„ჩვენც ჩვენი „ზარქუა“ გვყავს პარტიაში... “- ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ჩალაძესთან

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ავტორი: თათია გოჩაძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა 27 აპრილს დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული:

საკვების მიღების შემცირება (იღებს დღე-ღამეში საჭირო კალორიებზე გაცილებით ნაკლებს, დღიური დოზის 1/4-1/3-მდე,[8] 8 კგ. წონის კარგვით 1 თვეში) და შერჩევითად ცილოვან პროდუქტებზე უარის თქმა - აუტანლობის მიზეზით; ცილოვანი შიმშილის ფონზე განვითარებული გამოხატული და მნიშვნელოვანი კუნთების განლევა და სისუსტე; ცხოვრების ხარისხისა და ფუნქციონერების ეფექტურობის მნიშვნელოვანი დაქვეითება“.  

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს მისი ოჯახი, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი საპროტესტო აქციებს აანონსებენ. კულუარული ინფორმაციით, პარტიაში სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დიდი აზრთა დაპირისპირებაა, რასაც, გარკვეულწილად, ბოლო დროს პარტიის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან თვითკრიტიკული გამოსვლებიც ადასტურებს. მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით „ვერსია“ ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ჩალაძეს, ესაუბრა: 

_ ბატონო გიორგი, ბოლო დროს მედიასთან რატომ აღარ ჩანხართ?

_ ახლა გახლავართ სტრასბურგში, მე და ქალბატონი გიული (ალასანია/რედ) შეხვედრებს ვმართავთ ევროპარლამენტარებთან. არ ვიცი, ვინ ვერ დამინახა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არაფერია, გარდა სააკაშვილისა. ვხვდებით ევროპარლამენტარებსა და ევროპის ინსიტიტუტების წარმომადგენლებს, შესაბამისად, ვაკეთებ ამ საქმეს.

_ მათ ესაუბრებით სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით?

_ დიახ, რა თქმა უნდა. ერთადერთი საქმე, რომელზეც შეიძლება, ვინმე მუშაობდეს, არის მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობა.

_ მისი ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

_ საქართველოში საუკეთესო ექიმებმა არაერთ კონსილიუმში ერთხმად თქვეს, რომ ის არის სასიცოცხლო რისკის ქვეშ. დასკვნებში წერია, რომ მას სასწრაფოდ სჭირდება ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფა, რადგან ძალიან მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაშია. რამდენი დღე, საათი თუ კვირა გვაქვს დარჩენილი, ეს არავინ იცის. სირცხვილია, სიკვდილმისჯილი არ არის მიშა სააკაშვილი!

_ ითხოვთ, რომ სამკურნალოდ ევროპის რომელიმე საავადმყოფოში გადაიყვანონ, ხომ?

_ ჩემი კი არა, ეს საზოგადოების, მთელი მსოფლიოს ზუსტად იგივე დონის მოთხოვნაა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ბავშვების ხოცვა. ასევე, მიშა სააკაშვილი უზრუნველყოფილი უნდა იქნას ჯანმრთელობის დაცვით. სირცხვილია, რომ ამ ელემენტარულს ვითხოვთ, სამწუხაროდ, აფრიკაში არ ხდება ის, რაც საქართველოში ხდება დღეს.

_ თქვენს პარტიაში აქციებს აანონსებენ, თქვენ ემხრობით მოქმედების ამ გეგმას?

_ მე არ ვიცი, რა გეგმებზეა საუბარი, რადგან სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმით ვიყავი ამ დღეებში დაკავებული და არ მქონია ინტენსიური კომუნიკაცია, ამიტომ პარტიის სხვა წარმომადგენლებს ჰკითხეთ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის. სიმართლე გითხრათ, დაგვიანებული მგონია რეაქცია. ჩემი აზრით, 14 ოქტომბრის აქცია არ უნდა დაშლილიყო და რა დაკვეთაც იყო საზოგადოებაში, ასე არ უნდა დასრულებულიყო - ესაა ჩემი პოზიცია. მგონია, რომ დაგვიანებულია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ყველგან, არამარტო ნაციონალურ მოძრაობაში, რადგან მიშა სააკაშვილი არავის კუთვნილება არ არის, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტია. ყველა უნდა გაინძრეს და გააკეთოს მაქსიმუმი. დაგვიანებული განძრევა სჯობს საერთოდ არგანძრევას, მაგრამ რაც უფრო მალე ვიზამთ, მითუკეთესი.

_ დაგვიანებაში რას გულისხმობთ? ეს თქვენს პარტიაში აზრთა დაპირისპირებაზე მიუთითებს, მოქმედების გეგმასთან დაკავშირებით?

_ პარტიაში კი არა, საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს. საზოგადოება გველის ნაკბენივითაა გაშეშებული და აუცილებლად უნდა გაიღვიძოს! ეს არის რუსული დაკვეთა, ზუსტად ესაა „ვორონცოვის პოლიტიკის“ შედეგი.

_ გასაგებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ იქცევა ასეთ ვითარებაში ოპოზიცია და მითუმეტეს თქვენი პარტია, რომელიც ყველაზე მრავალამომრჩევლიანი ოპოზიციური ძალაა. სხვათაშორის, უკვე თვითკრიტიკასაც ვისმენთ და  თქვენი პოზიციაც მაინტერესებს - გაქვთ რაიმე პრეტენზია თქვენი პარტიის ლიდერშიფის მიმართ? იქნებ, განმარტოთ, დაგვიანებაში მაინც რას გულისხმობთ?

_ შიდა საუბრების გამოტანა სწორი არ მგონია და ყურადღება არ უნდა გადავიდეს არაფერზე მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობიდან. როცა სააკაშვილის ჯანმრთელობა მინიმალური სტანდარტით მაინც დაცული იქნება, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი პარტიაში. მენეჯერი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე. ჩემი კომპანია თუ მიდის წაგებაზე, მენეჯერია პასუხისმგებელი. შესაბამისად, მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი რომ მოიხსნება, შემდეგ ყველაფერი გაირკვევა.

_ წეღან გკითხეთ - ბოლო დროს მედიასთან აღარ აქტიურობთ-მეთქი, ხომ არ არის ამის მიზეზი თქვენი განაწყენება პარტიის ლიდერშიფის მიმართ?

_ არა, ეს ბავშვური დამოკიდებულებაა, ამ საუბარში არ მინდა შემოსვლა. მე, ქალბატონი გიული და კიდევ რამდენიმე ადამიანი მუდმივად დავდივართ და ვხვდებით უცხოეთში სახელმწიფო მეთაურებს, უმაღლესი თანამდებობის პირებს, საერთაშორისო დიპლომატიის კორპუსის წევრებს. მიმაჩნია, რომ საქართველოში საკმარისზე მეტნი არიან ისინი, ვისაც შეუძლიათ, ადგილობრივი რესურსი გამოიყენონ, ჩემი რესურსი კი საერთაშორისო საზოგადოებასთან უფრო სწორი გამოსაყენებელია. ამიტომ მე და ქალბატონი გიული ამას ვაკეთებთ.

_ როდესაც მენეჯერის პასუხისმგებლობაზე საუბრობთ, ვის გულისხმობთ - პარტიის თავმჯდომარეს, მდივანს...?

_ ეს ჩვეულებრივი შედარებაა. მაგალითად, მიშას ცუდად ყოფნაზე ვინ არის პასუხისმგებელი? - ციხის ადმინისტრაცია, იუსტიციის მინისტრი, პარლამენტარები... ამას ვგულისხმობ. გირჩევთ, დაურეკეთ დავით სერგეენკოს, ისაა ექიმი და ჰკითხეთ - მოაწერს თუ არა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამგვარი პაციენტის მკურნალობაზე ხელს საქართველოში? ციხის ექიმის, ნანა მიქავას, ადგილზე ის იღებს თუ არა პასუხისმგებლობას მსგავს პაციენტზე?! თუ ვინმეს შერჩა საღი აზრი... სერგეენკო ექიმია და კარგად იცის სამედიცინო პასუხისმგებლობა... რაც შეეხება პარტიას, ყველა პარტიაშია თავისი ზარქუა, შესაბამისად, ჩვენც ჩვენი „ზარქუა“ გვყავს პარტიაში - ეს მენეჯერთან დაკავშირებულ კითხვაზე...

_ და კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

_ „ზარქუა“ ყველა პარტიას ჰყავს.

_ მოკლედ, არ ასახელებთ კონკრეტულ პირს?

_ მიშა არის ახლა მთავარი და არ მინდა, ყურადღება სხვა რამეზე გადავიდეს.

_ კეთილი, თუმცა სახელისუფლებო გუნდის მხრიდან გვესმის შეფასება, რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს ცილა, რათა არ იყოს ცუდად. შესაძლებელია, რომ მას კვების რაციონიდან ცილის ამოღების გამო, შექმნოდა ეს პრობლემა?

_ არა, ეს რეგვენის ნათქვამია და საერთოდ ვისზე ვლაპარაკობთ? რა სახელისუფლებო გუნდი? - არანაირი სახელისუფლებო გუნდი არ არსებობს. არის ერთი კაცის თითების თეატრი, სადაც თოჯინა არაფერს ნიშნავს, მთავარია, ვის თითზე ჩამოეცმევა. შესაბამისად, იმას იტყვიან და იმ მოქმედებას განახორციელებენ, ვის თითზეც იქნებიან. ამიტომ რას ამბობენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ივანიშვილმა და ივანიშვილს ელაპარაკება მხოლოდ სერგეენკო. მიშა დიეტაზე არ არის, მას უნდა ჭამა და ვერ ჭამს!

_ რომ უნდა და ვერ ჭამს, ამას რა განაპირობებს - სტრესული მდგომარეობა?

_ არა, ამას განაპირობებს დასკვნა, რომელიც დაწერილია რამდენიმე კომისიის მიერ. ამას განაპირობებს ის, რომ სახალხო დამცველის 5-ჯერ შესული კომისიის არც ერთი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული. სახალხო დამცველის რეკომენდაციები უგულებელყოფილია და ამას განაპირობებს „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი ქმედება.

_ ბატონო გიორგი, ამბობთ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოგვარების შემდეგ პარტიაში ყველაფერი გაირკვევაო - რას გულისხმობთ?

_ კარგად მესმის, ყველას აინტერესებს, პარტიაში რაიმე ხომ არ ხდება. არა, არაფერი ხდება - ერთადერთი დღისწესრიგი არის მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობა. თუ ვინმეს სხვა დღისწესრიგი აქვს, შეუძლია, დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტივებით განახორციელოს ის!

_ სააკაშვილის გათავისუფლების თქვენეული ხედვა როგორია?

_ ჩემეული ხედვაა პუტინის დამარცხება და საქართველოს დეოლიგარქიზაცია და მიშას თავისუფლება პირდაპირ უდრის საქართველოს თავისუფლებას. მიშა არის სიმბოლო იმ წინააღმდეგობისა, რომელიც უნდა გაწიოს საქართველომ და აქ არ არის კულტებზე საუბარი. ეს არის „ქართული ოცნების“ და რუსული ნარატივი, რომ მოხდეს ვინმეს გაკულტება. მიშა არ არის გაკულტების მსხვერპლი, არ არის აკვიატება, მიშა განასახიერებს ადამიანს, რომელიც წინ აღუდგა რუსულ ოცნებას. მიშამ აჩვენა მაგალითი ჯერ 2003 წელს, როგორ უნდა გამოაცალო რუსეთს ხელიდან ბერკეტები და შემდეგ ახლა ყველა სპეკულაციას დაუსვა წერტილი და ჩამოვიდა. სამწუხაროდ, რუსეთის „ნამესტნიკების“ დრო დამთავრდა, მაგრამ მე-19 საუკუნის „ვორონცოვის პოლიტიკა“ ძალიან წარმატებულია საქართველოში და ამას უნდა ვებრძოლოთ ყველამ ერთად.

_ როგორ უნდა ებრძოლოთ? სწორედ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებითაა აზრთა დაპირისპირება ენმ-ში, როგორც ვხედავთ...

_ არ ვიცი, მე არავისთან სადავო და გასაყოფი არაფერი მაქვს. მე არც პარლამენტის წევრი ვარ და არც სიებში ჩაჯდომა მინდა. ჩემი ამოცანაა, ჩემი მეგობრის, საპატივსაცემო ადამიანის, მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობის სტანდარტის მინიმალური უზრუნველყოფა და თავისუფლების მიღწევა, ამისთვის ვიყენებ ჩემს რესურსს. ჩამოსული ვარ, ვხვდები ქვეყნების პირველ პირებს და შედეგებსაც ვნახავთ.