„ორ კვირაში კორონას ახალი შტამი გამოჩნდება!“ - სკანდალური ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 „დაწერეთ, საჯაროდ: თანახმა ვარ, გავხდე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ბატონ ამირანზე უკეთესი ვარ!“

თათია გოჩაძე

 პანდემია ისევ მძვინვარებს - საქართველოში COVID-19-ის ახალი შტამის,  „ომიკრონის“ 951 შემთხვევაა დადასტურებული. 11 იანვრის მონაცემებით, 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი... ამის მიუხედავად, არსებობს განცდა, რომ „ომიკრონმა“, შესაძლოა, პანდემია დაასრულოს, რადგან ეს შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ადამიანებს შედარებით ადვილად გადააქვთ, რის გამოც მოსახლეობაში ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი გამომუშავდება და კორონაპანდემიაც დასრულდება, თუმცა ამ თეორიას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მკაცრად ეწინააღმდეგება. „ვერსია“  გიორგი ფხაკაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:

 - ნოემბერში გავაკეთე მათემატიკური გათვლა, თუ რა შეიძლება მომხდარიყო არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში. მსოფლიო ჯანდაცვის ბევრ ექსპერტთან ერთად ვმჯელობდით, რა სიხშირით გავრცელდებოდა ეს ვირუსი. ეს შტამი გავრცელდა აფრიკიდან, სამხრეთ აფრიკაში ვმუშაობდი და ვიცი მისი ჯანდაცვის სისტემა. ამიტომ, ჩემი პროგნოზი იყო, რომ ეს ვარიანტი იქნება უფრო რთული ბევრი მიზეზის გამო. შოკი მივიღე, როცა გენეტიკური სურათი ვნახე, თუ რა ტიპის მუტაციებია. ზოგი ამბობდა და საქართველოშიც აიტაცეს, რომ „ომიკრონი“ პანდემიას დაასრულებს, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი პირველივე დღიდან და ვეკითხებოდი, რატომ ამბობდნენ იმას, რაც არ იციან?!

საქართველოს საკოორდინაციო საბჭოში არიან კარდიოლოგები, პედიატრები, ქირურგები. ხომ არ ვსაუბრობ მათი კომპეტენციის სფეროზე? არ ვარ მათ სფეროში ექსპერტი და ისინი კი ალაპარაკდნენ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, რაც მათი კომპეტენცია არაა! დაიწყეს სიტყვების ბრახა-ბრუხი, რის შედეგადაც ხალხს ჰგონია, რომ „ომიკრონი“ ჩვეულებრივი გრიპია და ყველაფერი კარგად იქნება. უნდა გვახსოვდეს, რომ „ომიკრონი“ არის კოვიდი და დამთავრდა! რა მნიშვნელობა აქვს, რომელი  ვარიანტი იქნება?! მეტსაც გეტყვით, ახალი ვარიანტი გამოჩნდება ორ კვირაში. ყოველ კვირას, საგანგაშო ვარიანტები ჩნდება მსოფლიოში და „ომიკრონი“ არაა ბოლო, არამედ, არის ერთ-ერთი ვარიანტი. ჩემს სიტყვას გაიხსენებთ, რომ ორ კვირაში, კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდება და გვეშველება მაშინ, როცა დედამიწაზე ყველა აიცრება.

- ბატონო გიორგი, ექიმების განცხადებების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ ვინაიდან „ომიკრონი“ შედარებით მარტივად გადასატანია და სწრაფად ვრცელდება, ბევრი ადამიანი გადაიტანს და ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი გამომუშავდება, რაც პანდემიას დაამარცხებს ანუ ეს მცდარი მოსაზრებაა?

- ქართველი ექიმები და, მათ შორის, ისინიც, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ, სამწუხაროდ, არ არიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები, არამედ, არიან საკუთარი ვიწრო სპეციალობის ექსპერტები. მათ პატივს ვცემ, მაგრამ ბოდიში და, მათ სპეციალობაში ხომ არ ვერევი?! გამოდიან და სისულელეებს ამბობენ! ჰგონიათ, პოზიტიურს თუ დაწერენ, რეიტინგს აიწევენ, ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის გულს მოიგებენ. არადა, ამ ვირუსს სულ არ აინტერესებს რეიტინგი, პოლიტიკა და ხედვები. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ვირუსს და არა - ერთმანეთს. სამწუხაროდ, საქართველოში პირიქით ხდება. საქართველოში სპეციალისტები ამიჯანყდნენ, მაგრამ საჯაროდ ვერაფერს ამბობენ იმიტომ, რომ სათქმელი არ აქვთ!

რასაც ვამბობდი, ხომ დამტკიცდა, რომ თურმე, ბუსტერი საჭიროა, ჩინური ვაქცინები ნაგავია და „ფაიზერი“ კარგია?! სამწუხაროდ, საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლუსტრაცია მოხდა და გიორგი ფხაკაძის გარდა, არავინ დარჩა, ვინც სიმართლეს იტყვის. გაიხსენეთ, ბოლო ორ წელში რა ვთქვი და რა არ ასრულდა? - მლანძღავენ, შეურაცხყოფას მაყენებენ, საბოლოოდ, თუთიყუშებივით იმეორებენ ჩემს ნათქვამს და მერიდება, რომ ვთქვა, პლაგიატთან გვაქვს საქმე-მეთქი. საქართველოში არაპროფესიონალიზმის პიკია.

- გვითხარით, რა არის სიმართლე „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით?

- ძალიან მარტივად გეტყვით: „ომიკრონი“ არის კოვიდი, ხვალ გვექნება ახალი ვარიანტი, ზეგ კიდევ ახალი და ასე შემდეგ. ეს არის ვირუსისთვის დამახასიათებელი, ვნახეთ, რომ კოვიდი ადამიანიდან ცხოველს გადაედო და ისევ დაბრუნდა ადამიანთან. არაერთი კვლევაა, მაგრამ ჩემთვის, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტისთვის, ყველაზე რთული ისაა, რომ კოვიდს ახასიათებს პოსტკოვიდური მდგომარეობა, რაც ყველაზე საყურადღებოა. კვლევით გამოჩნდა, რომ ორნახევარჯერ მეტად გამოვლინდა დიაბეტი იმ ბავშვებში, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს. დავდე სტატია, დაახლოებით, 8 თვის წინ, კვლევის შესახებ, სადაც გამოჩნდა, რომ 80 000 ადამიანიდან, ვისაც კოვიდი ჰქონდა, 60%-ს დაუდასტურდა დიაბეტი 6-8 თვის შემდეგ, ვირუსის გადატანიდან და ახლა, ვინაიდან „ომიკრონი“ და „დელტა“ შტამები ბავშვებში ვრცელდება, სტატისტიკა დაიდო, რომ ორნახევარჯერ უფრო მეტი საშიშროებაა, ბავშვებს გამოუვლინდეთ დიაბეტი. ასევე, არსებობს კვლევა, რომ კოვიდი აზიანებს ტვინის უჯრედებს, სტატიაც დავწერე, მაგრამ იმდენად დამთრგუნველი იყო, რომ არ გამოვაქვეყნე. ეს კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვების IQ-ზე, გონებრივ განვითარებაზე მოქმედებს ანუ ეს იმდენად საშიშია, რომ ხალხმა კიდევ ვერ გაიგო. რა პანდემია დამთავრდა?! „ომიკრონის“ მთელი უბედურება ისაა, რომ ვრცელდება ძალიან სწარაფად. თუ დახურულ სივრცეში, 10 წუთზე მეტხანს გაჩერდებით და იქ ერთი ადამიანიც რომ იყოს ინფიცირებული, პირბადეც რომ გეკეთოთ და ვაქცინირებულიც იყოთ, შეიძლება, დაინფიცირდეთ.

- თუ არც პირბადე დაგვიცავს დაინფიცირებისგან და არც - ვაქცინა, მაშინ რატომღა უნდა ავიცრათ? - სწორედ ეს კითხვა უჩნდება ზოგს და რას უპასუხებთ, ბატონო გიორგი?

- ერთი წელია, ვსაუბრობ, რომ ვაქცინა სიკვდილისგან იცავს და არ ესმით! იცით, რომ ახლა ვაქცინაცია დაგვიანებულია? ახლა ადამიანი რომ პირველად აიცრას, დაცულობა ექნება ოთხთვენახევარში.

- ბატონო გიორგი, იმედით ელოდება ხალხი „ფაიზერის“ წამალს, რომლის შემოტანაც იგეგმება საქართველოში...

- წამალი გვაქვს და არ იყენებენ, ამას ჰქვია ვაქცინა. სინგაპურის მაგალითია ძალიან საინტერესო, რადგან იქ „სინოვაკის“, „სინოფარმის“, „მოდერნას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს იყენებენ და დაიდო კვლევა, რომ კოვიდგადატანილებში გარდაცვლილთა 80% არ იყო ვაქცინირებული. რაც შეეხება დანარჩენ 20%-ს, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ აცრილების სიკვდილიანობა 8-10% იყო და „მოდერნას“ სიკვდილიანობა იყო მხოლოდ 1%. საქმე ისაა, რომ საქართველოში, ყველაფერი კორუმპირებული და გაყიდულია იმიტომ, რომ ერთ-ერთმა გამომცემლობამ დაბეჭდა, ჩინური ვაქცინების ბუსტერ-დოზა ძალიან ეფექტურია! როგორ შეიძლება, ასეთი რამის გაკეთება?!

სად არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და უშიშროება?! ლიცენზია უნდა ჩამოერთვას ასეთ ჟურნალისტს, რადგან დილეტანტიზმთან გვაქვს საქმე! სტატია რომ წავიკითხე, წერია, ეს კვლევა იყო დაფინანსებული ჩინეთის მთავრობის მიერ და ჩატარდა საუდის არაბეთში, სადაც აწარმოებენ ჩინურ ვაქცინებს. ასი სტატია დაიწერა, რომ ჩინური ვაქცინები არ ვარგა, მაგრამ ჩინეთის მიერ დაფინანსებული ერთი სტატია დაიბეჭდება სადმე და ყველა იმ ერთზე ლაპარაკობს!

„ფაიზერის“ ვაქცინის ვადის გასვლაზე რომ საუბრობს ყველა, რატომ არ კითხულობენ, ჩინურ ვაქცინებს ვადა არ გასდის?! ცერცვაძემ წამოიწყო ეს თემა, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და ბოდიშიც კი არ მოიხადა. ცერცვაძემ თქვა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინას ვადა გასდის და ყველა აიცერითო, არადა, როცა მუშაობ საქართველოში და ხარ საჯარო მოხელე, როცა იცი ადამიანების მენტალიტეტი, ხომ უნდა იცოდე, რა უნდა თქვა? ცერცვაძის მიერ აგორებული ეს თემა ახლაც არაა ჩამცხრალი. დღეში, მინიმუმ, 200 წერილი მომდის „ფაიზერის“ ვადაგასულობაზე. ბატონი გამყრელიძე რომ გამოდის და ამბობს, თუ ჩემზე უკეთესი გამოჩნდება ვინმე, გადავდგებიო, თქვენი გაზეთის მეშვეობით ვაცხადებ - მე, გიორგი ფხაკაძე, ჩამოვალ საქართველოში და 1 დოლარად ვიმუშავებ მის ადგილას, მაგრამ ვერავინ გაბედავს ამის შემოთავაზებას, რადგან ვამბობ ყოველთვის სიმართლეს და ძალიან პრინციპული ადამიანი ვარ. კორუფცია და ჩაწყობები ჩემთან არ გავა! საჯაროდ ვუთხარი მთავრობას, გამომიყენეთ - ჟენევაში ელჩად, მრჩევლად დამნიშნეთ, თქვენი ფული არ მინდა-მეთქი, მაგრამ მარტო მირეკავენ, მეკითხებიან, როცა ძალიან გაფუჭებული აქვთ საქმე, ვცდილობ, დავეხმარო, მაგრამ შედეგი ისაა, რომ ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით. ბატონ ამირან გამყრელიძესთან მაქვს კონკრეტული პრეტენზია - როცა საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვიყავი, საბჭოზე ვუთხარი გამყრელიძეს, თქვენი სიკვდილობის სტატისტიკას არ ვეთანხმები, გაასაჯაროვეთ კონკრეტული სტსტისტიკა, რომ ყოველთვის იყოს ხელმისაწვდომი და არა შელამაზებული-მეთქი. პანდემიის მართვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნამდვილად იცი, რა არის შენი მტერი, სად არის და რას შვრება... დღესაც არ გვაქვს რეალური სიკვდილობის მაჩვენებელი საქართველოში. ვიცით, რომ 14 000-ზე მეტი გარდაიცვალა, მაგრამ ვინ არიან ეს ადამიანები? მათგან რამდენია ვაქცინირებული და რამდენი - არა? ვაქცინირებული გარდაცვლილებიდან, რომელ ვაქცინაზე, რამდენი პროცენტი მოდის? ვიცი, რომ ჩინური ვაქცინებით აცრილებში სიკვდილობა უფრო მაღალია. რატომ არ დებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ სტატისტიკას? - იმიტომ, რომ დღესაც ასაღებენ ჩინურ ვაქცინას.

- და, რატომ?

- იმიტომ, რომ ჩინურ ვაქცინაში გადაიხადეს 32 დოლარი, ხოლო „ფაიზერის“ ვაქცინა ღირს 17 დოლარი. „ფაიზერის“ 90% გვაჩუქეს და ჩინური ვაქცინის 90% ვიყიდეთ...

- ბატონო გიორგი, მეც კი, რომელმაც „ფაიზერის“ ვაქცინის ორივე დოზა გავიკეთე, ძალიან დავითრგუნე, როცა განაცხადეთ, რომ აცრა ყოველ სამ-ოთხ თვეში ერთხელ იქნება საჭირო. ამას რაზე დაყრდნობით აცხადებთ?

- სხვა გამოსავალი არ არის. არ არსებობს მაგიური წამალი, რომელსაც გავიკეთებთ და მთელი ცხოვრება კარგად ვიქნებით. ჩვენ ვართ ახლა ბიოლოგიურ ომში, სადაც ეს ვირუსი იგებს და უფრო ჭკვიანი ხდება. მაგალითად, ადრე ვიცოდით, რომ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინა ცხრა თვე იმუშავებდა, მაგრამ შეიცვალა მონაცემები... მაშინაც ვამბობდი, რომ ამ ვაქცინების ვალიდურობა იქნებოდა მხოლოდ ხუთი თვე, ვინაიდან „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინის ფუძე არის კიბოს საწინააღმდეგო წამალი. ამაზე მუშაობდნენ 30 წელი და ამ წამლის ფუნქცია იყო, რომ მოეკლა კიბოს უჯრედები, შემდეგ კი ვირუსზე გადაკეთდა.  ვირუსმა „ჭკუა ისწავლა“ და ვხედავთ, რომ ყოველ სამ თვეში უნდა გავიკეთოთ ვაცქინა, თუმცა აქაც სიახლე გვაქვს, „ფაიზერი“ და „მოდერნა“ მუშაობენ, რომ ექვს-ცხრა თვემდე გახანგრძლივდეს ვაქცინაციის პერიოდი, მაგრამ არსებული ვაქცინებიდან, ჯერჯერობით, ყველაზე ეფექტურია ეს ორი ვაქცინა - „ფაიზერი“ და „მოდერნა“. საქართველოში „მოდერნა“ არ არის, არადა, მთავრობას ვეუბნებოდი, მოელაპარაკებინათ „მოდერნასთან“, ერთი წერილიც კი არ გაიგზავნიათ და ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ, როცა ჩვენი მეზობელი უკრაინა იღებს „მოდერნას“ ვაქცინას.  აქაც ჩანს არაპროფესიონალიზმი, კომუნისტური ხედვა... ბოდიში, მაგრამ შევარდნაძიდან წამოსული კადრები რომ კიდევ ფიქრობენ საბჭოური მენტალიტეტით 21-ე საუკუნეში, ამის დრო გავიდა და ყველა საპენსიო ასაკის ადამიანი უნდა გავიდეს პენსიაზე, უნივერსიტეტებში ასწავლონ, მაგრამ საჯარო მოხელეებად არ იმუშაონ იმიტომ, რომ გავიდა ორი წელი და მავნებლობის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ!

ერთადერთი, რაც სწორად მოხდა პირველი ტალღის დროს, ყველაზე კარგად იმუშავა ჩვენმა პოლიციამ და პატრულმა, მაშინ ამ ბიჭებმა გააჩერეს ვირუსი და როგორც კი გადავიდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ე.წ. კორიფეების ხელში, აღარაფერი სწორად არ კეთდება. ვიმეორებ, დაწერეთ, საჯაროდ, რომ მე, გიორგი ფხაკაძე, თანახმა ვარ, გავხდე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 1 დოლარ ხელფასად! გამყრელიძემ ხომ თქვა, გადავდგები, თუ ჩემზე უკეთესი გამოჩნდებაო და ბოდიში, მაგრამ ბატონ ამირანზე უკეთესი ვარ! ოღონდ, მე უნდა გავაკეთო ის, რაც მინდა; გავუშვა და მივიღო ყველა, ვინც მინდა და არა ის, რომ ვიღაცის საყვარლები დამინიშნონ გვერდზე... ჩამოვალ, ერთ წელში დავალაგებ საქმეს და წავალ. საქართველოში დამრჩენი არ ვარ, რადგან გამლანძღავენ, მაგრამ ამას ერთი წელი ავიტან, საქმეს გავაკეთებ და წავალ... ნებისმიერი თანამდებობა საქართველოში კოშმარია, რადგან არაფერს გაგაკეთებინებენ... გახსოვთ, 82-მა ექსპერტმა რომ ვაქცინაციის გეგმა დაწერა? - მაშინ გავაკრიტიკე, რადგან სადღეგრძელოების ტექსტი იყო. იცით, რომ ამ ტექსტში ფული აიღეს? - რამდენიმე ასეული ათასი ევროა გადახდილი აზიის განვითარების ბანკიდან და ა.შ... სახელები და გვარები ვიცი, ვინც ფული აიღო. ვთქვი, რომ არ ვარგოდა ეს გეგმა, მლანძღეს, მაგრამ გამოჩნდა, ვინ იყო მართალი და ვინ - არა. ახლა კიდევ იწერება ასეთი სადღეგრძელოების გეგმა და ხომ უნდა მიხვდნენ, რომ ისინი ვერ მართავენ პანდემიას?!

ვფიქრობ, ჯანდაცვის მინისტრი არ უნდა გადამდგარიყო პანდემიის დროს, მაგრამ რადგანაც ის გადადგა, ახლანდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ყველა უნდა გაუშვას სახლში, ვინც იყო ჩართული ეპიდემიის მართვაში, რადგან ყველა დამნაშავეა იმაში, რომ ეს პროცესი ჩააგდეს. თუ ჯანდაცვის მინისტრი ამ ადამიანებს დატოვებს, ე.ი. მას არ უნდა ნამდვილი ცვლილებები.