„მერაბ კობიაშვილს სურს, დაუბრუნდეს ჯარს და ემსახუროს სამშობლოს“- ექსკლუზიური ინტერვიუ „გუდაურის საქმის“ ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2021 წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდა გახმაურებული ე.წ. გუდაურის საქმის განხილვა. ჯარისკაც მერაბ კობიაშვილს ბრალად ედებოდა 1 პირის განზრახ მკვლელობისა და 2 პირის მკვლელობის მცდელობის ჩადენა. კობიაშვილს სასჯელის სახით ემუქრებოდა 16-დან 20-მდე თავისუფლების აღკვეთა. ნაფიცმა მსაჯულებმა კი მერაბ კობიაშვილი ორივე ბრალდებაში სრულად გაამართლეს და პრეცედენტული საქმე დღესაც საზოგადოების განხილვის საგანია.

ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს დაკავების დღიდანვე იცავდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საქართველოს ადვოკატთა გაერთიანების დირექტორი და ქართულ-ამერიკული სამართლის აკადემიის დირექტორი, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელსაც "ვერსია" "გუდაურის საქმის" დეტალებზე ესაუბრა:

 _ საინტერესოა, ამჟამად რას საქმიანობს გათავისუფლებული მერაბ კობიაშვილი?

_ მერაბი არის მოწოდებით ჯარისკაცი. ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურა საკუთარ სამშობლოს. იბრძოდა ერაყში, ავღანეთში და რაც მთავარია, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩამოვიდა საქართველოში და წავიდა ომში ქვეყნის დასაცავად. წამითაც არ დაფიქრდება, ისე გასწირავს თავს ქვეყნისთვის საჭიროების შემთხვევაში. მას სურს, დაუბრუნდეს ჯარს და ემსახუროს სამშობლოს.

_თქვენთვის, როგორც ადვოკატისთვის, რა იყო მთავარი გამოწვევა ე.წ. გუდაურის საქმეში?

 _ როდესაც ახალგაზრდა ადამიანია გარდაცვლილი, მაღალია ემოციური ფონი. ასეთ დროს რთულია, აუხსნა ნაფიც მსაჯულებს, რომ ბრალდებული იმყოფებოდა მოგერიების პოზიციაში (თავს იცავდა) და უნდა გამართლდეს. გარდაცვლილის ახლობლები ითხოვდნენ ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას. მოწმეები კი, ძირითადად, იყვნენ გარდაცვლილის მეგობრები, რომლებიც ჩვენებებში ცდილობდნენ, მაქსიმალურად დაემძიმებინათ ბრალდებულის მდგომარეობა.

 _ რამდენად ხელისშემშლელი იყო თქვენთვის საქმეში არსებული ემოციური ფონი?

 _ პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, უდიდესი ტრაგედიაა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება. რთულია, უყურო გარდაცვლილის დედას, ახლობლებს და მათ თვალწინ ამტკიცო, რომ ბრალდებული თავს იცავდა.  თუმცა, უდანაშაულო ადამიანის დასაცავად ადვოკატი ყველანაირი დაბრკოლების გადალახვისთვის მზად უნდა იყოს.

 _საინტერესოა, რატომ არ გაიზიარეს გარდაცვლილის ახლობლების ჩვენებები ნაფიცმა მსაჯულებმა?

_ მოწმეები ცდილობდნენ, ნაფიცი მსაჯულებისთვის ეჩვენებინათ, თითქოს, მერაბ კობიაშვილს ამ ადამიანების ამოხოცვის განზრახვა ჰქონდა. მათ ისეთი ფაქტები მოიყვანეს, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. თვითმხილველ მოწმეთა შორის არც ერთი ყოფილა მერაბის ნაცნობი, რომელიც სიმართლეს იტყოდა, მაგრამ ჩვენ გვქონდა ყველაზე დიდი იარაღი- ჯვარედინი დაკითხვის უფლება.

ჯვარედინი დაკითხვის შედეგად ნაფიც მსაჯულებს ვაჩვენეთ მოწმეთა არაგულწრფელობა. ხშირად მათი არარეალური პასუხები ჩვენს კითხვებზე ნაფიც მსაჯულებში გაღიზიანებასაც კი იწვევდა.

_ რის საფუძველზე გაამართლეს ნაფიცმა მსაჯულებმა მერაბ კობიაშვილი?

_  ნაფიცმა მსაჯულებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ მერაბ კობიაშვილი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. მერაბის განზრახვა იყო არა ვინმეს მოკვლა, არამედ საკუთარი თავის დაცვა. მას რამდენჯერმე თავს დაესხნენ, ბოლოს კი დაუპირეს იარაღის წართმევა, რა დროსაც ხელშიც დაიჭრა. ის იძულებული იყო, დაეცვა საკუთარი სიცოცხლე.

_ იქნებ, განგვიმარტოთ, რას ნიშნავს ტერმინი „აუცილებელი მოგერიება“?

_ ყველა ადამიანს აქვს უფლება, დააზიანოს თავდამსხმელი (სამართალდამრღვევი) საკუთარი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის (მაგ: სიცოცხლე, ჯანმრთელობა) დასაცავად.
აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას, თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

 სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, თუ ადამიანებს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის გამო განზრახ მკვლელობის მუხლით დავსჯით.

 _ ტარიელ, რამდენად მომზადებული იყო ბრალდების მხარე ამ საქმეში?

_ საქმეზე გამოდიოდნენ  მაღალკვალიფიციური პროკურორები, რომლებსაც ჰქონდათ ნაფიცებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ საქმისთვის. მე პირადად, არ მახსოვს, რომელიმე საქმეზე სხვა პროკურორებს ასეთი მაღალი დონის წინააღმდეგობა გაეწიოთ.

_ გქონდათ მოლოდინი, რომ ამ საქმეს მოიგებდით და მერაბ კობიაშვილი გათავისუფლდებოდა?

_ ბუნებრივია. რეალურად საქმე მოიგო არა ჩემი, როგორც ადვოკატის, კვალიფიკაციამ, არამედ ბრალდებულის სიმართლემ.
სიმართლეს ყველაზე დიდი ძალა აქვს.  ჩემი, როგორც ადვოკატის, მიზანი იყო, რომ ნაფიცი მსაჯულებისთვის მეჩვენებინა ეს სიმართლე და არ მიგვეცა პროკურორებისთვის ფაქტების დამახინჯების საშუალება.

_ ტარიელ, არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი ხართ, სადაც თქვენი დაცვისქვეშ მყოფი პირი გათავისუფლებულა... ზოგადად, რა არის ადვოკატისთვის საქმის მოსაგებად ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი?

_ ადვოკატი ყოველდღიურად უნდა ავითარებდეს პროფესიულ უნარ-ჩვევებს, თუმცა ეს არაა საკმარისი საქმის მოსაგებად.

საქმის მოსაგებად მთავარია გულწრფელობა. ნაფიცმა მსაჯულმა ადვოკატში არ უნდა დაინახოს ადამიანი, რომელიც  ცდილობს, ისინი რამეში დაარწმუნოს. ნაფიცმა მსაჯულმა ადვოკატში უნდა დაინახოს ადამიანი, რომელიც რაიმეში კი არ არწმუნებს, არამედ ცდილობს, დაანახოს სიმართლე.

ადვოკატი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი სიყალბისგან. ადვოკატის სიყალბეს ნაფიცი მსაჯული რაღაც ეტაპზე აუცილებლად შეამჩნევს და ასეთ დროს საქმის მოგებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია.