვალს მიუვიდა: „ბოთლში ... მოთავსებული ძლიერი მჟავური ბუნების მქონე უფერო, გამჭვირვალე სითხე შეიცავს აზოტმჟავას“.


სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა განსაზღვრა ხსნარის მჟავიანობაც (pH).
ზოგადად, pH სკალა 0-დან 14-მდე მერყეობს.
pH7 (ნეიტრალური) ნიშნავს, რომ წყალი სუფთაა.
დაბალი დონე მიუთითებს მჟავე ნაერთების არსებობაზე, - რაც საზიანოა ჯანმრთელობისათვის. ანალიზის შედეგი ასეთი იყო: pH-0.55.

კითხვაზე - როგორ მოხვდა აზოტმჟავა ბოთლში, პასუხი ჯერჯერობით არავის აქვს. ოჯახის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
შსს-ში ჯერჯერობით არ ასახელებენ გამოძიება რა ეტაპზეა.

„პოლიციას აინტერესებდა კურიერი, - აინტერესებდათ რა წარმომავლობის იყო - ქართველი იყო თუ უცხოელი“, - ამბობს ბავშვის მამა.
მისივე თქმით, იმ ბოთლთან ერთად, - რომლიდან დალეული სითხითაც ბავშვმა დამწვრობა მიიღო, - გამოძახებული ჰქონდა კიდევ ექვსი ბოთლი.
„ჯამში შვიდი იყო „ბაკურიანი ციდას“ ბოთლი. დანარჩენი ბოთლები პოლიციამ წაიღო და გვითხრეს, რომ თავად შეამოწმებენ“.

"გლოვო" და სუპერმარკეტი "ნიკორა" ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებენ, თუმცა, მედიასაშუალებებთან ამბობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და მათი მხრიდან რაიმე გადაცდენას ადგილი არ ჰქონია.


 „IDS ბორჯომი საქართველოს“,  კომენტარი მედიასაშუალებებთან და მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადება კი მუდმივად ერთიდაიგივე ინფორმაციას მოიცავს, რომელშიც მსგავსი ტექსტები იკითხება:


-„საწარმოში დანერგილია პროცესების კონტროლისა და წარმოების უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტი, რაც გამორიცხავს პროდუქტში უცხო ნივთიერებების მოხვედრას“;
-„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა ჩვენი წარმოება, მათ შორის, უშუალოდ საწარმოო პროცესი და „ბაკურიანი ციდას“ კონკრეტული პარტია;
შემოწმების შედეგების თანახმად, ჩვენს ქარხანაში დანერგილი საწარმოო პროცესი უზრუნველყოფს უსაფრთხო პროდუქტის წარმოებას;
-ამასთან, ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ აღნიშნული პარტია უსაფრთხოა გამოყენებისთვის და შეესაბამება ყველა სტანდარტს“.

საბოლოოდ ამბის დასკვნა კი ამჟამად ასეთია:

ახლა, მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ როგორ წარიმართება გამოძიება და რა კვალზე გავა შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ავტორი: ია გრიგალაშვილი