ვინ და რატომ დაიწყო შიმშილობა პირველად საქართველოში, ცნობილი ფაქტები და ისტორიული ექსკურსი პროტესტის უკიდურესი ფორმის შესახებ

ბლოგი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში შიმშილობა, როგორც პროტესტის უკიდურესი გამოხატვის ფორმა, ბევრი წელია, არსებობს, პირველად ამ ხერხს მერაბ კოსტავამ 1981 წელს მიმართა. მას შემდეგ 40 წელი გავიდა, თუმცა საქართველოში ახლაც შიმშილობენ პოლიტიკოსები, ექსპრეზიდენტი, კანონმდებლები, ჟურნალისტები და ა.შ.

პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას, ადამიანები სხვადასხვა მიზეზით მიმართავენ - ისტორიას ახსოვს სოციალური მოთხოვნების გამო დაწყებული ადამიანების შიმშილობა, ასევე პოლიტიკური დევნის, პატიმრობისა თუ სხვა მიზეზით გამოცხადებული პროტესტი.

საქართველოში მოშიმშილე მსჯავრდებულთა უფლებებს, 2000 წლის 24 მარტის ბრძანება #35 იცავს. Ბრძანებაში დეტალურად არის გაწერილი პატიმრის უფლებები და ის ზომებიც, რომელიც ციხის ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს.

ბრძანების მიხედვით, ყოველდღიურად მოშიმშილე პატიმარს უნდა მიეწოდოს საუზმე, სადილი და ვახშამი. Პაციენტს უნდა გააცნონ ექიმის რეკომენდაციები, საჭმლის მიღების აუცილებლობის შესახებ, უარის თქმის შემთხვევაში კი 2 საათის განმავლობაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი აღრიცხვა პატიმრისთვის მიწოდებული საკვების აღრიცხვის ბარათში. კანონში ნათქვამია, რომ თუ მოშიმშილე პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ადმინისტრაცია ვალდებულია, აღმოუჩინოს მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ადამიანის გადაწყვეტილება - უარი თქვას საკვებზე და სასმელზე, მისი ჯანმრთელობისთვის დიდ რისკებს შეიცავს და შესაძლოა, სიკვდილითაც დასრულდეს.

მაგალითად, 1988 წელს, რუსთაველის გამზირზე ღია ცის ქვეშ, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლების მოთხოვნით, ხალხმა შიმშილობა გამოაცხადა, მას შემდეგ შიმშილობა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა, ქართველებმა არაერთხელ გამოიყენეს. მათგან რამდენიმეს შესახებ ჩემს ბლოგში მოგითხრობთ:

მერაბ კოსტავას 13-თვიანი შიმშილობა

1981 წელს პატიმარ მერაბ კოსტავას, რომელიც ერთ წელიწადში უნდა გათავისუფლებულიყო, პროვოკაცია მოუწყვეს და პატიმრობის ვადა 5 წლით გაუგრძელეს. ამის შემდეგ გადაიყვანეს ირკუტსკის ოლქში, ანგარსკის კოლონიაში და ციხის სამეურნეო ნაწილში სამუშაოდ გაამწესეს.

ამ სახის სამუშაო ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობასაც გულისხმობდა, რის გამოც მერაბ კოსტავამ, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა. ზოგადად, გადასახლებაში ყოფნისას კოსტავამ რამდენჯერმე იშიმშილა, მათგან ყველაზე ხანგრძლივად – 13 თვე. ამ დროს მას იძულებით, ხელოვნურად კვებავდნენ. ორგანიზმში რძის, კვერცხისა და შაქრის ნაზავი სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით შეჰყავდათ.

შიმშილობის მერვე თვეს მერაბ კოსტავამ დაწერა ვრცელი პოემა, რომელსაც ასევე დაარქვა – „შიმშილობა“.

შიმშილობა 2003 წელს

2003 საპარლამენტო არჩევნების წელი იყო და ეს პოლიტიკურ მოვლენებზეც აისახა. 15 ციხიდან 11-ში პატიმრებს შიმშილობა ჰქონდათ გამოცხადებული. მათი მოთხოვნა დამოუკიდებელი კომისიის შექმნა და პატიმრების საქმეების გადახედვა იყო.

შიმშილობა პენსიების გამო

2003 წელსვე „ნაციონალური მოძრაობის“ 7 წევრი თბილისში იუსტიციის სამინისტროს შენობაში დაჯდა საშიმშილოდ. ისინი 1998-99 წლების პენსიების დარიგებას ითხოვდნენ.

მოგვიანებით მათ მხარდასაჭერად შიმშილობა რეგიონებშიც დაიწყეს. „მათ მხოლოდ გახდომა სურთ“, – თქვა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. მოგვიანებით მან მოსამართლეებსაც მიმართა, პენსიონერების სარჩელები არ მიიღოთო.

სტუდენტები ლომაიას წინააღმდეგ

ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება საქართველოში განათლების ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ლომაიას უკავშირდება. თუმცა რეფორმას 2005 წელს სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების შიმშილობა მოჰყვა. ისინი მოითხოვდნენ დაბრუნებოდათ პრივილეგია, რომელიც მათ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაბარების უფლებას აძლევდა. პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. „გამონაკლისის დაშვებით სამინისტრო გახსნის იმ კარს, რომელსაც ვეღარასოდეს დახურავს“,- თქვა მაშინ ალექსანდრე ლომაიამ.

შიმშილობა ტელევიზორისთვის

2013 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა, შიმშილობა გამოაცხადა, ის მისთვის საკანში ტელევიზორის მიტანას მოითხოვდა.

გამსახურდიების შიმშილობა

2018 წლის დეკემბერში, პროკურატურის წინ შიმშილობა გამოაცხადეს ზვიად გამსახურდიას შვილებმა, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა. ისინი ითხოვდნენ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიებასა და ორგანული კანონის ისე შეცვლას, რომ ხანდაზმულობის ვადა პოლიტიკური ნიშნით მოკლული პირების საქმეებზე არ გავრცელებულიყო.

13 დღის შემდეგ მათ მიიღეს დაპირება, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნებოდა, რაც შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი გახდა.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების შიმშილობა 

50 დღის განმავლობაში ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გლდანის ციხეში შიმშილობდა, მას სოლიდარობა 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა გამოუცხადა. ასევე, მოძრაობა “დროა”-ს დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ 17 დღის განმავლობაში პროტესტი შიმშილით გამოხატა. მოშიმშილეებს შეუერთდნენ რამდენიმე ცნობადი სახე, მათ შორის  მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე.

მათი მოთხოვნა სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა და მედიკოსთა მხრიდან სათანადო ზედამხედველობის უზრუნველყოფა იყო.

და ბოლოს, ვინ იყო ადამიანი რომელმაც მსოფლიოში ყველაზე დიდ ხანს იშიმშილა და რა შედეგით დასრულდა უკიდურესი ფორმის პროტესტი.

შიმშილობის 500 კვირა - ყველაზე ხანგრძლივი შიმშილობა:

ირომ ჩანუ შარმილა, რომელსაც მანიპურის რკინის ლედისაც უწოდებენ, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოშიმშილე ადამიანის სახელით შევიდა. ინდოელ ქალს 500 კვირის განმავლობაში არც საკვები და არც წყალი არ მიუღია, ცოცხალი კი მთავრობის მიერ იძულებით გაკეთებული წვეთოვანის შედეგად დარჩა.

ირომმა პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას 2000 წლის 5 ნოემბერს, მას შემდეგ მიმართა, რაც მანიპურში ინდოელმა ჯარისკაცებმა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 უიარაღო მოქალაქე მოკლეს. ინდოეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური უფლებამოსილების აქტი ინდოელ სამხედროებს უფლებას აძლევს, თუ ამის საჭიროებას იგრძნობენ, ადამიანს გაუფრთხილებლად ესროლონ.

მან მსოფლიო მასშტაბით უდიდესი მხარდაჭერა დაიმსახურა და აზიური ადამიანთა უფლებების დაცვის კომისიისაგან ცხოვრებისეული დამსახურებისთვის ჯილდოც მიიღო.

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი