საქართველოში ახალი ქართული „პატრიოტ ტაქსი“ გამოჩნდა... შემოსული თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება - ინტერვიუ დამფუძნებელთან

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში ახალი ქართული „პატრიოტ ტაქსი“ გამოჩნდა, საიდანაც შემოსული თანხის გარკვეული ნაწილით დაეხმარებიან  როგორც ოკუპირებულ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს, ასევე გაჭირვებულ ბავშვებსა და მოხუცებს. ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-მ რამდენიმე წლის წინ განახორციელა სოციალური პროექტი, რომელსაც ერქვა "ანტისაოკუპაციო ტაქსი". „პატრიოტ ტაქსი“ კი ამ იდეის გაგრძელებაა. „ვერსია“ „პატრიოტ ტაქსის“ ერთ-ერთ თანამფლობელ ლევან გაგუნაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო ლევან, როგორ დაიბადა „პატრიოტ ტაქსის“ შექმნის იდეა?

_ ტაქსის სფეროში დიდი ხანია, ვმუშაობ. მეგობრებმა გააკეთეს „ანტისაოკუპაციო ტაქსი“, პატრიოტები არიან და ზუსტად აქედან წამოვიდა იდეა, გამეკეთებინა საქართველოში პირველი ქათული ტაქსი.

_ „პატრიოტ ტაქსი“ აგრძელებს „ანტისაოკუპაციო ტაქსის“ იდეას, რომელიც შემოსული თანხით ეხმარებოდა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს, რას გულისხმობთ დახმარებაში?

_ ეს კომპანია ახალია და ჯერჯერობით, ეს საკითხი არ დაგვიწყია, მაგრამ გეგმაში, რა თქმა უნდა, გვაქვს. არა მარტო ოკუპირებულ ხაზთან მცხოვრები გაჭირვებული ადამიანების დახმარებას ვგეგმავთ, არამედ მზრუნველობამოკლებული, გაჭირვებული ბავშვებისაც, რომლებსაც საჭმელიც კი არ აქვთ... ასევე მოხუცების, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. შეძლებისდაგვარად გვინდა, ყველას დავეხმაროთ და ხელი გავუწოდოთ.

_ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ხომ არ გეგმავთ უკრაინელი ლტოლვილების დახმარებასაც?

_ დიახ, ზუსტად ამის თქმაც მინდოდა. ჩვენ მთავარია, დავიწყოთ და უკრიანელ ხალხსაც ხელი შევუწყოთ. ხომ იცით, ლუკმას უყოფს მშიერიო - რაც შეგვეძლება, ყველას გავუწევთ დახმარებას. ტაქსი მხოლოდ დამფუძნებლების არ არის, ეს არის საქართველოსი, ქართველი ხალხის და ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს არის ჩვენი, ჩვენ გვეკუთვნის. აქვე აღსანიშნავია, რომ კონფიდენციალურობაში ნათლად წერია, ჩვენი მოსახლეობის პირადი ინფორმაცია, საბანკო მონაცემები რჩება საქართველოში და დაცულია მაქსიმალურად.

_ ბატონო ლევან, თქვენი ტაქსი მხოლოდ თბილისში მოემსახურება მოქალაქეებს თუ რეგიონებშიც?

_ აპლიკაციის დახვეწას ველოდებით, ყოველდღე რაღაც იცვლება ან რაღაცას ვამატებთ და შემდგომში გვინდა, რომ ყველა ქალაქში შევიდეთ, სადაც ტაქსი დადის. ყველას ექნება იმის უფლება, რომ ისარგებლოს „პატრიოტ ტაქსით“.

_ 24 საათი მოემსახურებით საზოგადოებას?

_ თვითონ აპლიკაციაა 24/7-ზე, საოპერატორო 24 საათიანი ჯერჯერობით არ გვაქვს გათვლილი, რადგან საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება.

_ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, თქვენთან დასაქმდეს?

_ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, დაიწყოს ჩვენთან მუშაობა და აპლიკაციაში არის ასევე ქალის ხაზი. ქალბატონებს გავუკეთე საჩუქარი და აპლიკაციაში დავამატებინე ერთ-ერთი ფუნქცია -  ბავშვის გაყოლება თუ მოუნდებათ, შეეძლებათ, ქალი მძღოლი გამოიძახონ, უფრო დაცულად თუ იგრძნობენ თავს.

_ და ბოლოს, როდიდან შეძლებენ მოქალაქეები „პატრიოტ ტაქსით“ სარგებლობას?

_ უკვე შეიძლება, რამდენიმე მანქანა უკვე დადის, მაგრამ სისტემატიურად და მასშტაბურად აპრილის ბოლოდან აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას. 

 ავტორი: ანი სარდლიშვილი