115 ახალი სტატია

როცა დუმილით სამშობლო გაიცემა...

ბლოგი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველებს საინგილოში, ზაქათალა-ბელაქნის რაიონებში დღემდე ახალშობილისთვის ქართული სახელების დარქმევის უფლებაც კი არა აქვთ, ხოლო ძველი ქართული გვარები მოგონილი აზერბაიჯანული გვარებით აქვთ შეცვლილი პასპორტებში (ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან), იმ დროს, როდესაც კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში არცერთ აზერბაიჯანულ სახელმწიფო უწყებას არასდროს გამოუქვეყნებია ინფორმაციები ოფიციალურ საიტსა თუ ფეისბუქის გვერდზე ეროვნული უმცირესობის (ქართულ) ენაზე და მსგავსი პრეტენზიის და მოთხოვნის დაყენებას ვერც კი გაბედავენ აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველები, საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელმა ნაშირ ორდუხანოვმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა ბოლნისის მერიის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტსა და ფეისბუქის გვერდზე სახელმწიფო ენის - ქართულის პარალელურად ყველა ინფორმაციის აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნების მოთხოვნით.

რადიო მარნეულის ინფორმაციით, 2 აპრილს სასამართლომ მომჩივანის მტკიცებულებები და ბოლნისის მერიის შუამდგომლობა განიხილა.

„ორდუხანოვის თქმით, სასამართლო პროცესზე ბოლნისის მერიის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა, რათა შესწავლილიყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა იცის აზერბაიჯანულ ენაზე წერა-კითხვა. მისივე განმარტებით, მოსამართლე ნონო გიორგაძემ მერიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საქმესთან დაკავშირებით მომდევნო სასმართლო სხდომა 13 აპრილსაა ჩანიშნული“ - ვკითხულობთ რადიო „მარნეულის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბოლნისის მერია საპასუხოდ აცხადებს, რომ „დისკრიმინაციას ამ შემთხვევაში  ადგილი არ ჰქონია “. ბოლნისის მერიის მიერ რადიო „მარნეულისთვის“ გაგზავნილ ინფორმაციაში ნათქვამია: „მოქალაქე ნ. ო-ს სარჩელში ფაქტობრივ გარემოებად მოყვანილი აქვს სტატისტიკა ქვემო ქართლში, და მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ.  შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნაც გამომდინარეობს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლიდან, და მოთხოვნილია მუნიციპალიტეტის ფეისბუქ და ვებ გვერდის თარგმნა  აზერბაიჯანულ ენაზე.  სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ  აქცენტი გააკეთა იმ გარემოებაზე, რომ  ძირითადად ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა ექმნებათ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ასაკოვან მოსახლეობას, განსხვავებით ახალგაზრებისაგან, რომელთა უმეტესობამ მეტ-ნაკლებად იცის ქართული ენა და  შეუძლიათ სახელმწიფო ენაზე მიწოდებული ინფორმაციის გაგება.  

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, იმ შემთხვევაში როცა მოთხოვნილია ინფორმაციის თარგმნა ინტერნეტ სივრცეში, ამ მომსახურების მიღება უნდა შეძლონ  კიდეც  იმ პირებმა, ვისთვისაც მოთხოვნილია  თარგმნის მომსახურება. სტატისტიკური მონაცემების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის მიზანიც სწორედ წარმოადგენდა იმის გარკვევის შესძლებლობას,   რამდენად შეეძლო ამ მომსახურების მიღება ეთნიკურად აზერბაიჯანელ ასაკოვან მოსახლეობას,   რამდენად შეეძლოთ მათ (ასაკოვან მოსახლეობას) ასევე  ინტერნეტის მოხმარება, ისე როგორც შესაძლებელია არც  ასაკოვან ქართველ მოსახლეობას შეეძლოს ინტერნეტის მოხმარება, რაც ასევე ჩვენი მხიდან ითქვა სასამართლო სხდომაზე.  თუ შუამდგომლობა დაყენებული იყო მხოლოდ ეთნიკურად აზრებაიჯანელ ასაკოვან მოსახლეობასთან  მიმართებით, ეს გამომდინარეობდა მხოლოდ სარჩელიდან და სხვა ინტერპრეტაცია აღნიშნულს ჩვენი მხრიდან არ ჰქონია.  დისკრიმინაციას ამ შემთხვევაში  ადგილი არჰქონია, ვინაიდან  ჩვენი მხიდან  არ მომხდარა მოსაჩელე მხარის  უფლებების შეზღუდვა ან/და დარღვევა, ან/და  უპირატესობის დემონსტრირება...

