18 წლის ლიზი გოგუა გერმანული voice-ის ნახევარფინალისთვის ემზადება

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ავტორი: ლიკა თორთლაძე

 

18 წლის ქართველმა, ლიზი გოგუამ გერმანელი მსმენელი უკვე არაერთხელ გააოცა - საერთაშორისო მუსიკალური პროექტის, გერმანული Voice-ის  ნახევარფინალისტი გახდა და ამჟამად მომდევნო გამოსვლისათვის ემზადება. პირველ ტურში, ე.წ. ბრმა ქასთინგზე, ქართველი კონკურსანტი Etta James-ის სიმღერით - I’d Rather Go Blind-ით  წარსდგა ჟიურის წინაშე და უნიკალური ხმით მოხიბლული სამი მწვრთნელის მოტრიალება შეძლო. სწორედ ამ შესრულებით გადადგა ლიზიმ პირველი ნაბიჯები დიდი წარმატებისკენ. მის სიმღერას არც ქართველი მსმენელი დაუტოვებია გულგრილი... გერმანიაში წასვლა მომღერალმა მოულოდნელად, მამის ავადმყოფობის გამო გადაწყვიტა.  სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე, გეგმებსა და ნახევარფინალის სამზადისზე მომღერალი გაზეთ „ვერსიას“ ესაუბრა.

- ლიზი, უკვე ფართო საზოგადოებამ გაგიცნო, შენი გამოსვლით ქართველი მსმენელი ძალიან ამაყობს. „ვერსია“ აქტიურად ადევნებდა თვალს შენს თითოეულ წარმატებულ გამოსვლას. მიამბე, რა გზა გაიარე ამ წარმატებამდე და როგორ მიიღე გერმანულ Voice-ში მონაწილეობის გადაწყვეტილება?

- სანამ საქართველოდან გერმანიაში გადავიდოდი საცხოვრებლად, აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსში, მიმღერია არაერთ კონცერტზე, ჩართული ვიყავი მრავალ მუსიკალურ პროექტში. სიმღერას ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, ყველაფერ ამას ჩამოვშორდი და მამის ავადმყოფობის გამო გერმანიაში  წამოვედი. აქ კი, რა თქმა უნდა, ისევ ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, ჩემი საყვარელი საქმე გამეგრძელებინა. საუკეთესო გზა და შესაძლებლობა, სწორედ გერმანულ „ვოისში“ მონაწილეობა იყო. ყოველთვის ვოცნებობდი, მონაწილეობა მიმეღო მსგავს საერთაშორისო პროექტში და მემღერა დიდ სცენაზე. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის სურვილი ჯერ კიდევ ორი წლის წინ მქონდა, თუმცა იმ დროისთვის გერმანული ენა სრულფასოვნად არ ვიცოდი. ვოკალში საქართველოდან დისტანციურად მამეცადინებდა ჩემი პედაგოგი, მეკო ქავთარაძე. როდესაც მივხვდი, რომ საკონკურსოდ მზად ვიყავი, მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგი ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

- ტურიდან ტურამდე მომზადება, ცხადია, ძალიან დიდ  შრომასა და ენერგიას  მოითხოვს, ალბათ, ამას საკმაოდ დიდი დროც მიაქვს... როგორია შენი სამზადისი სცენაზე გამოსვლისთვის, როგორ უთავსებ სწავლასა და კონკურსში მონაწილეობას ერთმანეთს?

- ბრმა ქასთინგისათვის მომზადებას დიდი დრო არ დასჭირვებია, რადგან შერჩეული რეპერტუარი ჩვენი, თავად მონაწილეების შეთავაზებული იყო. შესაბამისად, კონკრეტულ სიმღერებზე ადრევე ნამუშევარი გვქონდა. მეორე და მესამე ტურებისათვის კი უკვე სიმღერების ახალი ვერსიები იქმნება, კონკურსანტებიც წყვილდებიან, რაც მეტ დროსა და შრომას მოითხოვს. ორი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე, დილის 08.00 საათიდან ვიწყებდით რეპეტიციებს და ხანდახან საღამოს 23.00 საათამდე გვიწევდა ვოკალის პედაგოგებთან მეცადინეობა. სწავლას რაც შეეხება, ხელი აქამდე არ შემშლია, რადგან გამიმართლა და განვლილ ტურებს არდადეგები დაემთხვა. მართალია, ნახევარფინალი სკოლის გამოცდების პერიოდს ემთხვევა, მაგრამ მაინც დიდი იმედი მაქვს, ხელს არ შემიშლის.

- ლიზი, ბრმა ქასთინგის ჩანაწერში ნათლად ჩანს შენი უსაზღვრო ემოცია, როგორი ბედნიერი ხარ იმ მომენტში, როდესაც სამი მწვრთნელი დაინახე,  ელოდი ასეთ დიდ წარმატებას?

- სცენაზე გასვლამდე ვნერვიულობდი, რადგან სხვა ქვეყანაში ვარ, აქ სხვა მსმენელია და სხვა გემოვნება აქვთ. მომიბრუნდებოდნენ თუ არა მწვრთნელები, ამაში დარწმუნებული ნამდვილად არ ვყოფილვარ, რადგან დიდი შანსია, საქართველოში მოეწონო საზოგადოებას, სხვა ქვეყანაში - არა. აღსანიშნავია, რომ იმდენად პროფესიონალ ბენდსა და მუსიკოსებთან ერთად ვმუშაობ, ეს კიდევ უფრო მათავისუფლებდა ფიქრისაგან და მხოლოდ  იმაზე ვიყავი კონცენტრირებული, ჩემი გამოსვლით სიამოვნება მიმეღო. როცა შემობრუნებული მწვრთნელები დავინახე, უზომო ბედნიერების განცდა დამეუფლა.

