არის თუ არა მაღალანაზღაურებადი "ინფლუენსერობა" საქართველოში - საინტერესო დეტალები ახალი პროფესიის შესახებ

ბლოგი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღევანდელ თანამედროვე სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ,,გავლენაა". ბოლო დროს, ორგანიზაციები და ბრენდები ადამიანებზე გავლენის მოსახდენად ნაკლებად იყენებენ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) ტრადიციულ საშუალებებსა და მეთოდებს.

ცვლილებები კომუნიკაციაში მსოფლიო მასშტაბით განაპირობა ციფრული სამყაროს, სოციალური ქსელების, ახალი მედიის შექმნამ და განვითარებამ. შეიცვალა სამყარო, მასთან ერთად - კომუნიკაციის ფორმები და საშუალებები, შესაბამისად, შეიცვალნენ ადამიანები, მათი შეხედულებები, განწყობები და, რაც ყველაზე მთავარია, მათი ნდობის ხარისხი.

პროდუქტის ან ბრენდის რეკომენდაციის გაწევა, მასზე საუბარი და ლოიალური მომხმარებლების გამოხმაურებების გაზიარება არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც დღეს არის. ბრენდები გაყიდვების სტიმულირებისთვის, იმიჯისა და რეპუტაციის შექმნისთვის დიდ დროს, სოლიდურ თანხებსა და ენერგიას ხარჯავენ. ეძებენ ნაკლებდანახარჯიან გზებს იმისთვის, რომ მიიტანონ მომხმარებლებამდე თავიანთი პროდუქტი ან მომსახურება, შეიქმნან ცნობადობა და დადებითი რეპუტაცია.

ციფრულ სამყაროში ახალმა მედიამ და სოციალურმა ქსელებმა დაამკვიდრა და აქტუალური გახადა სიტყვა "ინფლუენსინგი" (გავლენის მოხდენა). "ინფლუენსინგს" სპეციალისტები ახასიათებენ, როგორც საკომუნიკაციო შესაძლებლობას, რომლის მიზანია, გავლენიანი ადამიანების ძალისხმევით მოახდინონ წვდომა და ორმხრივი კავშირების შექმნა თავიანთ მიზნობრივ ჯგუფებთან, შეიქმნან ცნობადობა და მოახდინონ გაყიდვების სტიმულირება.

დღეს ყველას შეუძლია, გახდეს ინფლუენსერი, ბლოგერი, ვლოგერი. განსხვავებულობა, ინდივიდუალიზმი და საკუთარი თავის წარმოჩენა ძალიან პოპულარული და ხშირ შემთხვევაში, ონლაინ საზოგადოებაში მისაღები გახდა, რაც ძირითადად, სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება. ინფლუენსერების ძირითადი გამოწვევა არის: დამატებითი ღირებულების შექმნა კარიერისთვის, ცნობადობისა და იმიჯის შექმნა, რომელიც გენერირდება შემოსავლებში ან უბრალოდ, გართობასა და ჰობში.