მოგეხსენებათ, მთავრობისა და საჯარო უწყებების ფეისბუქ გვერდებზეც ინფორმაცია იტვირთება მხოლოდ სახელმწიფო ენაზე.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების საკითხში, თანმინდევრულად მიყვება სახელმწიფო პოლიტიკას.
ბოლნისში და ზოგადად მთელს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომობის მიზნით, 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობისა და გაზეთის რედაქციის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ბოლნისის გაზეთმა აღადგინა ინფორმაციების გავრცელება ორ ენაზე. 2020 წლის აპრილიდან როგორც გაზეთის ბეჭდურ ვერსიაში, ისე ვებგვერდზე gazetibolnisi.ge, კონკრეტული ნიუსები,  რომელიც მნიშვნელოვანია და უნდა მოიცვას ფართო მასშტაბებს, ნათარგმნია  აზერბაიჯანულ ენაზე“.
შეადარებისთვის - საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში, ზაქათალის, კახის და ბელაქნის რაიონების ადმინისტრაციათა ოფიციალურ საიტებსა თუ ფეისბუქის გვერდებზე ვერსად ნახავთ აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებებს ეთნიკური უმცირესობის (ქართულ) ენაზე. საქართველოსგან განსხვავებით, სადაც არსებობს აზერბაიჯანულენოვანი მედია და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელევიზიით სისტემატიურად გადასცემს მოამბეს აზერბაიჯანულ ენაზე, აზერბაიჯანში ქართული მედია პრაქტიკულად არ არსებობს და არც აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს საინფორმაციო გამოშვებებს ქართულ ენაზე. მეტიც, საინგილოში ზაქათალის რაიონში მცხოვრებ აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველებს შეზღუდული აქვთ შვილებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებაც კი. ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადში, რომლის მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა - 98% ეთნიკური ქართველია (ალიაბადში 15 ათასზე მეტი ჩვენი თანამემულე ცხოვრობს), 4 სკოლიდან მხოლოდ 1 სკოლაშია შემორჩენილი ქართული სექტორი და მასაც დაკეტვა ემუქრება. ქართული სექტორი მხოლოდ ალიაბადის #1 სკოლაშია და ქართულ ენაზე ყველა კლასში 100 მოსწავლეც კი არ სწავლობს. მიმდინარე სასწავლო წელს ქართულ სექტორზე პირველ კლასში მხოლოდ 10 მოსწავლე ჩაირიცხა, ხოლო წინა წელს მოსწავლეთა სიმცირის მიზეზით, ქართული სექტორზე პირველ კლასში არავინ მიიღეს და მშობლები იძულებული გახდნენ, პირველკლასელები აზერბაიჯანულ და რუსულ სექტორებზე შეეყვანათ. სამ სკოლაში ქართული სექტორების დაკეტვის გამო დაბა ალიაბადში მცხოვრები ინგილო ქართველთა აბსოლიტური უმრავლესობა იძულებულია შვილები აზერბაიჯანულ და რუსულ სექტორებზე შეიყვანონ. ალიაბადის მეზობელ სოფელ მოსულში 3000-მდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს (სოფლის მოსახლეობის 98 %). საინგილოს სკოლებში არსებული სიტუაციის საილუსტრაციოდ ერთი ფაქტის გახსენებაც კმარა - 2018 წელს, ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულის სკოლის დირექტორმა მუსა მამედოვმა ქართული სექტორის პედაგოგები და მოსწავლეები პირადად მკაცრად გააფრთხილა - სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით 14 ივნისს დაგეგმილ გამოსაშვებ საღამოზე არ ვნახო ქართული წარწერებიო (ცხადია დირექტორსაც „ზემოდან“ დაავალებდნენ ამის გახმოვანებას). არადა, მოსულის სკოლის ქართველ მოსწავლეებს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღისთვის მომზადებული ჰქონდათ მაისურები სრულიად უწყინარი ქართული წარწერებით - „მშვიდობით სკოლავ!“ და ა.შ. სამწუხაროდ, სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მოსულის სკოლის ქართული სექტორის მოსწავლეებს სრულიად უკანონოდ არ მიეცათ მშობლიურ ენაზე წარწერების, ქართული ცეკვების ან სიმღერების შესრულების უფლება (აღსანიშნავია ისიც, რომ მოსულის სკოლის აზერბაიჯანულ სექტორზეც ინგილო ქართველი მოსწავლეები სწავლობენ). აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველოში, ქვემო ქართლის რეგიონში, აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებს არავინ უკრძალავს სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მშობლიურ ენაზე წარწერებსა თუ აზერბაიჯანულ სიმღერებს, რისი ამსახველი უამრავი ვიდეომასალაც თავისუფლად შეუძლია იხილოს იუთუბიზე ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

ბუნებრივია, ეს სამწუხარო მდგომარეობა სრულიად არ შეესაბამება იმ ტრადიციულ მეგობრობას, რაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებობს.

კომუნისტური რეჟიმის ბატონობის დროს, უკანასკნელ ათწლეულებში ისტორიული ქართული კუთხის - საინგილოს ბევრი ქართული სოფელი (ათასობით მცხოვრებით) ასიმილაცია-დენაციონალიზის პოლიტიკის შედეგად ყოფილ ქართულ სოფლად იქცა (შოთავარი, ჰენგიანი, ვერხვიანი, მარსანი, ზეგამი, თასმალო, ქეფენეხჩი, სოსიკაანთაკარი და ა.შ.). სანამ ზოგიერთი ქართველი ფსევდოლიბერალი ირონიულ სტილში აქტიურად „ხალისობს“ თემაზე „ქართველობას გვართმევენ“, საინგილოში საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ინგილოებს თანდათან გეგმაზომიერად ართმევენ ქართველობას, განმკითხავი კი არ ჩანს... ეს ის შემთხვევაა, როცა დუმილით სამშობლო გაიცემა...

 

 

სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი