როგორ აღნიშნავენ სიყვარულის დღეს საქართველოში - ბლოგი ვალენტინობაზე

ბლოგი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვალენტინობა, ეგრეთ წოდებული სიყვარულის დღე, რომელიც 14 თებერვალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, უმეტესგან არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაულს არ წარმოადგენს. როგორც წესი, ამ დღეს  შეყვარებული წყვილები აღნიშნავენ, დროს ერთად ატარებენ და ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. მისი წარმოშობის ისტორია რომ გამოვიკვლიოთ და ქრონოლოგიურად მივყვეთ, ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე. ზუსტი ცნობა იმის შესახებ, თუ რომელ წმინდა ვალენტინს უკავშირდება არ გვაქვს, რადგან ამაზე რამდენიმე მოსაზრება არსებობს. როგორც ცნობილია, 14 თებერვლის რომანტიკულ სიყვარულთან ასოცირებას სათავე ინ­გლი­სე­ლმა პო­ე­ტმა და პრო­ზა­ი­კო­სმა, ჯეფრი ჩოსერმა თავის პოემაში The Parlement of Foule შუა საუკუნეების მიწურულს დაუდო. ვა­ლენ­ტი­ნო­ბის რო­მან­ტი­კუ­ლი გა­და­აზ­რე­ბა უი­ლი­ამ შექ­სპირ­ის ნაწარმოებებშიც შეგხვდებათ. პირველი სასიყვარული ბარათი, რომელმაც ჩვენმადე მოაღწია და ამ დღის მისალოცად დაიწერა, 1415 წლი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. ის პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ ორ­ლე­ა­ნის ჰერ­ცოგს თა­ვი­სი ცო­ლის­თვის გა­უგ­ზავ­ნია.

საქართველოში, მართმადიდებლური ეკლესია, ჭეშმარიტ, სულიერი სიყვარულის დღეს 16 ივლისს აღნიშნავს - გერგეტობის დღესასწაულზე, რომელიც უწმინდესმა ილია მეორემ დააწესა 1980 წლიდან, ხოლო, სამოქალაქო, საერო სიყვარულის დღე საქართველოში - 1994 წლიდან გაზაფხულის შუა თვის, შუა რიცხვში ყოველ 15 აპრილს აღინიშნება, რომლის დაარსებასაც კონკრეტული სიყვარულის ისტორია უდევს საფუძვლად... თუმცა, წარსულის ძიებას ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ვალენტინობა, როგორც სიყვარულის დღესასწაული ქართულ რეალობაში უკვე რამდენიმე წელია აღიბეჭდა. მოგეხსენებათ, ქართველებს ნებისმიერ თემასთან მიმართებაში, აზრთა სხვადასხვაობა და ამაზე დავა გვჩვევია. გამონაკლისი არც ვალენტინობა აღმოჩნდა. ამ დღის მოახლოებასთან ერთად იწყება დავა იმაზე, არის თუ არა ეს ნამდვილი სიყვარულის დღე? რა საჭიროა სიყვარულის დღის აღნიშვნა?  ამაზე ყველას თავისი მოსაზრება გააჩნია და შესაბამისადაც ხვდებიან ვალენტინობას.

შეყვარებული წყვილების მაგალითი რომ ავიღოთ, ზოგიერთი მათგანი ბედნიერი ელოდება ვალენტინობის დადგომას,  რათა თავისი მეორენახევარი საჩუქრით გაახაროს და მასთან ერთად აღნიშნოს ეს დღე, მიუხედავად იმისა აღიარებს თუ არა და დაინტერესებულა თუ არა, წმინდა ვალენტინის ცხოვრებით. შეყვარებული წყვილების მეორე კატეგორია, ვალენტინობას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დღეს მეორე ნახევრისთვის საჩუქრის ჩუქება უკვე ტრენდად იქცა, მაინც ცდილობენ ერთმანეთი გულდაწყვეტილი არ დატოვონ. მესამე კატეგორია კი ვალენტინობას საერთოდ არ აღიარებს, ერთმანეთს არც საჩუქარს უსახსოვრებენ და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ცხოვრებას. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი უცნაური სულაც არ არის, თუმცა, რომ დავფიქრდეთ მაინც გასაკვირია, როგორ გამოიწვია წმინდა ვალენტინმა საზოგადოებაში ამხელა აჟიოტაჟი.