დღევანდელ ტექნოლოგიურ ერაში, სადაც სოციალური ქსელებით ხდება ინფორმაციის შექმნა, გავრცელება და მართვა, მნიშვნელოვანი გახდა ინფლუენსინგი და ინფლუენსერების, ანუ გავლენიანი, ცნობადი ადამიანების რეკომენდაციებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება. დღეს მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი ადამიანი არის ჩართული სოციალურ ქსელ Facebook- ში, ხოლო Instagram-ს 1 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს აქტიურად. საქართველოში facebook-ზე 2 მილიონზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამდენი ადამიანის გაერთიანება ერთ სივრცეში, მნიშვნელოვნად იპყრობს მარკეტინგისა და კომუნიკაციის სპეციალისტების ყურადღებას. 2018 წელს 200 მილიონამდე აშშ დოლარი ჩაიდო ინფლუენსერ მარკეტინგში მსოფლიოს მასშტაბით. ყველაზე მეტი ინფლუენსერ კამპანია განხორციელდა:
ინსტაგრამზე – 80%;
ფეისბუქზე – 47%;
იუთუბზე – 37%.
ვინ არიან ინფლუენსერები და რას აკეთებენ ისინი ბრენდებისთვის?
გავლენა და გავლენიანი ადამიანები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის. უბრალოდ, შეიცვალა გავლენის საშუალებები. თუ ადრე გავლენა ძირითადად ტელევიზიაში, პრესაში და რადიოში ნაწილდებოდა, ახლა ახალი მედია და სოციალური ქსელები ქმნიან საინფორმაციო ამინდს. ინფლუენსერები თავიანთ ჯგუფში გავლენიანი ადამიანები არიან, რომლებიც ან თავისი საქმიანობით გახდნენ ცნობილები და სანდოები, ან სპეციალური კონტენტის შექმნით სოც. ქსელებში მოიპოვეს გავლენა და პოპულარობა. მათ ჰყავთ საკმაოდ დიდი აუდიტორია, მეგობრები/მიმდევრები და შეუძლიათ ბრენდისთვის მნიშვნელოვანი შედეგის მოტანა, ბრენდის სწორ სეგმენტზე გათვლა ამ სეგმენტზე მორგებული კონტენტის და გზავნილის შექმნა, ასევე, მათი ჩართვა დისკუსიაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც ყიდვით მთავრდება. საკმაოდ კარგი და ხარჯთეფექტიანი საშუალებაა ბრენდისთვის. ინფლუენსერი შეიძლება იყოს: ბლოგერი, ვლოგერი, ჟურნალისტი, ცნობადი სახე, ექსპერტი ან უბრალოდ, სხვადასხვა თემით დაინტერესებული ადამიანი, რომელიც აქტიურად იყენებს ახალი მედიის და სოციალური ქსელების პლატფორმებს ადამიანებზე გავლენის მოსაპოვებლად, დემონსტრირებას უკეთებს მისი ცხოვრების სტილს, ქმნის ვიზუალურ და ტექსტუალურ კონტენტს და უწევს ბრენდებს პოპულარიზაციას.
რატომ გახდა ინფლუენსერები საჭირო და არის თუ არა მოთხოვნა საქართველოში მათზე?
ბაზარზე წარმოდგენილია სამი ძირითადი მომსახურება: ინფლუენსერ სტრატეგია, ღონისძიება და კონსულტაცია. კომპანიებს კომპეტენტური და გრძელვადიანი გეგმა სჭირდებათ, როგორ დაგეგმონ კამპანიები ინფლუენსერების დახმარებით და რაც ყველაზე მთავარია, მოახდინონ თანხების და შედეგების სწორად გადანაწილება.

რატომ მიმართავენ ინფლუენსერებს კომპანიები და კომუნიკაციების სპეციალისტები?

ინფლუენსერების სამუშაო ,,იაფი" არ ღირს, თუმცა ბრენდის გადახდილი თანხა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს მიღებულ შედეგთან, კარგი ინფლეუნსინგის შედეგი მაშინ არის მისაღები, როდესაც მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღებაა შესაძლებელი. მათი სიტყვა ,,ვირუსს" ჰგავს - ძალიან სწრაფად ვრცელდება, რადგან ინტერნეტში იდეის გავრცელება და მასზე რეაგირება სწრაფად ხდება. მარტივად და სწრაფად ერკვევიან ბრენდის არსში და არიან კომპეტენტურები, მათ შეუძლიათ ტენდენციური, განსხვავებული და საინტერესო ვიზუალური და ტექსტუალური მასალის შექმნა და აუდიტორიის დაინტერესება.
და ბოლოს, ინფლუენსერების მთავრი ღირებულება მათი შედეგია. ცნობადობის შექმნა, აუდიტორიის სწორად შერჩევა, მათი გააქტიურება და მაღალი ჩართულობის გამოწვევა ინფლუენსერების ძირითადი დავალებაა დღევანდელ სამყაროში.