- როგორც „ვოისის“ ერთ-ერთი, უკვე წარმატებული კონკურსანტი, როგორ ფიქრობ, რამდენად დიდი კონკურენციაა გერმანულ პროექტში საქართველოსთან შედარებით და რამდენად რთულია, გახდე მისი მონაწილე?

- პროექტში მაღალი სტანდარტია, მონაწილეების შერჩევა რთულია. აქ ბევრ ვიდეოჩანაწერს მოითხოვენ, ყურადღება ექცევა გამოცდილებასა და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას. შეიძლება ითქვას, რომ თითოეული კონკურსანტი პროფესიონალი მომღერალია. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ კონკურენციაც დიდია...

- რამდენად მოგწონს  გარემო, სადაც  საყვარელ საქმეს აკეთებ?

- გერმანულ „ვოისს“ ჩვენთვის მეგობრული და ძალიან სასიამოვნო გარემო აქვს შექმნილი, არ იგრძნობა დაძაბულობა, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ პროექტს დატოვებს და ეს ძალიან გვიმარტივებს მუშაობას. როდესაც რინგისთვის ვემზადებოდით, ჩვენმა მწვრნელმა, სტეფანიმ ერთ გუნდად შეგვკრა. ისე გვესაუბრებოდა, რომ კონკურსი აღვიქვით თამაშად, რომელსაც თავისი წესები აქვს, ამ წესებს კი ვერ შევცვლიდით. ჩვენი მიზანი ერთმანეთის დამარცხება არ ყოფილა, თავიდანვე ორიენტირებულები მხოლოდ და მხოლოდ კარგი შედეგის მიღწევაზე ვიყავით, ეს მიდგომა კი ყოველთვის ამართლებს.

- ლიზი, უშუალოდ რეპერტუარის შერჩევისა და მორგების პროცესი როგორია გერმანულ „ვოისში“ - არსებობს თუ არა ისეთი მოთხოვნები, რომლებიც შესაძლოა, კონკურსანტებისთვის რთულად შესასრულებელი აღმოჩნდეს?

- ჩვენ უმაღლესი დონის პროფესიონალებთან გვაქვს შეხება. რეპერტუარის შერჩევისას, საქართველოს მუსიკალურ პროექტებთან შედარებით, განსხვავება ნამდვილად იგრძნობა. აქ პედაგოგები მონაწილეების კომფორტზე ზრუნავენ და ამ მხრივ, მართლაც სრული თავისუფლება გვაქვს.

- ამ ეტაპზე, მონაწილეები ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდისთვის ემზადებით და ბუნებრივია, იმატებს მღელვარებაც. როგორც ვიცი, ნახევარფინალი უკვე პირდაპირი ეთერით გადაიცემა. დარწმუნებული ვარ, მსმენელი მოუთმენლად ელოდება შენს მომდევნო პერფორმანსს.  საინტერესოა, რა ჟანრში წარსდგები ჟიურის წინაშე?

- ნახევარფინალი 28 ოქტომბერს გაიმართება. ჩემს მიერ შერჩეული სიმღერა მიეკუთვნება იმ ჟანრს, რომელშიც აქამდე არასდროს მიმღერია. მაყურებელს ელოდება ძალიან საინტერესო სანახაობა - იხილავს ისეთ შოუს ჩემი მონაწილეობით, რომელიც არასდროს უნახავს. ვნახოთ, როგორ მოეწონებათ ჩემი გამოსვლა.

- ალბათ, ადევნებ თვალს ქართველი მსმენელის გამოხმაურებებს, სოციალური ქსელი სრულიად მოიცვა შენმა ვიდეოებმა, რას ეტყოდი შენს ქართველ გულშემატკივარს?

- ძალიან აქტიურად ვკითხულობ კომენტარებს და უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ. მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ვუთხრა, რომ ასეთი გვერდით დგომითა და დადებითი ემოციებით, უდიდეს სტიმულსა და მოტივაციას მაძლევენ, რათა კონსკურსში გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწიო. კომენტარების კითხვისას, ცრემლს ვერ ვიკავებდით მე და ჩემი ოჯახის წევრებიც.

- პროექტის დასრულების შემდეგ, როგორ აპირებ კარიერის გაგრძელებას, რა გეგმები გაქვს და აპირებ თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას?

- წელს სკოლას ვამთავრებ, შემდგომ კი ვაპირებ სწავლის გაგრძელებას -  ბერლინში უკვე შევარჩიე ორი უნივერსიტეტი და მათ შორის არჩევანს გავაკეთებ. საქართველოში არდადეგების პერიოდში ვგეგმავ ჩამოსვლას, თუმცა კარიერის მხრივ, ვფიქრობ, აქ ბევრად მეტი შანსი მაქვს პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის. საქართველო ძალიან მენატრება და აუცილებლად დავბრუნდები.

- ლიზი, მინდა, წარმატებები გისურვო. საქართველოდან გგულშემატკივრობთ და მოუთმენლად ველით შენს მომდევნო პერფორმანსს.