დღეს ბაქოში გაიმართა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-10 სხდომა, გარდა ამისა ჩვენ გვქონდა საშუალება, პირადად შევხვედროდით, გვესაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აზერბაიჯანულ მხარეს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის.
„მე მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტ ალიევს ძალიან თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის შემდგომი გაღრმავება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც ჩვენთვის, ასევე, დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტს, ბატონ ალიევს მისი მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და მისი წვლილისთვის, რომელიც მას აქვს შეტანილი ქართულ - აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავებაში,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
„საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ფარგლებში მქონდა პატივი, შევხვედროდი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი დიალოგი ორმხრივი და რეგიონული მნიშვნელობის ძირითად საკითხებზე. ხაზი გაესვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა გზას გაუხსნის ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას“, - აღნიშნავს პრემიერი.
მთავრობის მეთაურის თქმით, არსებული პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნას ათვისებული და სწორედ ამას ემსახურება ერთობლივი პროექტები.
„ჩვენ, ორ ქვეყანას ერთად შეგვიძლია განსაკუთრებული როლი შევასრულოთ დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ჩვენ, გეოგრაფიულად ერთმანეთს ვაკავშირებთ ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს და მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ეს პოტენციალი. სწორედ ამას ემსახურება ის პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა ორი სახელწმიფოს თანამონაწილეობით, საუბარი მაქვს სტრატეგიულ პროექტებზე და როგორც უკვე აღინიშნა, არის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ფუნქციის მაქსიმალურად ათვისებას ჩვენი სახელმწიფოების მიერ. მზად ვართ, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა და ვიმუშაოთ აქტიურად,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას.
ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი საქართველოში მიიწვია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მოხარულები ვართ, რომ ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი ჩვენს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ხუთეულში იკავებს ადგილს. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და ამაზეც გვქონდა საუბარი დღევანდელ კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე.
ჩვენს ურთიერთობასა და თანამშრომლობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი, რაც არის ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ხალხების წინაშე, რომ ამ მეგობრობის საფუძველზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. ამისთვის ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, პარტნიორებს, პირადად ბატონ პრეზიდენტს, მათი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, არაჩვეულებრივი პარტნიორობისთვის. ამ სულისკვეთებით, ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი მაქსიმალური თანამშრომლობა და მეგობრობა. ჩვენ ველით პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ წელს გვექნება მისი მასპინძლობის საშუალება ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ჰქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა, სადაც საუბარი შედგა, როგორც ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე.
„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ როგორც ორმხრივ თანამშრომლობაზე ორ ქვეყანას შორის, ასევე განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, გლობალურად მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პროცესები გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ყველა გამოწვევასთან ერთობლივად გამკლავება. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რამდენადაც ეს ჩვენთვის იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ეკონომიკური განზომილება.
„პრეზიდენტმა აღნიშნა იმ სტრატეგიული პროექტების თაობაზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი ორი ქვეყნის თანამონაწილეობით და ამ პროექტებს აქვს სტრატეგიული, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობა. ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალშიც ასეთი ტიპის პროექტების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ახალი პროექტების ინიცირება. ჩვენთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ არის ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და ამ კუთხითაც ეკონომიკურ თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს კომისიის შეხვედრის ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებისა და დელეგაციის მასპინძლობისათვის.
„მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანულ მხარეს კომისიის შეხვედრის ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის, ჩვენი დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისათვის. ეს კომისია შესანიშნავი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენს პარტნიორობასა და თანამშრომლობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი და ეს არის ტრადიციული, ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის. სწორედ, ამ ისტორიულ მეგობრობას ეფუძნება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. დარწმუნებული ვარ, სამომავლოდაც ჩვენი პარტნიორობა ამ სულისკვეთებითა და ამ საფუძვლით გაგრძელდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის სტრატეგიულ ეროვნულ ინტერესებს, ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ამ თვალსაზრისით ძალიან მყარი და ურყევი მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანის მხარეს და პირადად პრეზიდენტ ილჰამ ალიევს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო,“- განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და არჩევნებში გამარჯვების მილოცვისთვის.
„უღრმესი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, უღრმესი მადლობა მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ არჩევნებში გამარჯვების მოლოცვისთვის. ნამდვილად ასეა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა ჩვენს რეგიონში და ამ თვალსაზრისით ჩვენი ორი სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თქვენ ხართ გამორჩეული ლიდერი, მისაბაძი. სამაგალითო ის, თუ როგორ ზრუნავთ თქვენ აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვაზე. აქედან გამომდინარე, თქვენთან სტუმრობა არის განსაკუთრებული პატივი ჩვენთვის და პირადად ჩემთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.