გია ბუღაძე: „თეა წულუკიანის მინისტრობით, კულტურაში ცენზურა გაძლიერდება!“

ექსკლუზიური ვერსია
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„მალე დაინახავთ, როგორ დადგება არმია, რომ ამ ქალს თავი მოაწონოს!“ _ გია ბუღაძის სკანდალური ინტერვიუ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბრუნდება _ კულუარული ინფორმაციით, ის შესაძლოა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ახლადშექმნილი სამინისტროს პირველი პირი გახდეს. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად იყოფა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა უწყება დამოუკიდებელ სამინისტროდ ყალიბდება... კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის შესაძლო დანიშვნას, „ვერსიასთან“ საუბრისას, მხატვარი გია ბუღაძე აფასებს:

_ სიმართლე რომ გითხრათ, ეს ამბავი ნაკლებად მაღელვებს.

_ რატომ?

_ 12 წელია, კულტურის სამინისტროში ფეხი არ შემიდგამს და მინისტრი ვინ იქნება, სულ არ მაინტერესებს...

_ შეიძლება, თუმცა თქვენი, როგორც კულტურის სფეროს წარმომადგენლის აზრი მნიშვნელოვანია. ჰოდა, ბატონო გია, რას ფიქრობთ, წულუკიანი როგორი მინისტრი იქნება?

_ ცუდი და ჩამოქცეული ქვეყნის კულტურის სიმბოლური მინისტრი იქნება.

_ თუ წულუკიანი ცუდი მინისტრი იქნება, თქვენი აზრით, ხელისუფლებამ რატომ გადაწყვიტა, რომ კულტურის მინისტრად სწორედ ის დანიშნოს?

_ კონტროლისთვის... მისთვის მთავრობაში ყოფნა უკეთესია, ვიდრე _ პარლამენტში, რადგან მინისტრობასაა მიჩვეული, თან ცენზურა გაძლიერდება...

_ ცენზურის რა გითხრათ, მაგრამ არ მგონია, წულუკიანი კულტურის სფეროს იცნობდეს _ იურისტია და მისი საქმიანობა აქამდე კულტურისგან შორს იყო...

_ ამასთან დაკავშირებით, ერთ რამეს გეტყვით: ვიცი, რომ თანამედროვე არტში რაღაცები იცის.

_ ეს საიდან იცით?

_ იქ, სადაც მუშაობდა, ჩემი ახლობლებიც მუშაობდნენ, სწავლობდნენ და ვიცი, რომ დადიოდა თანამედროვე ხელოვნების გალერეებში და აქციებს ესწრებოდა. ეს მის ახალგაზრდობაში ხდებოდა. ასე რომ, ეტყობა, გარკვეული ამბიცია აქვს, მაგრამ ეს სრულებითაც არაა საკმარისი, რომ სათავეში კულტურას ჩაუდგეს და პოლიტიკა წარმართოს. მით უმეტეს, რომ ეს სფერო საშინლად მიგდებულია და ათამაშებენ _ როცა სჭირდებათ, დაკეტავენ, შეაერთებენ, გადმოაერთებენ და ა.შ.
ზოგადად, ეს ხელისუფლება კულტურას აგდებულად და ზედაპირულად უყურებს. მოკლედ, ეს თეასთვის გაკეთებული სამინისტროა, მისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად და თუ ცენზურის საშუალებითაც გააკონტროლებენ, ეგეც არ აწყენთ.

_ კულტურის სამინისტროს მიმართ ასეთი დამოკიდებულება ნორმალურია?

_ კარგი იქნება, თუ ეკონომიკის ან თავდაცვის სამინისტროს შეუერთებენ და... არ გამიკვირდება.

_ თეა წულუკიანი საზოგადოებას თავს მკვახე გამონათქვამებით ამახსოვრებს. ასეთი ხისტი იმიჯის მქონე პოლიტიკოსი კულტურის მინისტრად ივარგებს?

_ თავიდანვე გითხარით, შეუფერებელია-მეთქი, ვიმეორებ: პირადად ჩემთვის, გია ბუღაძისთვის, სულერთია, ვინ იქნება კულტურის მინისტრი, ისედაც არ მაინტერესებს, რა იქნება ამ ბიუროკრატიულ სისტემაში იმიტომ, რომ არ ვენდობი, არ მომწონს, ვერ ვიგებ და ვერ ვხედავ, რა ფუნქცია აქვს. ახლა იქ დადგება მლიქვნელთა მთელი არმია, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, გული აგერევა, რომ შეხედავ და სულ მალე დაინახავთ, როგორ დადგება არმია, რომ თავი მოაწონოს ამ ქალს. ის კი ეცდება, რომ თავის ძალაუფლება მაქსიმალურად გამოიყენოს.
გარდა იმისა, რომ ეს სასაცილოა, ამაზრზენიცაა!

_ ისე, ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეუწყვიტა დაფინანსება კულტურის სფეროს ბევრ წარმომადგენელს... ამ ადამიანების პროტესტის „მოთოკვას“ ხომ არ ეცდება წულუკიანი?

_ რითი უნდა მოთოკოს, დაფინანსებას მისცემს, თუ უფრო მეტად აქცევს მონებად? ისინი სჭირდებოდა ბიძინას, თან მწერლებზე, მსახიობებსა და მომღერლებზე ანუ ძირითადად იმ ადამიანებზე იყო საუბარი, რომლებიც ჩანან, თორემ იქ არ ყოფილა არც ერთი მხატვარი, გარდა რუსიკო ფეტვიაშვილისა, როგორც მახსოვს. ისეთი პირები იყვნენ, რომლებიც ჩანან იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა პოლიტიკური დივიდენდები და ემზადებოდა იმ საქმის „შესასრულებლად“, რომელიც „შეასრულა“. ეს იყო ინვესტიცია იმ პოლიტიკური დავალებისთვის, რომელიც მას უნდა შეესრულებინა ჩრდილოელი „ბატონის“ დავალებით.

_ ახლა თუ შეუწყდათ ეს დაფინანსება, მოვლენები როგორ განვითარდება?

_ არც არაფერი, წავიდნენ უკვე ისინი, უმეტესობა ჩემზე უფროსი თაობის ადამიანები იყვნენ. მათ კი არა, როგორც ინფორმაცია მაქვს, რამდენიმე აქტიურ პარლამენტარსაც შეუწყვიტა დაფინანსება, რომელსაც ოფიციალურ ხელფასთან შედარებით, სამჯერ და ოთხჯერ მეტს უხდიდა. მათი ხელფასების ეს დანამატი დააკისრა იმ ბიზნესმენებს, რომლებიც მაჟორიტარული სიით, სამადლოდ შეიყვანა პარლამენტში. რეალურად, კორუფციული აღებ-მიცემობის „ჯიგრულ პონტში“ ვართ, რომელშიც ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება და ვიქნებით მაჩანჩალა!
კულტურაზე ასეთ დამოკიდებულებას მე კი ირონიით ვუყურებ, მაგრამ ეს მწარე ირონიაა!
კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ: 12 წელია, კულტურის სამინისტროსკენ არც გამიხედავს და არც ვაპირებ, გავიხედო, თუმცა ისიც კარგად ვიცი, როგორია ხელოვან ადამიანთა მდგომარეობა და... ნახავთ, როგორ დადგება მლიქვნელთა რიგები...

_ ისე, პეტიცია შეიქმნა და დიდი პროტესტი გამოიწვია ამ საკითხმა. ელოდებით, რომ ამ ფონზე, წულუკიანმა მინისტრობაზე უარი თქვას?

_ არაა გამორიცხული, მაგრამ უკან ამათ გამო კი არ დაიხევს, არამედ, იმ ევროპელი, საქართველოზე მომუშავე ადამიანების რეაქციის გამო, რადგან, ფაქტობრივად, თავი მოიჭრა, შეირცხვინა...

_ ნიკა გვარამიას ნომრის გამოქვეყნებას გულისხმობთ?

_ დიახ, რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელი ზეუკულტურობის გამოვლენაა, რაც მისგან არ გამკვირვებია. პირადად მე, მასთან არაფერი მაინტერესებს, არც არაფერი მიმიღია და არც ვაპირებ, მაგრამ მეცოდება ეს ქვეყანა, მეტი არაფერი.
მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე კანდიდატურას განიხილავდნენ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე. საუბარი იყო გოგა ხაინდრავაზე, ნუკრი ქანთარიასა და ელისო ბოლქვაძეზეც, თუმცა გამოკვეთილი ლიდერი წულუკიანია. თავად განსაზღვრეთ, რომელი, რომელს სჯობს... ეს კიდევ ერთი ნიშანია, რა დღეშია ქვეყანა!