შეყვარებულ წყვილებს რომ თავი დავანებოთ, ერთ მხარეს დგანან ადამიანები, რომლებსაც მეორე ნახევარი ჯერჯერობით არ ჰყავთ ან ცალმხრივად არიან შეყვარებულები. აქ სიტუაცია უფრო სხვანაირად გამოიყურება, მათი ერთი ნაწილი ცდილობს არანაირი მოსაზრება არ გამოთქვას ვალენტინობაზე და არც აინტერესებს, მეორე ნაწილი წუხს, რომ არ  ჰყავს ის ვისთანაც ამ დღეს გაიზიარებდა, მესამეს კი უხეშად რომ ვთქვათ ვალენტინობის აღნიშვნა ეგოიმება და იუმორით/ირონიით უყურებს ამ ყველაფერს.

კითხვა - არის თუ არა ვალენტინობა ნამდვილი სიყვარულის დღე? პასუხის გაცემას ჩემი აზრით, დიდად არ საჭიროებს, რადგან როგორც აღვნიშნე სიყვარულის დღესასწაული საქართველოში 15 აპრილს და 16 ივლისსაც აღინიშნება, თანაც საქმე მის წარმოშობაში და ნამდვილობაში კიარა არამედ იმაშია, საჭიროებს თუ არა სიყვარული კონკრეტული თარიღის დაწესებას? ყველაზე მთავარი ამ ამბიდან სწორედ ესაა. დაფიქრებულხართ გულწრფელად  ამაზე? სიმართლე გითხრათ, მე იმ კატეგორიას მივეკუთვენები, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ეს დღე და მისი აღნიშვნა. განა იმიტომ, რომ ვფიქრობ ყოველი დღე სიყვარულისაა და ერთი დღის დაწესება მისთვის შეურაცხმყოფელი იქნება ან იმიტომ, რომ წმ. ვალენტინის ისტორიას არ ვაღიარებ, უბრალოდ არ ვიცი, ან ამაზე აქამდე არ დავფიქრებულვარ. დიახ, ვემხრობი მოსაზრებას, რომ ყოველი დღე სიყვარულისაა. ადამიანები ნებისმიერ მომენტში უნდა ვცდილობედეთ ერთმანეთის გულის გახარებას საჩუქრით, საქციელით თუ უბრალოდ სიტყვებით. ამაში ალბათ, არც არავინ შემეწინააღმდეგება. თუმცა, ობიექტურად რომ შევხედოთ, წლის მანძილზე უამრავ დღესასწაულს აღვნიშნავთ, როგორც საეკლესიოს, ისე საეროს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს კონკრეტული თარიღი, მოვლენა, პიროვნება, სამშობლო თუ წმინდანები მხოლოდ ამ დღეებში გვახსენდება. მაშინ, რატომ არ იმსახურებს სიყვარული, რომ მისთვისაც იყოს ერთი სიმბოლური დღე? რა მნიშვნელობა აქვს, ვალენტინობა ერქმევა, თუ უბრალოდ სიყვარულის დღე? ან თუნდაც, რატომ აღნიშნავენ ამ დღეს მხოლოდ შეყვარებული წყვილები? სიყვარული ხომ ყველანაირ ურთიერთობაშია და მოდით თავს უფლება მივცეთ და კიდევ მეათასედ ან პირველად ვაღიაროთ, რომ გვიყვარს... თუნდაც, 14 თებერვალს, 15 აპრილს ან 16 ივლისს.

სიყვარულზე საუბრისას, ხშირად მახსენდება ფრაზა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქართული ფილმიდან „შერეკილები“ - „სიყვარული... სიყვარულია მშობელი ოცნებისა. ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას. გონება აღძრავს ქმედებას... პლუს მინუს ემ ცე კვადრატ ეფ ფუძე, ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებელობისაკენ“

ბავშვობაში ვერ ვიგებდი რა შუაში იყო ემ ცე კვადრატი ამ ყველაფერთან, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველანაირი საგნობრივი გამოთვლით სიყვარული ადამიანში კეთილ ქმედებას აღძრავს და თუ ეს ასეა მაშინ, რატომ არ უნდა მივყვეთ ამ გამოთვლებს და არ მივიდეთ ქმედებამდე?

საბოლოოდ, კი კიდევ ბევრი ვალენტინობა დადგება და კიდევ ბევრი ადაიმიანი იკამათებს ამ თემაზე, თუმცა, ერთი ჭეშმარიტება ამ კამათისას ყოველთვის წამოიწევა და ეს ჭეშმარიტებაა, რომ ყოველი დღე სიყვარულს უნდა მივუძღვნათ და ამ სიყვარულში მხოლოდ ქალ-ვაჟური გრძნობა არ იგულისხმება.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი